თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი რაგბს მიუძღვნა. მართალია, გარემოებათა გამო ოვალთან უშუალო ჭიდილი დიდად არ დასცალდა, თუმცა მესამედი საუკუნის წინ საფუძველი ჩაუყარა რაგბის კლუბ ‘აკადემიას’, რომელსაც დღემდე ქართულ საკლუბო ელიტაში სწორუპოვარი ადგილი უჭირავს და ქართული რაგბის განვითარების საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვის...
გია ღლონტი ოზურგეთში, მხატვარ-გამფორმებელ ავთანდილ ღლონტისა და დიასახლის ციალა მიქელაშვილის ოჯახში დაიბადა. ღლონტების ოჯახი მალე თბილისში გადმოსახლდა და 3 წლის გიას აღზრდა მამიდამ, მარჯანიშვილის თეატრის ლიტერატურის ნაწილის გამგემ ლია ღლონტმა ითავა. ონავარი და დაუდგრომელი ყმაწვილი ,პლეხანოვზე’,ეზოში ძალას უამრავ სპორტის სახეობაში სცდიდა(ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი; ჰოკეი; მაგიდის ჩოგბურთი). ერთი ხანობა მძლეოსნობასაც გაუსინჯა გემო, თარჯრბენის დისციპლინაში ჩინებული შედეგიც აჩვენა, მაგრამ მამიდის დაჟინებულ თხოვნას-სწავლისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას გვერდი ვერ აუარა და თან უმრწმესი ასაკიდან მამის გენმა-ხატვის ნიჭმაც იჩინა თავი.
გია ღლონტმა 14 წლის ასაკში სწავლა თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში განაგრძო და სწორედ ამ პერიოდში, ოჯახის ახლობელმა, ‘ლოკომოტივის’ მორაგბე დათო ჩუბინიშვილმა აზიარა ოვალს. ათლეტური აღნაგობის ღლონტმა რაგბს ალღო კარგად აუღო, თუმცა რაგბის კლუბში გაწევრიანების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის გამო თამაშსზე დროებით ხელი აიღო და სარბიელს მხოლოდ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, 23 წლის ასაკში დაუბრუნდა.1982 წელს, გია ღლონტმა, კარიერა ახალდასრულებულ 2 ცნობილ მორაგბესთნ: პაატა ნარიმანაშვილთან(შემდგომში ‘ბორჯღალოსანთა’ერთ-ერთი დამრიგებელი) და მალხაზ მაღლაფერიძესთან ერთად სამხატვრო აკადემიის ბაზაზე მორაგბეთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომლის გაძღოლა ბიჭებმა ლეგენდარულ გურამ მოდებაძეს სთხოვეს, თანაშემწედ კი იუზა ნაცვლიშვილი აახლეს. აკადემიის 30 სტუდენტი ვაჟიდან- 27 რაგბის თამაშით დაკავდა, რისი თავიდან დაჯერება აკადემიის რექტორატსაც კი უჭირდა. ამპლუით-მეორეხაზელი, მხტომელი გია ღლონტი გუნდის კაპიტნად და ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ‘მხატვრებმა’ დაარსებიდან მომდევნო, 1985 წელს თბილისის ჩემპიონატი მოიგეს, რაც მაშინ საქართველოს ჩემპიონობას უდრიდა(რეგიონებს სულ 2 გუნდი ჰყავდათ, დანარჩენი კი თბილისის სასწავლებლებიდან იყო შემდგარი). გახშირებული ტრავმების გამო ,ღლონტს მოქმედი მორაგბის კარიერის დასრულება 29 წლის ასაკში მოუხდა. კარიერის მიწურულს გია მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციასაც ასრულებდა.
1987 წელს გია ღლონტის, პაატა ნარიმანაშვილისა და მალხაზ მაღლაფერიძის ინიციატივით გუნდი სამხატვრო აკადემიის იურისდიქციიდან გამოვიდა, დაფუძნდა რაგბის კლუბი ‘აკადემია’, რომელმაც ფუნქციონირება დამოუკიდებლად განაგრძო. კლუბის პრეზიდენტად გია ღლონტი იქნა არჩეული, ვინაც აღნიშნულ თანამდებობას დღემდე უწყვეტ რეჟიმში იკავებს.
‘აკადემია’, დაარსების დღიდან მარტოოდენ საკუთარ კადრებს ეყრდნობა. ქრონიკული უსახსრობისა და სასურველი ინფრასტრუქტურის უქონლობის მიუხედავად ‘მხატვრების’ არაერთი თაობის წარმომადგენლებმა მოირგეს ქვეყნის მთავარ გუნდის კვართი. ‘ბორჯღალოსნები’ გახდნენ: მალხაზ ურჯუკაშვილი; ლაშა ლომიძე; გიორგი ბეგაძე; ბადრი ალხაზაშვილი; ანზორ სიჭინავა; სოსო მათიაშვილი; საბა შუბითიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე; გიორგი ელიზბარაშვილი. ირაკლი მაჩხანელმა და მერაბ შარიქაძემ სულაც ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ირგუნეს. აღსანიშნავია რომ ‘ლელოს’ მთავარმა მწვრთნელმა და ეროვნული ნაკრების დამრიგებლის თანაშემწე ლევან მაისაშვილმაც მორაგბის კარიერა ‘აკადემიაში’ დაიწყო.
2 ათეული წლის წინ ჭაბუკთა ლიგაში ‘აკადემიამ’ ლამის 4 სეზონი დაუმარცხებლად იასპარეზა. ჭაბუკთა ლიგებისა და საფესტივალო ასაკის გუნდებთან (კლუბი ამჟამად 500-მდე მორაგბეს აერთიანებს)‘აკადემიის’ აღზრდილები წარმატებით და ნაყოფიერად მუშაობენ(პაატა ნარიმანაშვილი; გიორგი ნებულიშვილი; დიმა ობოლაძე; ალეკო კვარაცხელია; ნიკა ჩიტალაძე; ბესო ჩინჩალაძე; ილია მელაძე; ვასილ ბანდელიძე; გიორგი ჩაჩუა). ხსენებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კლუბის ხელნმძღვანელობა მოზარდ და ჭაბუკ მორაგბეებს მინიმალურ გადასახადს აჯერებს და მათი დაოსტატების საქმეს ზრუნვას არ აკლებს. საკუთარი სარაგბო არენის მოლოდინში მყოფი უმცროსი ‘მხატვრები’ ჯერჯერობით თავს სპორტის აკადემიის გაპარტახებულ სტადიონს აფარებენ. გია ღლონტსა და მის თანამოაზრეებს მეტად ეიმედებათ ნუცუბიძის პლატოზე მშენებარე რაგბის სტადიონის, რომლითაც ‘მხატვრები’ მიმდინარე წლის მიწურულიდან ‘ყოჩებთან’ ზიარად ისარგებლებენ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დიდი 10-ის ბინადარ ‘აკადემიას’ გამოსვლა. ‘მხატვრები’ ისტორიაში 2-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ერთხელ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ‘აკადემიამ’ წარმატებას საერთაშორისო სარბიელზეც მიაღწია. 2004 წელს ‘მხატვრებმა’ უკრაინაში გამართული პრესტიჟული, შავი ზღვის თასის პირველი გათამაშება მოიგეს და თან სატიტულო შეხვედრაში, ‘სლავას’ და ‘ვვა-ს’ მოთამაშეებით გაძლიერებული დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე მოსკოვის ‘ფილი’ 10:3 დაამარცხეს. ‘აკადემიის’ მოქმედ გუნდს სათავეში ლევან ობოლაძე უდგას. მორკინალებთან- გიორგი ღამბაშიძე, ხაზის მოთამაშეებთან კი გიორგი ქოპილაშვილი მუშაობენ.
მართალია გია ღლონტი საკუთარი გუნდის კეთილდღეობას დიდ ძალისხმევას ახმარს, თუმცა პარალელურად ქართული რაგბის განვითარების საერთო საქმეშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მეათე წელია, რაც გია ღლონტი სრკ-ს გამგეობის წევრია და თან საქართველოში რაგბის გავრცელების დირექტორის თანამდებობასაც ნაყოფიერად ითავსებს. მოუცლელობის მიუხედავად, გია ღლონტი არც თავის უშუალო პროფესიას -მხატვრობას არ ივიწყებს. მხატვარ-გრაფიკოსმა სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული 30-მდე წიგნის ილუსტრაცია გააფორმა და 5 წარმომადგენლობითი პლაკატიც შექმნა, რომელთა შორის პირველი ეროვნული ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ესკიზი დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. საქართველოს ერთერთი თასის ესკიზის ავტორიც გია ღლონტი გახლავთ.
გია ღლონტის თაოსნობით, 1993 წლიდან მოყოლებული მხატვარ-მორაგბეთა 3 გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსს გამოფენებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. სტუმრად მიწვეულმა მხატვრებმა კოლეგა-მორაგბეთა ნამუშევრებს დიდი შეფასება მისცეს. მხატვარმა მორაგბეებმა თავიანთ შემოქმედებაში ლამაზი სულიერი სამყარო წარმოაჩინეს, ზოგმა რეალისტური, ნაწილმა კი- აბსტრაქტული. უკლებლივ ყველა ნახატი მაღალ პროფესიულ დონეზე იყო შესრულებული. განსაკუთრებული ყურადღება კი მოსალოდნელისამებრ გამოჩენილი ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ღირსების ორდენის 2-გზის კავალერის გია ჯაფარიძის ნამუშევრებმა მიიპყრო. გია ღლონტი საზოგადოებას მორიგ სიურპრიზს უმზადებს. ღლონტის ძალისხმევით წლეულს, შემოდგომაზე რაგბის კლუბ ‘აკადემიას’ დაარსებიდან 35-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ მხატვარ-მორაგბეთა მეოთხე გამოფენა მოეწყობა.
გია ღლონტისა და ლია ქაროსანიძის (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების გამგე)ოჯახი ქვეყანას 3 შვილს უზრდის. მამის კვალს, შუათანა ვაჟი ნიკა ღლონტი დაადგა. ნიკა სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს და თან რაგბის თამაშს ადრეული ასაკიდან ეწაფება. აკადემიური მოსწრების ამაღლების გამო, მართალია ნიკა ოვალურ ბურთს დიდ ყურადღებას ძველებურად ვეღარ უთმობს, თუმცა ღლონტების თავკაცი დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობების მხატვარ-მორაგბეთა გამოფენებზე საზოგადოება ნიკას ნამუშევრებსაც იხილავს.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია