ლეგიონერები

18:24 | 28.06.2018 | ნანახია 2289 - ჯერ

ჟვანია ‘უოსპსში’ ითამაშებს

ბორჯღალოსანმა ზურაბ ჟვანიამ ფრანგული ‘სტად ფრანსე’ დატოვა და კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ წამყვან კლუბში ‘უოსპსში’ გააგრძელებს.

26 წლის მორაგბე პარიზში 2011 წელს წავიდა, ერთი წელი ესპუარებში გაატარა, 2012 წლის 18 აგვისტოს კი, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. განვლილ 6 წელიწადში ზურამ ტოპ 14-ის 64 მატჩში 4 ლელო გაიტანა, ჩემპიონთა თასის 5 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 32-ჯერ ითამაშა და 3 ლელო მიითვალა.

ჟვანია ‘სტად ფრანსესთან’ ერთად 2015 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს ჩელენჯ ქაფის მფლობელი. გასულ სეზონში გუნდი ტოპ 14-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა, რასაც სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოყვა და ქართველმა ბურჯმაც დიდი ხნის ჩანაფიქრი - გუნდის გამოცვლა, რეალობად აქცია.

„სტად ფრანსესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებდა. გაისად მსოფლიო თასი გველოდება და მსურდა, რომ ამ პერიოდისთვის კლუბთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებული მქონოდა, ანუ ისეთი გუნდი მეპოვნა, ვისთანაც მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტს გავაფორმებდი. პარიზელებმა კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავი შეიკავეს და შეთანხმების საფუძველზე, მათთან თანამშრომლობა შევწყვიტე.

“მოლაპარაკება ჩემი ინიციტივით დაიწყო, რადგან მსურდა მეტი სათამაშო დრო მქონოდა. გუნდის შეცვლის სურვილი მქონდა, რადგან 7 წელი იქ გავატარე და მთელი ეს პერიოდი მეორე-მესამე ნომრად განმიხილავდნენ, თუმცა როცა მოედანზე გავდიოდი, თამაშს არასდროს ვაგდებდი. შესაძლოა, ეს კლუბში მომხდარ ცვლილებებსაც უკავშირდებოდეს. მთლიანად შეიცვალა გუნდის სამწვრთნელო შტაბი, ისინი არ მიცნობდნენ და არ გამკვირვებია კონტრაქტის გახანგრძლივება რომ არ ისურვეს“ - ამბობს ჟვანია აწ უკვე თავის ყოფილ კლუბზე.

მწვრთნელების და თანაგუნდელების რჩევით

ჟვანიას ინგლისში გადასვლის შანსი ადრეც ჰქონდა, მას ‘ლესთერ თაიგერსი’ ეპატიჟებოდა, თუმცა მაშინ ‘სტად ფრანსეში’ დარჩენა არჩია. რადგან მისი სათამაშო დრო დიდად არ გაზრდილა, შარშან ნოემბერში მან კლუბის ხელმძღვანელობას გათავისუფლების სურვილით მიმართა, ზურათი ტოპ 14-ის კლუბები იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ სეზონის მსვლელობისას პარიზელებმა მისი გაშვება არ ისურვეს.

სეზონის დასრულების შემდეგ, ‘სტად ფრანსესთან’ შეთანხმება მაინც შედგა და ქართველი ბურჯით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ჟვანიამ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბთან და ინგლისში ნათამაშებ მორაგბეებთან კონსულტაცია გაიარა და არჩევანი ‘უოსპზე’ შეაჩერა.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმიღია. გავიარე კონსულტაციები ნაკრების მწვრთნელებთან, ასევე გიორგი ნემსაძესთან და ლაშა ლომიძესთან. მათ მითხრეს, რომ ‘უოსპსი’ ერთ-ერთი წამყვანი კლუბია, ინგლისური რაგბი სწრაფი, დინამიურია, ჩემს სათამაშო სტილთან ძალიან ახლოსაა და მეც გადაწყვეტილება მივიღე“ - ამბობს ჟვანია.

ინგლისში ბორჯღალოსნებიდან გასული საუკუნის მიწურულს გია რაფავას, ხოლო უახლოეს წლებში ჯაბა ბრეგვაძეს, ლაშა ლომიძეს, გიორგი ნემსაძეს და შალვა მამუკაშვილს უთამაშიათ. ზურა იმედოვნებს, რომ ახალ გუნდში, ახალ ჩემპიონატში ფეხს მოიკიდებს და ამით სხვა ქართველ მორაგბეებს დაეხმარება:

„ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ბოლო წლებში ‘უოსპსი’ რეგულარულად ხვდება მოწინავე სამეულში და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ამ გუნდის შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მაგალითზე ინგლისის პრემიერშიფში სხვა ქართველებიც მალე გამოჩნდებიან“.

‘უოსპსი’ 151-წლიანი ისტორიით

‘უოსპსი’ 151 წლის წინ (1867) ლონდონში დაარსებული კლუბია, 2014 წლის დეკემბრიდან კი, ქოვენთრიში დაიდო ბინა. მისი საშინაო არენა - ‘რიკო არენა’ 32600 მაყურებელს იტევს.

რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1990, 1997, 2003-5, 2008); 2-ჯერ მოიგო ‘ჰაინეკენის თასი’ (2004, 2007) და ერთხელ ‘ჩელენჯ ქაფი’ (2003).

გასულ სეზონში ‘უოსპსმა’ პრემიერშიფში მესამე ადგილი დაიკავა და გაისად ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. მის შემადგენლობაში არიან ინგლისის ნაკრების მორაგბეები ტომი ტეილორი, მეთ მალანი, ჯო ლონჩბერი, ჯეიმს ჰასკელი, ჯო სიმპსონი, დენი სიპრიანი, ელიოტ დეილი; სამხრეთ აფრიკელები ეშლი ჯონსონი, ჟუან დე იონგი, ვილი ლე რუ; ირლანდიელი მარტი მური და უელსელი ტომ იანგი.

სხვადასხვა დროს ‘უოსპსის’ შემადგენლობაში უთამაშიათ ქერთლი ბილს, ჯორჯ სმითს, ნიკ ადამსს, ლოურენ დალალიოს, ენდი გუდს, ჯეიმს ჰასკელს, ჩარლი პიუტაუს, მარკ ტეილორს და სხვა მრავალს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:21 | 29.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური რაგბის კავშირის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი კავშირი, ნ ა გ ა ვ ი ! ! !

14:27 | 29.06.2018
Dato505 (22)

წარმატებულ კარიერას ვუსურვებ ზურას. ცოტა მოუკლო ამ ბოლო დროს, იმედია ინგლისში ექნება მეტი სათამაშო დრო და უკეთესი პირობები.

23:40 | 28.06.2018
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

21:52 | 28.06.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ზურა ! ! !

20:17 | 28.06.2018
თორღვა პანკელი (387)

უოსპსი ძალიან მაგარია, წარმატებები ზურა!

0.09052