ბორჯღალოსნები

17:00 | 11.08.2018 | ნანახია 2053 - ჯერ

ზაფხულის თასი | დიდი 10-ის მწვრთნელების შეფასება

თბილისში გამართულ პირველ საკლუბო/საერთაშორისო ტურნირ „რაგბის ზაფხულის თასს“ დიდი 10-ის კლუბების მწვრთნელები და ფუნქციონერები აფასებენ.

ტურნირის მსვლელობისას უკვე შემოგთავაზეთ თბილისის ‘ლელო-სარასენსისა’ (ლევან მაისაშვილი) და ‘აკადემიის’ (ლევან ობოლაძე) მთავარი მწვრთნელების მოსაზრებები, ახლა კი ქუთაისის ‘აიას’, ‘ბათუმის’, თბილისის ‘ლოკომოტივის’, გორის ‘ჯიქისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ წარმომადგენლების მოსაზრებებს გავეცნოთ.

პათოსი ყველას ერთნაირი აქვს - ‘ზაფხულის თასი’ ტრადიციული უნდა გახდეს და დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა საქართველო XV-მა სეზონის განმავლობაში რეგულარულად უნდა ითამაშოს.

ბექა ყურაშვილი (ქუთაისის ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი):

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა. საქართველო XV-ში ამ გუნდიდან 6 მორაგბე მოხვდა. გუნდის მთავარ მწვრთნელ ბექა ყურაშვილს საქართველო XV-თან მჭიდრო კავშირი ჰქონდა - ის შერკინების მწვრთნელი იყო და სიტუაციასაც შიგნიდან ხედავდა:

„დიდი ხანია ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის გვაქვს წყვეტა და 20-წლამდელებში თავგამოჩენილი მოთამაშეებიდან, მხოლოდ ნაწილი ხვდება ეროვნულ გუნდში, დანარჩენები კი დიდი 10-ის ამარა რჩებიან. ამ ფორმაციის ნაკრების შექმნით, მათ ეძლევათ შანსი, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და საქართველო XV-ის გავლით მოხვდნენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში. ეს ზრდის კონკურენციას. ყველას აქვს სურვილი, რომ მოხვდეს საქართველო XV-ში, რაც აამაღლებს მოთამაშეების მომზადების დონეს, ეს კი თავისთავად გაზრდის ჩემპიონატის საერთო დონეს“.

„საქართველო XV-ში არსებულ სიტუაციას შიგნიდან ვხედავდი და აშკარად შეინიშნებოდა დადებითი მუხტი, რის ხარჯზეც მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც მცირე მოსამზადებელი დროით იყო განპირობებული. სხვადასხვა კლუბების მოთამაშეები, ამ ტურნირს განსხვავებულ ფორმაში შეხვდნენ და სწორედ ამ მუხტის ხარჯზე მოხდა სიტუაციის დაბალანსება და გუნდის ერთიან ორგანიზმად შეკვრა. მე ამ ბიჭებით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება“.

„იგეგმება, რომ დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები წელიწადში რამდენჯერმე შეიკრიბოს და სეზონის განმავლობაში 4-5 თამაში გამართოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოთამაშეთა მოტივაციას და კონკურენციას. საერთაშორისო გამოცდილება მორაგბეებს კიდევ უფრო მაღალი დონის სპორტსმენებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ ჩვენს ჩემპიონატზე დადებითად აისახება“.

დავით გუგუშვილი (‘ბათუმის’ მწვრთნელი)

ქართულ კლუბებს შორის ‘ბათუმი’ გამორჩეულია. 2016/2017 წლების სეზონის ფინალისტი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში მესამე დონის ‘ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე’ დამოუკიდებლად ითამაშა. ზღვისპირელებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახეს და ფლეი ოფში ითამაშეს (ჯამში ექვსი თამაში ევროტურნირებში), საიდანაც „ჩელენჯ ქაფის“ საგზურამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

‘ბათუმის’ მწვრთნელი დავით გუგუშვილი ამბობს, რომ საქართველო XV და „ზაფხულის თასის“ მსგავსი ტურნირები, დიდი 10-ის მოთამაშეებს საერთაშორისო მატჩების ნაკლებობის აღმოფხვრაში დაეხმარება:

„სამწუხაროდ, ქართული კლუბები ევროტურნირებში მონაწილეობით განებივრებული არ არიან და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შანსი მხოლოდ იმ მოთამაშეებს ჰქონდათ, რომლებიც ეროვნულ, ან 20-წლამდელთა ნაკრებში ხვდებოდნენ. საქართველო XV-ის შექმნით ახალი, დიდი ასპარეზი იხსნება, რაც მოთამაშეთა მოტივაციას აამაღლებს“.

