სტატიები

16:07 | 8.07.2018 | ნანახია 2448 - ჯერ

პანკისში რაგბი ბრუნდება
ხეობაში საჩუქრებით

ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ პანკისის ხეობაში რაგბის ბურთი ჩაიტანეს და ადგილობრივები ამ შესანიშნავ თამაშს აზიარეს.

პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. ახლა სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.

სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის რაიონს გუშინ ეწვია და ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანა. მასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობის სოფლებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას გულისხმობს. სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა.

„დღეს ჩვენ ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ვიმყოფებით, სადაც უკვე სექტემბრიდან რაგბის ოთხი ასაკობრივი ჯგუფი (8, 10, 12 და 14 წლამდე) ივარჯიშებს. ადგილობრივი გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახმეტის რაიონისა და პანკისის ხეობის სოფლებიდან უფასოდ მოხდება ბავშვების ტრანსპორტირება. ისინი რაგბში ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ, აქვე მიიღებენ შხაპს, ერთად ისადილებენ და ჩვენი ტრანსპორტით დაბრუნდებიან სახლებში.

„ეს უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მოხდება ახმეტელი და პანკისელი ბავშვების ინტეგრაცია. პროექტის მხარდაჭერისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, რომელიც თავის თავზე იღებს მწვრთნელების ანაზღაურებას. ჩვენგან მას მხარდაჭერა არ მოაკლდება“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ახმეტის გარდა, მინისტრი პირადად შეხვდა მატანში, საკობიანოში, დუისიში, ქვემო ხალაწანსა და დუმასტურში მცხოვრებ ბავშვებს, მათ პროექტის შესახებ ესაუბრა და რაგბში ჩართვისკენ მოუწოდა. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება.

„ყველას გული გვწყდებოდა ამ პროექტის შეჩერების გამო და მადლობა სპორტის სამინისტროს, პირადად მიხეილ გიორგაძეს, რომელიც გვერდში დაგვიდგა ამ ძალიან კარგი საქმის აღორძინებაში“ - თქვა რაგბის კავშირის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ.

ახმეტელ და პანკისელ ბავშვებთან კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი იმუშავებს:

„მე ამ ბავშვებთან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პროექტი ორი წლის წინ შეწყდა, რადგან ვეღარ ვახერხებდი ჩემი ხარჯებით პანკისის რეგიონში სიარულს. ბავშვებს რაგბი მოწონდათ და რამდენიმე დღის წინ ისინი სიხარულით შემხვდნენ. დაფინანსების არარსებობის გარდა, იყო სხვა პრობლემაც: ზამთარსა და წვიმაში ვარჯიში შეუძლებელი იყო. ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე და დარბაზში ვარჯიშისთვის ძალიან კარგი პირობებია. რადგან ბავშვების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დარწმუნებული ვარ ინტერესი ძალიან დიდი იქნება და სულ მალე ახმეტაში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის გუნდების შექმნის საშუალება გვექნება. რაც მთავარია, ამ ბავშვებს რაგბს და ერთმანეთს შევაყვარებთ“.

საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის. რაგბში ჩართული ბავშვთა რაოდენობის ზრდა, მწვრთნელების დეფიციტს გამოიწვევს, თუმცა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე საკითხს იმედიანად უყურებს:

„იდეალურია, როდესაც 10 ბავშვზე თითო მწვრთნელი მოდის, თუმცა საწყის ეტაპზე ერთ მწვრთნელს 25 ბავშვის ვარჯიშიც შეუძლია. რადგან რაგბში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელების გადამზადება ადგილზე ჩატარდეს. კახეთში ამ საქმეს თენგიზ ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს. მან რეგიონში უკვე ჩაატარა ორი სემინარი. ჩვენ ვესწრებოდით გამოცდებს და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. პატარძეულის მაგალითმა დაგვანახა, რომ კახეთის რეგიონს დიდი პერსპექტივა აქვს და ამ მხრივ ეს პროექტი დიდი შედეგის მომტანი იქნება“.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:26 | 09.07.2018
თორღვა პანკელი (387)

რაგბი ყველგან უნდა იყოს.

10:12 | 09.07.2018
temuchin (431)

მშვენიერი ამბავია! მთავარია ისევ არ შეწყდეს.

19:32 | 08.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ეს მართლაც კარგი ინიციატივაა, მაგრამ ბატონო მინისტრო, იქნებ თქვენ მაინც ჩაერიოთ და სრკ -ს ხელმძღვანელობას შეახსენოთ, რომ თუ გულშემატკივარს არ გვხდებიან და ჟურნალისტებთან მაინც დაამყარონ კომუნიკაცია და გააკეთონ კომენტარი ზაფხულის უსუსურად ჩატარებულ ტესტებზე და ქართულ რაგბში დაგროვებულ პრობლემებზე.
თორემ ქართველ გულშემატკივარს ჩამოგვიყალიბადა შეხედულება, რომ;
ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური რაგბის კავშირის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი კავშირი, ნ ა გ ა ვ ი ! ! !

20:29 | 09.07.2018
kobaSP (45)

+1

19:19 | 08.07.2018
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია, წარმატებას გისურვებთ ! ! !

0.150944