ლეგიონერები

13:20 | 11.08.2018 | ნანახია 7367 - ჯერ

კიდევ ერთი ქართველი "გრენობლში" - ინტერვიუ ნიკა ღვალაძესთან
19 წლის უნივერსალი ბურჯი ტოპ 14-ში ითამაშებს

ქართული სარაგბო თემისთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს. ტოპ 14-ში აღზევებული "გრენობლის" ღირსებას დაიცავს 19 წლის ბურჯი ნიკა ღვალაძე, რომელმაც ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ცოტახნის წინ გააფორმა და ეს ყველაფერი ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი.

ახალგაზრდა პირველხაზელი "გრენობლში" მეოთხე ქართველი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ამ კლუბში ირიცხებიან ბექა გიგაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და ვაჟა კაპანაძე.

ღვალაძე, რომელიც უნივერსალი ბურჯია, გორის "ჯიქის" აკადემიის აღზრდილია და ყველა ასაკობრივ ლიგაში აქვს ნათამაშები, ხოლო როდესაც უმაღლესმა ასაკმა უწია, ერთი სეზონით "იუნკერებში" გადავიდა იჯარით. ნიკა კმაყოფილია ახალი კლუბით და მომავალ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებში მოხვედრას უმიზნებს.

Worldrugby.Ge "გრენობლის" ახალწვეულს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- "გრენობლში" გადასვლის შესახებ რომ გვესაუბრო. როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორია კონტრაქტის დეტალები?

- "გრენობლში" გადასვლას დიდი პროცესი უძღოდა წინ. სანამ გუნდში ამიყვანდნენ ორჯერ მომიწია საფრანგეთში ჩასვლა, რათა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები მწვრთნელებისთვის. მეორე ტესტის შემდეგ ხელმძღვანელობა ჩემით დაინტერესდა და რამდენიმე კვირაში კონტრაქტი გამომიგზავნეს. ამ პროცესში ტესტების გარდა, შედიოდა გუნდური მზადება ჩემს დროებით გუნდთან "იუნკერებთან" და ასევე ინდივიდუალურად ვემზადებოდი გია ამირხანაშვილთან. ამჯამად ესპუარის ერთწლიანი კონტრაქტით ვარ.

- ნიკა, რას იტყვი რამდენად კმაყოფილი ხარ ახალი გუნდით? მზადების პროცესები როგორია? რა განსხვავებაა საქართველოს და საფრანგეთს შორის ამ მხრივ?

- ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგად შევეწყვე გუნდს, ძალიან კარგი ბიჭები არიან და ყველაფერში მხარდაჭერას ვგრძნობ, როგორც მოედანზე, ასავე მოედნის გარეთ. მზადების პროცესები ბევრად განსხვავებულია. აქცენტი გადატანილი აქვთ ტექნიკაზე და სისწრაფეზე, ხოლო საქართველოში ფიზიკურ მონაცემებზე არის დატვირთვა და ძალისმიერ თამაშზე.

- აუცილებლად აღსანიშნი ფაქტორია, რომ "გრენობლში" 3 ქართველი დაგხვდა და სამივე ბურჯი. რამდენად გეხმარება ეს ყველაფერი?

- დიახ, ნამდვილად. წინა ჩამოსვლებზე მხოლოდ ერთი ქართველი ბექა გიგაშვილი თამაშობდა და ძალიან გამიხარდა, რადგან ბევრ რამეში დამეხმარა და როგორც ქართველებს შეგვეფერება ისე დამხვდა. როდესაც გავიგე, რომ სამი ქართველი ითამაშებდა წელს ძალიან გამიხარდა, რომ ჩამოვედი გავიცანი ბიჭები, ყველაფერსჰი მეხმარებიან და ყურადღებას მაქცევენ.

- ესპუარებში ვარჯიშობ ჯერ მხოლოდ, თუ ძირითად გუნდთანაც გიწევს ვარჯიში?

- არა, ჯერჯერობით მხოლოდ ესპუარებში. კარგად არ ვარ შეთამაშებული გუნდთან და ენის ბარიერიც მაქვს.

- ფრანგულ ენის სწავლაზე თავად კლუბი ზრუნავს?

- რა თქმა უნდა. გაკვეთილები მიტარდება ბაზაზე და რაღაცა დროის განმავლობაში უნივერსიტეტში მომიწევს სიარული.

- საცხოვრებელი კლუბმა ცალკე გამოგიყო თუ ბაზაზევე ცხოვრობ?

- ბაზეზე ვცხოვრობ სხვა მოთამაშეებთან.

- 19 წლის ხარ, ანუ ასაკით 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე თამაში შეგეძლება. არის თუ არა შენი უმთავრესი მიზანი სწორედ მომავალ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მოხვედრა?

- რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ყველა ახალგაზრდა მორაგბის მიზანია, თავისი ქვეყნის სახელით ითამაშოს ასაკობრივ ნაკრებში და თავისი ქვეყანა წარადგინოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

- ახალი ამბავი არაა და ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საქართველოს ყველა ასაკობრივ დონეზე და ძირითად ნაკრებში უდიდესი კონკურენცია სწორედ ბურჯებზე მოდის. როგორ აპირებ 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრას, რა არის ამისთვის შენი მხრიდან საჭირო?

- არ ვიცი რა არის საჭირო ამ ნაკრებში თამაშისთვის, მაგრამ კონკურენციის არ მეშინია და მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ 20-წლამდელებში მოსახვედრად.

- "გრენობლზე" გკითხავ. შენი აზრით რამდენად ძლიერია ტოპ 14-ის დონეზე და რა უნდა იყოს მიმდინარე სეზონში ამ კლუბის მიზანი?

- ჩემი აზრით, გუნდი რომელიც ტოპ 14-შია უკვე მეტყველებს, რომ ძალიან კარგი გუნდია, რადგან ტოპ 14 მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა და ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ამ გუნდისთვის მინიმუმი ტოპ 14-ში დარჩენაა, ხოლო მაქსიმუმი შუა ეშელონში გასვლა.

- ფრანგული გუნდები ჩელენჯ ქაფზე ჯგუფურ ეტაპზე ხშირად ძირითად მოთამაშეებს ასვენებენ. გაქვს იმის იმედი, რომ წელსვე გექნება ძირითად გუნდში დებიუტი ამ ტურნირზე?

- ეს ტურნირი ახალგაზდებისთვის შანსია და ვიცი, რომ ასვენებენ ძირითად მოთამაშეებს და დანარჩენი ჩემს მონდომებაზე და გუნდში თავის დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.

- ნიკა, რამის თქმა და დამატება თუ გსურს, ან მიმართვა ვინმესთან, ან ზოგადად გულშემატკივართან, შეგიძლია რაც გინდა თქვა.

- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გია ამირხანაშვილს, რომელიც მთელი თავის მონდომებით გვერდში მედგა, მავარჯიშებდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც და ის რომ მე "გრენობლში" ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:55 | 11.08.2018
პანტელეიმონი (1218)

ველოდებით ინფორმაციას "ლოკოტივი"-ს შესახებ, რა ხდება? გაადაიჭრა ფინანსური პრობლემები? თუ არა, მაშინ რატომ არ აქვეყნებთ კლუბის საბანკო რეკვიზიტებს?

17:05 | 11.08.2018
ika (35)

თუ ჩვენ გვერდს გულისხმობთ, გეტყვით, რომ რაიმე ახალს გავიგებთ თუ არა, დავდებთ

16:05 | 12.08.2018
პანტელეიმონი (1218)

რა თქმა უნდა "ლოკომოტივი"-ს რაგბის გუნდს ვგულისხმობ. თუ ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარეთ ან არა სრულად აგვარებთ, რატომ არ აქვეყნებთ კლუბის საბანკო რეკვიზიტებს? ისე როგორც თქვენთვის, ჩვენთვისაც გულშემატკივრისთვისაც, უაღრესად მნიშვნელოვანია ეროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის მონაწილეობა. მოგვეცით ჩვენც საშუალება მონაწილეობა მივიღოთ კლუბის ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ! ! !

16:55 | 11.08.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებულ სპორტულ კარიერას გისურვებ ნიკა ! ! !

16:01 | 11.08.2018
თორღვა პანკელი (387)

მოკლედ ვუყურებ რა ჩვენი ახალგაზრდების და მომავალი მორაგბეების პროგრესს, რაგბისთვის დაფინანსების არ გაზრდა დანაშაულია! საერთოდ რაზე ფიქრობენ ან რაგბის კავშირი, ან სპორტის სამინისტრო, ან ბიზნესმენები, ან რატო ეთაკილებათ ან ეშინიათ რაგბში ფულის ჩადების? რამეს წააგებენ? შედეგი არ იქნება? თუ ამ ხალხისთვის ფული არ ინდობა? რატომ არიან ასეთი უგულოები და უჯიგროები ეს ხალხი, რომლებსაც ამხელა შესაძლებლობები გააჩნით ფინანსური? მხოლოდ საკუთარი სტომაქების ამოყორვაზე იფიქრეთ და "მატრასებში" დამალეთ ფულები, იქეთ რასაც წაიღებთ მაგრად მოუჭირეთ ხელი, ნიკას წარმატებებს და დიდ რაგბს ვუსურვებ.

0.080244