„ამ ფორმაციის ნაკრები ეროვნულ გუნდსაც წაადგება, რადგან შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან. პარალელურად, ისინი შეეჩვევიან სანაკრებო გარემოს და ეროვნულში დაწინაურების შემთხვევაში სიტუაციას ალღოს ადვილად აუღებენ. პარალელურად, ესაა შანსი იმ მორაგბეებისთვის, რომლებსაც მთავარ ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო აქვთ. არის იმის შანსიც, რომ საქართველო XV-ში კარგი თამაშით რომელიმე მორაგბემ ძლიერი კლუბების წარმომადგენლების ყურადღება მიიქციოს და უფრო მაღალ დონეზე განაგრძოს თამაში, რითაც მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლდება“.

„წელს საქართველო XV-ში ჩვენი გუნდიდან ბუჯიაშვილი და დონაძე მოხვდნენ. ამან მათი მოტივაცია აამაღლა და დანარჩენებსაც დაანახა, რომ მეტი შრომის პირობებში მათაც ექნებათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ეს ზრდის შიდა კონკურენციას, რაც აუცილებლად აისახება დიდი 10-ის დონეზეც. მოთამაშეები დღეიდანვე დაიწყებენ ზრუნვას, რათა სამომავლოდ საქართველო XV-ში მოხვედრის შანსი ჰქონდეთ. ამრიგად, ამ სტილის ნაკრების არსებობა ყველასთვის მნიშვნელოვანია - ეროვნული გუნდისთვისაც, ჩვენი ჩემპიონატისთვისაც, კლუბებისთვისაც და ცალკეული მოთამაშეებისთვისაც“.

დავით ჩავლეიშვილი (‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი)

„რაგბის ზაფხულის თასი“ 6 გუნდს შორის რომ ჩატარებულიყო, მისი ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შედეგად, საქართველო XV-ში ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ ორი მორაგბე მოხვდა, რომელთაგან თამაში ერთს - კაპიტან გიორგი შკინინს მოუწია.

‘ლოკომოტივის’ მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი ტურნირს დადებითად აფასებს, თუმცა წუხს, რომ მისი კლუბიდან საქართველო XV-ში საკმაო რაოდენობით მოთამაშეები ვერ მოხვდნენ:

„ეს იყო ძალიან კარგი ტურნირი და მსგავსი თამაშები რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩატარდეს. ქართული რაგბის განვითარებისთვის, დასახული მიზნების მისაღწევად, ეს ჟანგბადივით აუცილებელია. სამწუხაროდ, „რაგბის ზაფხულის თასი“ ჩვენი კლუბისთვის ვერ აღმოჩნდა სასარგებლო, რადგან საქართველო XV-ში ‘ლოკომოტივის’ მოთამაშეები არ იყვნენ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რამდენიმე ჩვენი მოთამაშის გამოძახება, ამ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებდა“.

კახა ალანია (‘ჯიქის’ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი)

ექს-ჩემპიონი გორის ‘ჯიქი’ დიდი 10-ის გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა საქართველო XV-ში ამ გუნდიდან თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად ყველაზე მეტი მოთამაშე მოხვდა - 9. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი კახა ალანია ფიქრობს, რომ საქართველო XV-ის მწვრთნელებმა არჩევანი სათამაშო სტილიდან გამომდინარე გააკეთეს:

„ქართულმა რაგბმა განვითარების იმ დონეს მიაღწია, რომ აუცილებელია მეორე ნაკრების ყოლა, რომელიც რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და წლის განმავლობაში 7-8 თამაშს გამართავს. შედეგად, ის ბიჭები, რომლებიც ახლოს არიან ეროვნულ ნაკრებთან, მიიღებენ საერთაშორისო მატჩების გამოცდილებას. ამ მხრივ „ზაფხულის თასი“ იყო ძალიან კარგი ტურნირი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ტრადიციული“.

„საქართველო XV-ის არსებობა აუცილებლად გამოიწვევს დიდი 10-ის დონის ამაღლებას, რადგან იმ ბიჭებს, რომლებიც თავ-თავიანთი კლუბების ლიდერები არიან ეცოდინებათ, რომ აუცილებლად მიეცემათ თავის უფრო მაღალ დონეზე გამოჩენის შესაძლებლობა. მოთამაშეები განსაკუთრებულად მოემზადებიან და მთელი სეზონის განმავლობაში იქნებიან ფორმაში. მომეწონა ის ფაქტი, რომ გუნდის მწვრთნელად ახალგაზრდა ბესიკ ხამაშურიძე დაინიშნა, რომელიც თავადაც კარგ რაგბს თამაშობდა და გუნდიც ლაღად ათამაშა“.

„გული მწყდება, რომ ‘ლოკომოტივს’ არ აქვს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის საშუალება. რომ არა ფინანსური პრობლემები, ვფიქრობ, ორი ქართული კლუბი რეგულარულად უნდა თამაშობდეს ევროტურნირებში. „ზაფხულის თასი“ და საქართველო XV, გარკვეულწილად ამ დანაკლისის დაფარვაში დაგვეხმარება“.

„ეს ტურნირი იყო ძალიად დიდი გამოცდა დიდი 10-ის ბიჭებისთვის. კარგია, რომ გუნდი დაკომპლექტდა ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ნაზავით. როგორც ჩანს, მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ‘ჯიქისა’ და ‘ლელოს’ მოთამაშეები ახლოს იყვნენ იმ სათამაშო სტილთან, რის ჩვენებასაც თავად აპირებდა და არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთა. მოსამზადებლად მეტი დრო რომ ყოფილიყო, ვფიქრობ საქართველო XV-ში სხვა კლუბების მორაგბეებიც მრავლად იქნებოდნენ“.

ლადო კილასონია (‘არმაზის’ მწვრთნელი)

მარნეულის ‘არმაზი’ გასულ სეზონში მოწინავეთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა ამ კლუბის სამ მოთამაშეს საქართველო XV-ში უხმეს. გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია, რომელიც ამავდროულად უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელიცაა, „ზაფხულის თასს“ დადებითად აფასებს:

„საქართველოს შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, ისეთი მაღალი კლასის გუნდს, როგორც არგენტინა XV-ია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, რაც დიდი 10-ის წინსვლაზე მეტყველებს. ბევრი მწვრთნელის აზრით, ამ გუნდში სხვა მოთამაშეებიც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა საქართველო XV-ის მწვრთნელებმა არჩევანი გააკეთეს და რამდენიმე კარგი მოთამაშის გუნდში ვერმოხვედრით გამოჩნდა, რომ ჩვენს ჩემპიონატში ხარისხიანი მორაგბეების რაოდენობა მატულობს“.

„ამ ტურნირის დანერგვით, იმ მოთამაშეებს, რომელთა ასაკიც სცდება 20 წელს და ამ ეტაპზე ვერც ეროვნულ გუნდში ხვდებიან, საერთაშორისო მატჩების გამოცდილების საშუალება ეძლევათ, სადაც ტემპი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დიდ 10-ში. ამავდროულად, 20-წლამდელი მოთამაშეები კიდევ ერთხელ შეიგრძნობენ საერთაშორისო შეხვედრების ტემპს და არგენტინაში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატს კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდებიან“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:27 | 13.08.2018
BEERTRANCE (1073)

მაინც ზღვაში წვეთია, სანამ ევროტურნირებზე ვერ გავალთ

16:12 | 12.08.2018
პანტელეიმონი (1218)

მივმართავ "ლოკომოტივი"-ს რაგბის გუნდს ხელმძღვანელობას, თუ ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარეთ ან არა სრულად აგვარებთ, რატომ არ აქვეყნებთ კლუბის საბანკო რეკვიზიტებს? ისე როგორც თქვენთვის, დაგვერწმუნეთ ჩვენთვისაც გულშემატკივრისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ეროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის მონაწილეობა (თუ ამის შესაძლებლობა არის ფინალისტის "აია"-ს მონაწილეობაც) მოგვეცით ჩვენც საშუალება მონაწილეობა მივიღოთ კლუბის ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ! ! !

04:06 | 15.08.2018
jora84 (183)

ლოკომ დაადასტურა მზადყოფნა ტურნირზე საასპარეაოდ.

12:57 | 17.08.2018
krasni (587)

ლოკოსაც ასე გავეხარებინეთ.

11:42 | 17.08.2018
temuchin (431)

გაიხარე როგორც გამახარე!

05:30 | 16.08.2018
პანტელეიმონი (1218)

შენ გაიხარე

0.09578