ამბები

18:52 | 31.07.2018 | ნანახია 2660 - ჯერ

ზაფხულის თასი | საქართველო XV

ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელი და ‘ლელო-სარასენსის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ასევე საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებისა და რაგბის კლუბ ‘აკადემიას’ მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე, „რაგბის ზაფხულის თასსა“ და საქართველო XV-ის მიერ ჩატარებულ პირველ შეხვედრას დადებითად აფასებენ.

ორივე თვლის, რომ გუნდის დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტება სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონეს აამაღლებს.

„იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდათ, ასეთი ტიპის ტურნირები უმნიშვნელოვანესია. ეს გააფართოებს იმ მოთამაშეთა სიას, რომელთაც საერთაშორისო დონის გამოცდილება ექნებათ. სამწუხაროდ, ჩვენი ლეგიონერების ერთ ნაწილს, კლუბში სისტემატურად არ უწევს თამაში, რაც ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა. დიდი კლუბის ესპუარებში თამაში ტრამპლინისთვის ძალიან კარგია, რათა მერე მოთამაშე პირველ გუნდში დაწინაურდეს, თორემ ეს დონე სანაკრებო მოთხოვნებისთვის არასაკმარისია“.

„არგენტინის ამ ფორმაციის, საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან თამაშმა კი დაგვანახა, რომ დიდი 10-ის მორაგბეები ასეთ მოთამაშეებს არაფრით ჩამოუვარდებიან - არც თავდადება აკლიათ და არც ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება. ქართული რაგბის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებლად გვჭირდება უფრო მაღალი დონის შიდა ჩემპიონატი, ასევე საერთაშორისო დონეზე მეტი თამაში და ეს ტურნირი ამ მხრივ ძალიან ბევრის მომტანი იქნება“ - ამბობს მაისაშვილი.

მას ეთანხმება ობოლაძეც, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი თამაშები დიდი 10-ის მოთამაშეების მოტივაციას გაზრდის:

„საქართველო XV ეროვნულ ნაკრებამდე მისასვლელი გზაა და მოხარული ვარ, რომ ის დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდა. ძნელია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას მხოლოდ ვარჯიშებით მოაწონო თავი და ამ ფრომაციის გუნდის შემადგენლობაში თამაში, მწვრთნელებს მათ რეალურ ძალას დაანახებს რეალური წნეხის ქვეშ. განსაკუთრებით კარგია, რომ ვეთამაშებით ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც არგენტინა XV და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები არიან, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პროგრესირებს და აშშ-ს ნაკრებიც კი დაამარცხა“.

„სამწუხაროდ, საკლუბო დონეზე საერთაშორისო თამაშებით განებივრებული არ ვართ და ეს ნაკრები გაზრდის დიდი 10-ის მოთამაშეთა მოტივაციას. გარდა იმ ბიჭებისა, რომლებიც უკვე ვარჯიშობენ ეროვნულ გუნდთან ერთად, საქართველო XV-ში გამოძახებულია 34 მოთამაშე და ვიღებთ ძალიან დიდ ციფრს იმ მორაგბეებისა, რომლებიც ამ გამოცდილებას შეიძენენ. ახლა უკვე ყველას მოუნდება ამ გუნდში მოხვედრა და ინდივიდუალურად, მოთამაშეები საკუთარ თავს მეტ ყურადღებას დაუთმობენ. კარგია ისიც, რომ საქართველო XV-ში თამაშობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე 35 წლის მორაგბეები, რაც იმის ხაზგასმაა, რომ შანსი ყველას ექნება“.

პირველი თამაშის შემდეგ

საქართველო XV-მა ‘რაგბის ზაფხულის თასის’ პირველ მატჩში არგენტინა XV დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პირველ ტაიმში 15-ქულიანი (7:22) ჩამორჩენის შემდეგ, გუნდმა მობილიზება შეძლო, მეორე ნახევარში 16 უპასუხო ქულა აიღო და 23:22 იმარჯვა.

მაისაშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებიც ასეთ შეზღუდულ ვადებში მომზადებისას იჩენს ხოლმე თავს და ამ ფონზე ასეთ გამარჯვებას კიდევ უფრო დიდ მიღწევად აფასებს:

„იმ დროში, რაც ჩვენს მწვრთნელებს ჰქონდათ გუნდის მოსამზადებლად, ეს იყო მაქსიმუმის მაქსიმუმი. სტატიკური ფაზებიდან უმარტივესი ლელოები მივიღეთ, რაც სწორედ დროის სიმცირის და შეუთამაშებლობის შედეგი იყო. მაგრამ შესვენებისას მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სწორი ანალიზი გააკეთეს და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს“.

„ჩემთვის სასიამოვნო სანახავი იყო ის სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი, რამაც მოთამაშეთა მოტივაცია პიკში აიყვანა. აგრესიული თამაშით გუნდმა მეტოქე წნეხში მოაქცია. აქ იყო თავისუფალი გადაწყვეტილებებიც, ძალისმიერი და გაშლილი თამაშიც, რაც წარმატების საწინდარია“.

„ცალკე უნდა აღინიშნოს თედო აბჟანდაძის ბრწყინვალე თამაში, რომელიც არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და მიუხედავად ასაკისა, არ აქვს შეცდომის დაშვების შიში. ის წლიდან წლამდე იზრდება და დარწმუნებული ვარ ასაკის მატებასთან ერთად პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება“.

მოსამზადებელი დროის სიმცირეზე საუბრობს ობოლაძეც და ამის ფონზე ამ გამარჯვებას მოულოდნელს უწოდებს:

„ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ. 10 დღეში ყველა ნიუანსის დახვეწა და ტოლსწორად თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც არგენტინა XV-ია, ძალიან ძნელია. არასაკმარის დროს, როგორც ჩანს ემოციური ფონიც დაემატა და პირველ ტაიმში ბიჭებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. შეცდომების ფონზე ისინი კიდევ უფრო ჩაიკეტნენ, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მოთამაშეებმა დავალებები შეასრულეს, ღია თამაშს არგენტინაც არ ელოდა და საქართველო XV-მა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა“.

სანაკრებო კანდიდატები

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბისთვის ეს ტურნირი კანდიდატების და რეზერვის საქმეში ხილვის საშუალებაა. მაისაშვილი ამბობს, რომ მათ სამიზნეში აბჟანდაძის გარდა კიდევ რამდენიმე მოთამაშეა:

„ჩემთვის ამ მოთამაშეების შესაძლებლობები დიდი 10-დანაც ცნობილია. ვისგანაც კარგ თამაშს ველოდი, მათ იმედები გამიმართლეს და ამის შესახებ მილთონ ჰეიგსაც ვესაუბრე. ველოდები მეორე თამაშს და მილთონთან მის შემდეგაც მექნება საუბარი. ამ შემადგენლობაში არიან ბიჭები, რომელთაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოვიაზრებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებში, თავ-თავიანთ პოზიციებზე, მათ კონკურენციას გაუძლონ“.

მაისაშვილი ფიქრობს, რომ მეორე შეხვედრაში, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან, საქართველო XV-ს იოლი გასეირნება არ ექნება:

„არგენტინელები ძალიან კარგ რაგბს თამაშობდნენ. განსაკუთრებით მომეწონნენ რაქებში და ხელდახელ სახიფათოდ უტევდნენ. ‘რასინგი’, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კაცთა გუნდია, რომელიც რა თქმა უნდა აშკარა ფავორიტია. მათთან შეხვედრაში ბრაზილიელები ერთი-ერთზე თამაშისას ფიზიკურად და კლასით დაიჩაგრნენ. ბურთით ისინი საკმაოდ სწრაფები და სახიფათონი არიან. ბრაზილიამ აშშ დაამარცხა, ‘რასინგსაც’ ბრწყინვალე ლელო გაუტანა და საქართველო XV-ისთვს ის საინტერესო მოწინააღმდეგე იქნება“.

მწვრთნელთა განვითარებისთვის

„რაგბის ზაფხულის თასი“ და მისი რეგულარულად გამართვა, ქართული რაგბისთვის სხვა მხრივაც საინტერესოა, რის შესახებაც ობოლაძე საუბრობს:

„მსოფლიო კლასის გუნდი გვეწვია და მქონდა ბედნიერება, მის ყველა ვარჯიშს დავსწრებოდი. ‘რასინგის’ მწვრთნელებმა ქართული კლუბების მწვრთნელებს სემინარი ჩაგვიტარეს, სადაც ჩვენთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს. მათ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ყველა ვარჯიშს დავსწრებოდით. ისინი გახსნილები არიან, ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ყველა თემაზე გვესაუბრებიან, გვაწვდიან საჭირო ინფორმაციას. ფაქტობრივად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ჩვენთან, თბილისში 10-დღიანი სტაჟირება გვაქვს, რაც ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, განვითარების შესანიშნავი საშუალებაა“.

ასევე, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რაგბის კავშირის ორგანიზებით, ‘რასინგის’ სამედიცინო შტაბმა სრკ-ს მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს, შესაბამისი სემინარი ჩაუტარა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:07 | 01.08.2018
GENESIS (49)

კარგი ანალიზი იყო ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელების - ობიექტურად შეაფასეს, მართლაც გასაკვირი გამარჯვება.. არც მორაგბეების და არც კოლეგების შექება დავიწყნიათ, რასაც ხშირად ვერ ნახავ..
ერთს ვისურვებდი, განსაკუთრებით ლევანისგან, რომ რადგან მისტერ ჰეიგი გავიდა მომსახურების ზონიდან საერთოდ, ეგებ, მათ მაინც გააკეთონ კომენტარი, ხაზის უჭრელი და უცეცხლო ტურნეს, ჩანგრეული შერკინებისა და უცნაურ-ურვანომრო სელექციის შესახებ..
საერთოდ, კარგი პრაქტიკაა, და აპრობირებული სარაგბო მექებში, რომ უსიამოვნო თამაშების შემდეგ, დისკუსია და ანალიზი ღიად მიდის, და ეს იმიტომ კი არა რომ ვინმე დაადანაშაულონ და ჩამოახრჩონ, არამედ იპოვონ პროცესის სისუსტეები, რამაც ჩავარდნა გამოიწვია..და ეს ხდება გამჭვირვალედ, რადგან შიგნიდან შეიძლება ზოგჯერ ყველაფერს ვერ ხედავდე ან არ ხედავდე).. სამწუხაროდ, რასაც ვამჩნევ, ამ ეტაპზე, ჩვენი სარაგბო თემი უფრო ჩახურვით (არ ვთქვი, დამალვით) ტაქტიკას ამჯობინებს, რაც არ მგონია განვითარებისთვის სწორი გზა იყოს..
საინტერესოა, გუნდის ტაქტიკა ბრაზილიასთან.. წარმატებები ბიჭებს..

17:09 | 01.08.2018
GiorgiG83 (525)

ლოკომოტივი უფულობის გამო ვერ გადის კონტინენტურ ფარზე, აიაში საერთოდ სიჩუმეა...
ხალხს კი ზე რაგბში და კელტთა ლიგაში უნდოდა ერთი ფრანჩაიზის ყოლა...

13:18 | 01.08.2018
ilarioni (138)

არ გვინდა თუ ძმა ხარ რუსეთი, ისიც გვყოფნის ეროვნული რომ ეთამაშება ხოლმე რეგულარულად და ეხლა ეგეც შემოგვტენონ. ეს ვარიანტები რაც ზაფხულის თასზეა იდეალურია. შეიძლება აფრიკის გუნდებიც დავიმატოთ ხოლმე ან ექვის ერის გუნდების ა ნაკრებები + კლუბები (მაგ. იგივე ტოპ14 იდან, ან პრო დ 2-იც რომ იყოს არ იქნება ურიგო). რუსების ა ნაკრები კი ვისაც უნდა ეთამაშოს, ყაზახებს, მოლდოვას და რა ვიცი მაგათი პრობლემაა.

12:35 | 01.08.2018
პანტელეიმონი (1218)

როგორც ბატონმა გოჩა სვანიძემ თქვა მომავალი წლიდან საქართველო XV - ისთვის დაიგეგმება მეტი და მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ წელსვე გარანტირებულად შეიძლება რუსეთის A ნაკრების (რომლის შექმნაზე რუსები ძალიან აქტიურად ფიქრობენ) და როგორც ქვემოთ აღვნიშნე "ბორჯღალოსნები"-ს სავარჯიშო ხასიათის თამაშის ორგანიზება მოხერხდეს საქართველო XV-ის ნაკრებთან.

