ამბები

15:28 | 26.07.2018 | ნანახია 1856 - ჯერ

ზაფხულის თასი | საქართველო XV-ის ღია ვარჯიში

საქართველო XV პირველი საკლუბო/სანაკრებო ტურნირის - „რაგბის ზაფხულის თასი 2018“- სთვის [Rugby Summer Cup 2018] მზადებას განაგრძობს და გუშინ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ვარჯიშამდე საქართველო XV-ის სრული შემადგენლობა ქომაგს შეხვდა, რომელიც პირველი მე-100 ბილეთის მფლობელი აღმოჩნდა და გუნდის კაპიტანმა გიორგი შკინინმა მას მორაგბეთა ავტოგრაფებით დამშვენებული ბორჯღალოსნების კვართი გადასცა.

შეგახსენებთ, აქცია ტურნირის ბოლომდე გაგრძელდება და ყოველი მე-100 ბილეთის მფლობელს საჩუქრად ბორჯღალოსნების სათამაშო კვართი გადაეცემა.

ზაფხულის თასის თამაშები ‘მიხეილ მესხზე’ 28 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართება.

საქართველო XV 28 ივლისს, 19 საათზე არგენტინა XV-ს ეთამაშება. ამავე დღეს, 21:30 საათზე ‘რასინგ 92’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება.

3 აგვისტოს პარიზული კლუბი არგენტინა XV-ს 19 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 21:30 საათზე საქართველო XV ბრაზილიას ეთამაშება.

ტურნირის გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გამოვლინდება. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

ვარჯიშამდე საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, კაპიტანმა გიორგი შკინინმა და მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ბესიკ ხამაშურიძე: „ჩვენი მორაგბეების განვითარებისთვის ასეთი ტურნირი უმნიშვნელოვანესია. 20-წლამდელთა ნაკრების დამთავრების შემდეგ, ბიჭების მცირე ნაწილი ხვდება ეროვნულ გუნდში, დანარჩენების განვითარებისთვის კი, მსგავსი თამაშები აუცილებელია“.

„ყველამ კარგად ვიცით რა დონეზეა არგენტინული რაგბი. არ ვიცით რა მიზნით ჩამოდიან ისინი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათთან იოლი თამაში არ გვექნება. ბრაზილია სპორტული ქვეყანაა და რაგბიც ძალიან სწრაფად ვითარდება. მათ კარგად აითვისეს რაგბი და რამდენიმე სახელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს“.

„ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი თამაშები ვაჩვენოთ“.

გიორგი შკინინი: „საქართველოსთვის ეს ტურნირი დადებითი მოვლენაა. ისეთი დონის გუნდები, როგორებიც ‘რასინგ 92’ და არგენტინა XV არიან, ჩვენთან ხშირად არ ჩამოდიან. ორივე მაღალი ხარისხის რაგბს თამაშობს, კიდევ ერთი მონაწილე კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი გუნდია. ტურნირი იქნება საინტერესო როგორც საქართველო XV-ში მოთამაშე ახალგაზრდა ბიჭებისთვის, ასევე მაყურებლისათვის, რომლებიც სანახაობრივ რაგბის იხილავენ“.

„ჩვენს გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა ბიჭები და გაოცებული ვარ - მათ გაცილებით კარგად ესმით რაგბი, ვიდრე ჩვენ გვესმოდა, როდესაც მათი ასაკის ვიყავით. ყველამ იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს და ველით ძალიან კარგ თამაშებს“.

„არგენტინა ყოველ მხრივ განვითარებული, დაბალანსებული გუნდია. ისინი ძლიერები არიან სტატიკაშიც და დინამიკაშიც. თამაშობენ სწრაფ რაგბს და იყენებენ მთელს მოედანს. ბრაზილია შედარებით ახალგაზრდა გუნდია და მათგან უფრო გაშლილ თამაშს ველით. ჩვენ ჩვენი დავალებები გვაქვს შესასრულებელი. ვეცდებით სწრაფი და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.

თედო აბჟანდაძე: „სასიხარულოა საქართველო XV-ში თამაში, რადგან აქედან ერთი ნაბიჯიღა რჩება ეროვნულ გუნდამდე. ჩვენთვის ეს შანსიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც - წარვადგინოთ ქვეყნის სახელი ამ ოთხთა ტურნირზე“.

„ყველამ ვიცით, რომ არგენტინა XV ძლიერი გუნდია და ვფიქრობთ, არც ბრაზილიის ნაკრები იქნება ხელწამოსაკრავი. შესაბამისად, ვემზადებით მათთან საბრძოლველად“.

„20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება 3 თვით ადრე დავიწყეთ. დიდი იყო ფიზიკური დატვირთვები და ხანგრძლივობაც მას უფრო ართულებდა. ამჯერად ტურნირამდე დაახლოებით 10 დღით ადრე შევიკრიბეთ, აქცენტი ძირითადად ტაქტიკაზე კეთდება და შესაბამისად, დავალებებსაც უფრო ადვილად ვუმკლავდებით“.

​რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079474