დიდი 10-ის დაწყებამდე სამი კვირაღა რჩება და გათამაშებაში მონაწილე კლუბებმა 2018/2019 წლების სეზონისთვის განაცხადი წარადგინეს. ყველა გუნდის შემადგენლობაში ბუნებრივია, რომ ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, “ბათუმის” აქტიურობა და გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
ლოკომოტივი
საქართველოს 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონმა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა. შალვა მამუკაშვილი, გიორგი შკინინი, გიორგი ბეგაძე, გიორგი აფციაური და ბექა წიკლაური კვლავ თბილისური კლუბისთვის გაირჯებიან. გუნდიდან წავიდა 20-წლამდელთა ნაკრების ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც კარიერას ფრანგულ “რასინგ 92”-ში განაგრძობს. ასევე ტოპ 14-ს მიაშურა და “ბორდოში” ჩაირიცხა კიდევ ერთი ბურჯი საბა ყაულაშვილი. ახალწვეულთაგან გამოსარჩევია ზურაბ ძნელაძის დამატება, რომელმაც გასულ სეზონში ქუთაისის “აიას” შემადგენლობაში 17 ლელოს გატანა მოახერხა.
აია
დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალისტის მთავარ დანაკლისზე უკვე ვთქვით, ზურაბ ძნელაძე “ლოკომოტივში” განაგრძობს კარიერას. ასევე “ბათუმს” შეუერთდა გუგა ხანთაძე. პრო დ2-ში ითამაშებს ვანო კარკაძე, რომელმაც “ორიაკის” ესპუარებთან გააფორმა კონტრაქტი. რაც შეეხება შევსებას, აქ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნია, თედო აბჟანდაძის დაბრუნება, რომელიც ირლანდიური “ლენსტერის” აკადემიადან მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და მომავალ სეზონს “აიაში” ჩაატარებს. ქუთაისელებმა კიდევ რამდენიმე მოთამაშე საკუთარი სკოლიდან დაიმატეს.
ჯიქი
გორელებზე საუბრისას პირველ რიგში აღსანიშნია სამწვრთნელო ცვლილება: პალიკო ჯიმშელაძის ნაცვლად “ჯიქს” ფრანგი ოლივიე საოში გაწვრთნის, რომელსაც ვეტერანი “ბორჯღალოსანი” ლევან დათუნაშვილი დაეხმარება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულ კლუბს უცხოელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. “ჯიქი” დატოვა მამუკა ნინიძემ და გიორგი ჭყოიძემ, ფრანგულ “ბიარიცში” წავიდნენ თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე, ხოლო შევსება ძირითადად საკუთარი სკოლიდან მიიღეს.
ბათუმი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად სწორედ “ბათუმი” გაძლიერდა, რომელმაც ბახვა კობახიძე დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ ოთხი “ბორჯღალოსანი” სანდრო თოდუა, ვაჟა ხუციშვილი, საბა შუბითიძე და ანზორ სიჭინავა დაიმატა. გარდა ამისა, ზღვისპირელებს შეუერთდნენ მამუკა ნინიძე და გუგა ხანთაძე. აჭარელთა რიგებში აღარ გაირჯება სამხრეთ აფრიკელი გარემარბი ბერნარდო ბოთა, რომელმაც იმედები აშკარად ვერ გაამართლა. აშკარაა, რომ “ბათუმი” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.
ლელო სარასენსი
“ლელო სარასენსს” გამორჩეული სარაგბო სკოლა აქვს საქართველოში, რაც იმითაც დასტურდება, რომ ასაკობრივ ნაკრებებში ყოველთვის ბევრი მოთამაშე ჰყავს და იმითაც, რომ თბილისური კლუბის მოთამაშეები ფრანგულ კლუბებს ხშირად მიჰყავთ. ამჯერად “ლელოდან” საფრანგეთში წავიდნენ ლუკა ჭელიძე (“ტულონი”), ბექა საღინაძე (“ორიაკი”). “ბათუმში” გადავიდა სანდრო თოდუა, თუმცა თბილისელებს მატებაც სერიოზული აქვთ: გიორგი ჭყოიძე, რეზო ჯინჯიხაძე და სოსო მათიაშვილი. გამოცდილი მოთამაშეებიდან დარჩნენ მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი. აქვე არიან 20-წლამდელთა ნაკრების წევრები: დემე თაფლაძე, ბექა მამუკაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი მარგალიტაძე და ლევან პაპიძე.
