საერთაშორისო

23:08 | 21.08.2018 | ნანახია 3473 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსის” მეფური დასაწყისი
სამხრეთ აფრიკამ არგენტინას მეორე ტაიმში აჯობა

გასულ უიქენდზე 2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშება დაიწყო. გათამაშების სტარტი შარშანდელს წააგავდა: ავსტრალიამ მთლიანობაში “ოლ ბლექსს” ვერაფერი დაუპირისპირა, ხოლო არგენტინა მეორე ტაიმში გატყდა სამხრეთ აფრიკასთან.

ტურნირი სიდნეიში გამართული რკენით გაიხსნა, სადაც “ვოლაბები” ახალზელანდიას დაუხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს, საბოლოოდ მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ.

მაიკლ ჩეიკას გუნდმა საწყის 40 წუთში მოახერხა და “კივების” იერიშებს თითქმის ბოლომდე გაუძლო, თუმცა თითქმის და არა ბოლომდე... მასპინძლები რის ჰოჯის და ბერნარდ ფოლის ჯარიმებით ნოლზე ამარცხებდნენ უძლიერეს მეტოქეს, მაგრამ ბოდენ ბარეტმა, ბენ სმიტმა, ჯეკ გუდჰუმ, ვაისაკი ნაჰოლომ, კირან რიდმა და აარონ სმიტმა ხელდახელ გათამაშებული შესანიშნავი კომბინაციით უბრალოდ გააბრუეს და ბურთი ლელოში აარონ სმიტმა დაამიწა, გარდასახვა ბარეტს გაუცუდდა და ტაიმი ავსტრალიელთა გამარჯვებით 6:5 დასრულდა.

მეორე ნახევარში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. გასახდელიდან სულ სხვა ”ოლ ბლექსი” გამოვიდა, რომელმაც პირდაპირ რომ ვთქვათ, ავსტრალიას შავი დღე აყარა. სტივ ჰანსენის შეგირდებმა ხუთი ერთმანეთზე ლამაზი ლელო დადეს, რასაც ავსტრალიამ ერთი პრესტიჟის ლელოთი უპასუხა და ახალმა ზელანდიამ დიდი ანგარიშით იმარჯვა.

“შავებმა” 43-ე წუთზე ოვალი საკუთარი 22-დან წამოიღეს, რამდენიმე პასით ავსტრალიელთა მთელი დაცვა გაარღვიეს და ჯეკ გუდჰუმ “ოლ ბლექსის” კვართით პირველი ლელო გაიტანა. 52-ე წუთზე მასპინძლებს საკუთარ ნახევარზე, 40-მეტრიან წყვეტილ ხაზთან ბურთი წინ გადაუვარდათ, იქვე ბოდენ ბარეტი გაჩნდა და ბრწყინვალე ლელოც გაიტანა: მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ “წაუფეხბურთა”, სამჯერ ფეხით გაიგდო ბურთი და ლელოში დაამიწა. მომდევნო ლელოც ნამდვილი შედევრი იყო და ტურის საუკეთესო ლელოდაც დასახელდა: 63-ე წუთზე მეორეხაზელმა ბროდი რეტალიკმა ბურთის მშვენიერი დაქნევით ბერნარდ ფოლი ძალიან იოლად გააბითურა და “ვოლაბები” მეოთხედ დაალელოვა, ხოლო 73-ე და 75-ე წუთებზე ვაისაკი ნაჰოლოს ჯერი დადგა: პირველ შემთხვევაში ბოდენ ბარეტმა საკუთარი ნახევრიდან უნაკლოდ გადაკიდა ბურთი, რომელიც ზედ ლელოში დაეცა და ნაჰოლოს დამიწების გარდა აღარაფერი დარჩენოდა, ხოლო მეორე ეპიზოდში 40-მეტრი ირბინა და შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე ტაიმში “ოლ ბლექსის” ხუთ ლელოს მასპინძლებმა ერთით უპასუხეს, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი გამოვიდა, “ვოლაბებმა” ბურთი საკუთარი 22-დან წამოიღეს, მშვენივრად გაათამაშეს და ჯეკ მედოქსმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა. ამრიგად, ახალმა ზელანდიამ პირველივე მატჩში ბონუსით იმარჯვა – 13:38.

დღის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკა დურბანში არგენტინას დაუხვდა და მოწინააღმდეგე მეორე ტაიმში დაჯაბნა. ორივე გუნდმა წინა გათამაშების შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა და მიმდინარე ტურნირს კიდევ უფრო დიდი მოტივაციით შეხვდნენ.

მასპინძლებმა პირველი ლელო მე-8 წუთზე დადეს: ფაფ დე კლერკმა, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ლუქანიო ემის სწრაფად გაუტანა ბურთი და პირველი ლელოც დაიდო. არგენტინელებმა მასპინძლებს სათანადო პასუხი შვიდ წუთში გასცეს, აფრიკელთა დაცვამ გადაწყობა ვერ მოასწრო, რითაც ნიკოლას სანჩესმა ისარგებლა და ძელებს შორის სწრაფად შევარდა. 27-ე წუთზე “ქურციკებმა” რაქში ითამაშეს ცუდად და ბურთი რამირო მოიანოს ჩააბარეს, რომელმაც 22-მდე ირბინა, შემდეგ კი ბურთი პაბლო მატერას გაატანა და მანაც “პუმებს” მეორე ლელო გაუფორმა. ტაიმის ბოლო ლელო 32-ე წუთზე გავიდა: უილიე ლერუმ ფრთაზე უზუსტესად გადაუკიდა აფიუი დიანტის ბურთი და მანაც კიდესთან ახლოს დაამიწა. აფრიკელებმა ორივე გარდასახვა ააცილეს, ხოლო არგენტინელებმა გაიტანეს და შესაბამისად ტაიმი სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 10:14 დასრულდა.

პირველი მატჩის მსგავსად, ფავორიტმა ამ შეხვედრაშიც მეორე ტაიმში იმძლავრა: აფრიკელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რომელთაგან პოლარდმა ორი გარდასახა, ხოლო “პუმებმა” ერთი გარდასახული ლელოს დადება შეძლეს.

42-ე წუთზე ფაფ დე კლერკმა კიდევ ერთხელ გააკეთა სალელოვე გადაცემა, ამჯერად ფეხით გადაკიდა ბურთი, პირდაპირ დიანტის ჩაუგდო ხელში და მანაც დუბლი გაიფორმა. 49-ე წუთზე მასპინძელთა 9 ნომერმა ისევ იყოჩაღა: ლელოდან ორ მეტრში რაქიდან სწრაფად გამოიტანა ბურთი, გრძელი გადაცემით რამდენიმე მოთამაშე გამოტოვა და კიდესთან მეორე ფრთას მაკაზოლე მაპიმბის გაატანინა. ხუთ წუთში აფრიკელებმა კიდევ ერთი მშვენიერი შეტევა ჩაათამაშეს, რომელიც მაპიმბის დუბლის გაფორმებით დასრულდა.

არგენტინელებმა გაიბრძოლეს და 66-ე წუთზე შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს: დამიან უილემსმა მარკო ვან სტადენს ზედმეტად მაღალი გადაცემა გაუკეთა, რომელიც მესამეხაზელმა ვერ მიიღო, რითაც მატიას მორონიმ ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და შემდეგ ძელებს შორის დაამიწა ბურთი.

მატჩის საბოლოო წერტილი იმან დასვა, ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა: დე კლერკმა ლელოდან ორიოდე მეტრში ჩამოყალიბებული რაქიდან აიტაცა ბურთი, გუიდო პეტი და ბაუტისტა ეზკურა გააბითურა და ბურთი ლელოში დაამიწა, რომელიც პოლარდმა გარდასახა და აფრიკამაც ბონუსით იმარჯვა – 34:21.

ავსტრალია – ახალი ზელანდია 13:38 (6:5)

ავსტრალია: 1 ლელო - მედოქსი (68); 2 ჯარიმა - ჰოჯი (11), ფოლი (22); 1 გარდასახვა - ფოლი (69)

ახალი ზელანდია: 6 ლელო - ა.სმიტი (40), გუდჰუ (43), ბ.ბარეტი (52), რეტალიკი (63), ნაჰოლო (73; 75); 4 გარდასახვა - ბ.ბარეტი (44; 53; 64; 76)

სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 34:21 (10:14)

სამხრეთ აფრიკა: 6 ლელო - ემი (8), დიანტი (32; 42), მაპიმბი (49; 54), დე კლერკი (71); 2 გარდასახვა - პოლარდი (45; 72)

არგენტინა: 3 ლელო - სანჩესი (16), მატერა (27), მორონი (66); 3 გარდასახვა - სანჩესი (17; 28; 67)

რაგბი ჩემპიონშიპის წლევანდელი გათამაშების კალენდარი ასეთია:

I ტური

18 აგვისტო

ავსტრალია – ახალი ზელანდია 13:38

სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 34:21

II ტური

25 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია

არგენტინა – სამხრეთ აფრიკა

III ტური

8 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა

ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური

15 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა

ავსტრალია – არგენტინა

V ტური

29 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია

არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური

6 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია

არგენტინა – ავსტრალია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:13 | 23.08.2018
temuchin (431)

სამხრეთ აფრიკის 9 ნომერი უმაგრესი მოთამაშეა, მგონი ეშველა აფრიკას.

09:40 | 22.08.2018
giorealist (26)

ვინც უყურა, ვოლაბებთან გვაქვს რამე შანსი 2019-ში?

12:32 | 22.08.2018
BEERTRANCE (1073)

შორი გზა გველის

11:17 | 22.08.2018
geogoli (367)

სხვა პლანეტაზე არიან ჩვენთან შედარებით. თან ზელანდიასთან მარცხით ვერ შეაფასებ რეალურ ძალას. აი აფრიკის მერე უფრო ვიტყვით

0.207667