არგენტინის ნაკრებში 2015 წლის მსოფლიო თასის შემდგომ, ლეგიონერი პირველად ითამაშებს. “პუმების” მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ 28-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლებიც დურბანში გაემგზავრებიან, სადაც 18 აგვისტოს არგენტინა 2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პირველ ტურში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ არგენტინული ფრანჩიზი “ხაგუარესი” შეიქმნა, რომელიც სამი სეზონია სუპერ რაგბიში ასპარეზობს და წელს სწორედ ლედესმას ხელმძღვანელობით მეოთხედფინალშიც გავიდა. პროფესიონალური კლუბის შექმნის შემდგომ, არგენტინის რაგბის კავშირმა ახალზელანდიურ მოდელზე გადასვლა გადაწყვიტა და ნაკრების კარი ლეგიონერთათვის დახურა.
მიუხედავად ამ ფაქტორისა, არგენტინის რაგბის კავშირმა მოთამაშეების ევროპაში გადინების პროცესის შეჩერება ვერ შეძლო და სამშობლო არაერთმა მორაგბემ დატოვა, რომლებიც არსებული წესიდან გამომდინარე ნაკრებში ვეღარ ხვდებოდნენ. შესაბამისად, “პუმებმა” ამ სამ წელიწადში ისეთი მოთამაშეები მოისაკლისეს, როგორებიც არიან: ხუან ფიგალიო, რამირო ერერა, ლუკას ნოგუერა, ფაკუნდო ისა, სანტიაგო კორდერო, ხუან იმოფი, სანტიანო სოსინო, ხუან პაბლო სოსინო, პატრისიო ერნანდესი, ფაკუნდო ბოში და სხვები არიან.
არგენტინის რაგბის კავშირი ნელ-ნელა მიხვდა საკუთარ შეცდომას (ან კიდევ უშუალოდ შედეგებმა მიახვედრა: 6 მოგება, 22 მარცხი). შესაბამისად, მათ ახალ მწვრთნელს ლეგიონერების გამოძახების უფლება მისცეს და სამწლიანი პაუზის შემდგომ, “პუმებში” ლეგიონერი პირველად ითამაშებს. ეს გახლავთ ინგლისური “სარასენსის” ბურჯი ხუან ფიგალიო. ჯერჯერობით, მეტი ლეგიონერი გამოძახებული არაა, თუმცა მთავარია, რომ ყინული დაიძრა. სავარაუდოდ, ლედესმას მინიმუმ სამი ლეგიონერის გამოძახების უფლება ექნება.
შემადგენლობის დასახელების შემდგომ, დაშავდა კვაჭი ხულიან მონტოია, რომელიც კაპიტანის აგუსტინ კრევის პირველი შემცვლელია. “პუმებს” კიდევ ერთი ჯანმრთელი ჰუკერი დიეგო ფორტუნი დარჩათ, რომელსაც სუპერ რაგბში ივნისში ჰქონდა დებიუტი და ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. ამჟამად, არგენტინას ევროპაში სამი მაღალი დონის კვაჭი ჰყავს – ტომას ბარავალე (“ბენეტონი”, იტალია), ფაკუნდო ბოში (“აჟენი”, საფრანგეთი) და სანტიაგო სოსინო (“ნიუკასლ ფალკონსი” ინგლისი), თუმცა ლედესმას ჯერჯერობით არცერთისთვის არ დაუძახია.
საინტერესოა, რომ "პუმების" შემადგენლობაში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც სულ ერთი კვირის წინ თბილისში იმყოფებოდნენ და "ზაფხულის თასზე" არგენტინა XV-ის ღირსებას იცავდნენ. საუბარია, ნახსენებ კვაჭ დიეგო ფორტუნიზე, მესამეხაზელ როდრიგო ბრუნიზე, 9 ნომერ ტომას კუბელიზე და შუამარბ ხუან კლუზ მალიაზე.
არგენტინელებს როგორც აღვნიშნეთ მონტოია გამოაკლდა და მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს, დარჩენილი 27-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:
შერკინება
აგუსტინ კრევი (კაპიტანი), სანტიაგო გარსია ბოტა, სანტიაგო მედრანო, ნაუელ ტატაზ ჩაპარო, ხუან პაბლო ზეისი, ხუან ფიგალიო, დიეგო ფორტუნი, მატიას ალემანო, ტომას ლავანინი, ტომას ლეზანა, გუიდო პეტი, როდრიგო ბრუნი, მარკოს კრემერი, პაბლო მატერა, ხავიერ ორტეგა დესიო;
უკანა ხაზი
გონსალო ბერტრანუ, ტომას კუბელი, მარტინ ლანდახო, ნიკოლას სანჩესი, ბაუსტისტა ეზკურა, სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, მატიას მორონი, მატიას ორლანდო, სებასტიან კანსელიერე, ბაუტისტა დელგუი, რამირო მოიანო, ემილიანო ბოფელი, ხუან კრუზ მალია.
რაგბი ჩემპიონშიპის წლევანდელი გათამაშების კალენდარი ასეთია:
I ტური
18 აგვისტო
ავსტრალია – ახალი ზელანდია
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა
II ტური
25 აგვისტო
ახალი ზელანდია – ავსტრალია
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა
III ტური
8 სექტემბერი
ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა
IV ტური
15 სექტემბერი
ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა
V ტური
29 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია
VI ტური
6 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა – ავსტრალია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია