ამბები

10:50 | 26.08.2014 | ნანახია 5178 - ჯერ

ლაშა ლომიძის საოცარი დებიუტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, 22 წლის ლაშა ლომიძემ საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში პირველი თამაში ჩაატარა და სულ რაღაც 80 წუთის შემდეგ, სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

თბილისის “აკადემიის” აღზრდილმა მორაგბემ “მონპელიეს” “ესპუარებში” ორი წელიწადი გაატარა, მაგრამ ელიტა 1-ის დუბლებში ყოფნას ელიტა 2-ის გუნდის პირველ გუნდში თამაში არჩია და არც შემცდარა. ის ზაფხულში საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ამჟამად Pro D2-ის ბინადარ “ბეზიეს” შეუერთდა და დიდი რაგბისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ლიგის სადებიუტო ტურში მისმა გუნდმა თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 31:27 დაამარცხა, თავად ლომიძე კი, ელიტაში ჩატარებული პირველი თამაშის შემდეგ კვირის გუნდში მოხვდა.

ლაშა სასტარტო შემადგენლობაში იყო და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალეს. მან 48-ე წუთზე მეტოქის 5-მეტრიან ზონაში ბურთი აიტაცა და ორ მცველს შეეჭიდა, თანაგუნდელის დახმარებით ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა და ელიტური დებიუტი ლელოთი აღნიშნა. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი იმისა, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - მან ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, სხვამხრივ ახალგაზრდა ქართველი ფრანგთა ასეთ დაფასებას ვერ მიიღებდა. “აჟენის” რიგებში მხოლოდ პირველხაზელმა თეთრაშვილმა ითამაშა და ის 47-ე წუთზე შეცვალეს.

ვახტანგ მაისურაძისა (14 წუთი) და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” სტუმრად “ბურგონი” 32:23 დაამარცხა. პირველხაზელი შეყლაშვილი თამაშში 52-ე, ხოლო მეორეხაზელი მაისურაძე 71-ე წუთიდან ჩაერთო. “ალბიმ” ტაიმი 15:11 მოიგო და მეორე ტაიმის 51-ე წუთზე 29:11 დაწინაურდა, რის შემდეგაც მეტოქის იერიშების მოგერიება მოუხდა და საბოლოოდ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” გიორგი ნაცარაშვილის “პოს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 12:14. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ყუფარაძე იყო და ის 48-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა, 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში დადუნაშვილი, რომელიც 61-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. გამარჯვებულ გუნდში მოედანზე 70 წუთი გაატარა ნაცარაშვილმა. “პომ” შეხვედრის ერთადერთი ლელო მე-16-ე წუთზე, მეტოქის შეცდომის შემდეგ კონტრშეტევაზე გაიტანა და მას შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” “დაქსი” 28:22 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კობერიძე იყო, რომელიც თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 65-ე წუთისთვის ანგარიში 22:22 იყო და მასპინძლებმა დარჩენილ დროში შეძლეს ორი გადამწყვეტი ჯარიმის გატანა. ასტამურ იოსელიანის “ნარბონი” ქართველი ლეგიონერის გარეშე საკუთარ მოედანზე “მონ დე მარსანთან” 12:20 დამარცხდა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” “კოლომიე” 22:9 დაამარცხა. მჭედლიშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 13:9 იყო და გუნდს 4 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” თოპ 14-იდან დაქვეითებულ “ბიარიცს” ეწვია და 15:16 დამარცხდა. განაცხადში აქაც მხოლოდ ერთი ქართველი იყო - შარიქაძემ შუამარბად სრულად ითამაშა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბედი 77-ე წუთზე მასპინძლების მიერ გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა. Pro D2-ის მეორე ტური 30-31 აგვისტოს გაიმართება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104999