17:08 | 01.08.2018
GiorgiG83 (525)

რუსეთის ა ნაკრებზე პირველი ლიგის ნაკრები მოვაცდინოთ


საქართველო XV -ის საკბილო თავად რუსეთის ნაკრებიც არ აღმოჩნდეს :")

12:23 | 01.08.2018
პანტელეიმონი (1218)

თუ პირველი თამაში იტალიასთან გვაქვს, იქნებ მანამდე მოსამზადებელი პერიოდის დროს "ბორჯღალოსნები"-ს და საქართველო XV-ის სავარჯიშო ხასიათის თამაშის ორგანიზება მოხერხდეს. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ორივე ნაკრებისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის.

11:48 | 01.08.2018
ilarioni (138)

მართალია, შვებულება ისე უნდა დაგეგმო, რომ მნიშვნელოვან მოვლენებს არ გამოაკლდე, თორემ შვებულება, რომ ეკუთვნის და სჭირდება, ამაზე არაა საუბარი. ისე მოდით თავიდანვ შევეგუოთ იმ აზრს (რამეთუ, მერე იმედგაცრუება არ ვიწვნიოთ, რომ იმ თამაშით, რასაც ჩვენი ნაკრები აჩვენებს ბოლო დროს იტალიასთან მოგება, თან გასვლაზე, სასწაულის ტოლფასია, რაც არცთუ ხშირად ხდება ხოლმე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ რადიკალურად შევცვალოთ რამე, თან ნახევარი სამწვრთნელო შტაბი არ გვყავს, თან სავარაუდოდ ალბათ პირველი თამაში იქნება ტესტებზე (რაც ისედაც გვიჭირს ხოლმე), რომ ეს შედეგზე აისახოს. რეალურადაც იტალია დღეს ჩვენზე ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში ჩვენზე ქვემოთაა და მათთვისაც პრინციპულია ეს თამაში.

17:06 | 01.08.2018
GiorgiG83 (525)

არამარტო
ჩვენი პირველი მატჩის ფონზე იტალიას ირლანდიასთან უკვე ნათამაშები ექნება
ამას დაუმატე ის რომ მთელი იტალიის ნაკრები 5 კაცის გარდა ბენეტონის და ძებრეს შემადგენლობაში კელტთა ლიგაში ცუდად არ გარჯილან და არც სათამაშო პრაქტიკა არ აკლდათ
+ მწვრთნელი-კონორ ოში, რომელიც ჩვენსაზე ბევრად კვალიფიციურია - ასე რომ იტალიასთან მოგებას წელს ნუ ვახსენებთ
ის რომ ზირაქა და მამუკას მიერ დატოვებული ვაკუუმი ვერ ივსება სხვა ამაბავია

09:30 | 01.08.2018
Tesriga (11)

რა დროს დასვენებაა, მოვიდა ნოემბერი, იტალიასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრების მომავლისთვის, მოყოლილს საკუთარი თვალით დანახული, რომ სჯობს რ იცის ბ-ნმა მილტონმა!?

22:20 | 31.07.2018
Tesriga (11)

თუ ასეა აცალონ კაცს დასვენება პ.ს. ჟორა - შვებულება კარგი იყო, ჩაგეთვალა

23:34 | 31.07.2018
jora84 (183)

არ მიღადავია, მართლა შვებულებაშია, ზელანდიაში ისვენებს, ვინ იცის იქნებ თანაშემწესაც ეძებს იქ.

20:05 | 31.07.2018
თორღვა პანკელი (387)

კარგია კარგი! მოუთმენლად ველი ბრაზილიასთან თამაშს და თედოს ფინტებს DD, რაგბი ჩვენი თამაშია!

19:11 | 31.07.2018
Tesriga (11)

ჰეიგი არ ესწრებოდა თანაშს ?

19:49 | 31.07.2018
jora84 (183)

არა, შვებულებაშია.

0.088976