ხარები
რუსთაველებმა, კაპიტანის ვაჟა ხუციშვილის წასვლით სერიოზული დანაკლისი განიცადეს. საქართველოს ნაკრების 9 ნომერი გუნდის უდავო ლიდერი იყო და მის გარეშე საკმაოდ გაუჭირდებათ. მათ რომელიმე ცნობილი მოთამაშე არ დაუმატებიათ და შევსება ძირითადად საკუთარი აღზრდილების ხარჯზე მიიღეს. “ხარების” მთავარი იმედი ნაკრების წევრი გიორგი კოშაძე უნდა იყოს.
არმაზი
მარნეულის სახელით მოთამაშე კლუბზე საუბრისას პირველ რიგში სამწვრთნელო შტაბი უნდა ვახსენოთ. გუნდის მთავარი მწვრთნელია ვეტერანი “ბორჯღალოსანი” ირაკლი მაჩხანელი, რომელსაც 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები ილია მაისურაძე და ლადო კილასონია ეხმარებიან. მათ რიცხვს პალიკო ჯიმშელაძეც დაემატა, რომელმაც გორის “ჯიქი” დატოვა.
“არმაზის” რიგებში კვლავ ირიცხებიან “ბორჯღალოსნები” ბადრი ლიპარტელიანი, გიორგი კვესელაძე და რეზი ჯინჭველაშვილი. მარნეულელთათვის გაირჯება 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი და აქვე არიან გასული 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მყოფი ბიჭები: ლუკა დვალიშვილი, სანდრო სვანიძე, კოტე მარჯანიშვილი. “არმაზს” მატების მხრივაც სერიოზული პლუსი აქვს: იაპონური “სანვულვზიდან” ჩაირიცხა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. ტველაფრიდან გამომდინარე, მარნეულელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.
აკადემია
“აკადემიამ” მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. თბილისური კლუბი დატოვეს სოსო მათიაშვილმა, ანზორ სიჭინავამ და საბა შუბითიძემ, რაც ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. “აკადემიას” რომელიმე ცნობილი მოთამაშე არ დაუმატებია და შევსება საკუთარი აღზრდილების ხარჯზე მიიღო.
არმია
“არმიამ” ავადსახსენებელი ფინანსური პრობლემები მეტნაკლებად მოაგვარა და მომავალ სეზონს იმედიანად უყურებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ლევან ცაბაძეა, რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. თბილისური კლუბის მთავარი შენაძენი ფულბექი ბახვა კობახიძეა, რომელიც “არმიას” “ბათუმიდან” დაუბრუნდა.
ვეფხვები
დიდი 10-ის ისტორიაში კახური კლუბი პირველად ითამაშებს და ეს იქნება არა რომელიმე ქალაქის, არამედ სოფელ პატარძეულის წარმომადგენელი – “ვეფხვები”. ელიტის დებიუტანტს ცხრა ახალწვეული ჰყავს. განაცხადში მყოფთაგან კი ყველაზე ცნობილი მოთამაშე უკანახაზელი მურაზ გიორგაძეა, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართით 10-ჯერ უთამაშია და 3 ლელო აქვს გატანილი. გიორგაძემ ორი მატჩი 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩაატარა: არგენტინასთან 27 წუთი ითამაშა, ხოლო ახალზელანდიასთან ბოლო 9 წუთი.
დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონის მონაწილე ყველა კლუბის განაცხადი (დააჭირეთ არსებულ ცხრილში კლუბის სახელს)
დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მესმის არმაზში რა საჭიროა ამდენი მწვრთნელი, მაისურაძე, კილასონია, ეხლა პალიკო. ან პალიკოს საერთოდ რა მოტივაცია ჰონდა მანდ წასვლით? ჯიქის მთავარი მწვრთნელი იყო და ეხლა დამხმარეა. ეტყობა მაჩხანელისგან უნდათ, რომ მწვრთნელი "გამოთალონ" და კარგ დამხმარეებს უნიშნავენ : ))
ამბიციურ გუნდს მთვარი მწვრთნელის გარდა ასისტენტების ჩათვლით სჭირდება:
შერკინების მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი, დაცვის და შეტევის მწვრთნელები, ზოგჯერ არის ღერძისა და ბექებისთვის ე.წ. "სქილების" მწვრტნელები, + ანალიტიკოსი
ჩემო ძმაო ეგ ყველაფერი მეც ძალიან კარგად ვიცი, რაგბს 2 დღე არაა რაც ვუყურებ. უბრალოდ პალიკოს მოტივაცია მიკვირს. თუნდაც პალიკო ან მაისურაძე რატომ უნდა იყვნენ მაჩხანელის თანაშემწეები, რომლებსაც 10 თავით მაღალი სამწვრთნელო გამოცდილება აქვთ.
რა მოტივაცია ჰონდა მანდ წასვლით? ჯიქის მთავარი მწვრთნელი იყო და ეხლა დამხმარეა. ეტყობა მაჩხანელისგან უნდათ, რომ მწვრთნელი "გამოთალონ" და კარგ დამხმარეებს უნიშნავენ : ))
აიძულეს და ისე წავიდა?
იქნებ ძმაკაცები არიან და ძMაკაცურ პონტში წავიდა? იქნებ ამ ძმაკაცურ პონტს + ამბიციური გეგმები ემატება, სადაც მაჩხანელი "დირიჟორია"
რადგან წავიდა ალბათ ასეც უღირდა - შარშან ხამაშურიძეც აღარ იყო აიას მწვრთნელი, სპორტული დირექტორი გახდა
ამ კითხვის აქ დასმას მათ დაუსვა სჯობია
მინახავს პირველი ხაზის და მათშორის ჰუკერის მწვრთნელიც, 3/4 ელების მწვრთნელიც
ასე, რომ მეტი მწვრთნელი ჰიპოთეტურად უკეთესი შედეგის წინაპირობაა (თუმცა მწვრთნელსაც და გასაწვრთნელსაც გააჩნია - ეს პრაქტიკაში)
ლოკომოტივმა რა ქნა იშოვა ფინანსები ევროპისთვის ? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?
ეძებს
კიდევ უფრო განვითარებას და გაძლიერებას ვუსურვებ "დიდი 10"-ს გუნდებს ! ! !
ამასთან ველოდებით ინფორმაციას "ლოკოტივი"-ს შესახებ, რა ხდება? გაადაიჭრა ფინანსური პრობლემები? თუ არა, მაშინ რატომ არ აქვეყნებთ კლუბის საბანკო რეკვიზიტებს?
რაც შეიძლება მალე გაგვეცით პასუხი ამ კითხვებზე ! ! !
გელოდებით ! ! !
კარკაძე აიადან ორიაკში წავიდა და არა ბრივში
მექანიკურად შემეშალა, ჩავასწორე, მადლობა
ოო, დიდი ჯახი იქნება!
დაძაბული და ძალიან კარგი ხარისხის თამაშები იქნება დარწმუნებული ვარ , მაგრამ დამატებითი მოტივაცია უნდა ქონდეთ ამ ხალხს..ევროტურნირები..
+ საქართველო 15
ესეც პრეზენტაცია!
იმედია დაძაბული და ხარისხობრივი სეზონი გვექნბა, თავისი საევროთასო ბატალიებით