ამბები

10:53 | 21.06.2018 | ნანახია 5272 - ჯერ

ქართული რაგბის რაინდი

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქართული რაგბის ლეგენდარული მოღვაწე ბათუ (ვასილ) კევლიშვილი სპორტის რაინდის ტიტულით დააჯილდოვა. მართალია, დაგვიანებით და მაინც ჯილდომ თავისი ღირსეული გმირი იპოვა. სარაგბო კლუბ ‘ლელოს’ მფლობელი და პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბათუ კევლიშვილი ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის ნახევარი საუკუნეა, რაც ნაყოფიერად იღწვის. ‘ბაბუ’ ბათუს არამარტო რაგბის, სრულიად ქართული სპორტის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სულით რაინდი და სასიქადულო მამულიშვილი ჯერ კიდევ მორაგბეობის ჟამს, მატჩების წინ თანაგუნდელებს დიდგორს, მარაბდასა და კრწანისს ახსენებდა, მწვრთნელობის ეპოქაში კი შეგირდებთან წვრთნას ილია ჭავჭავაძეზე საუბრით იწყებდა და ვაჟა-ფშაველათი ამთავრებდა. თანამედროვე ‘ლელოს’ გამამხნევებელი შეძახილის: ‘მიყვარს რაგბი, მიყვარს ლელო, მიყვარს ჩემი საქართველოს’ ავტორიც ბათუ კევლიშვილი გახლავთ.

ბათუ კევლიშვილი ვერაზე, მოსამსახურეების ოჯახში დაიბადა. მამა- დიმიტრი კევლიშვილი, ყოფილი სპორტსმენი და რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, დედა-მარიამ კუპრეიშვილი კი ინჟინერი გახლდნენ. ბათუ აქტიური სპორტით მხოლოდ 13 წლის ასაკში დაკავდა. ყმაწვილი კევლიშვილი სწავლას თავიდანვე დაეწაფა და წიგნის განუყრელ მეგობრადაც იქცა. ‘ლოკომოტივის’ მოთამაშე-მწვრთნელმა, ვერელმა ინტელიგენტმა გოგი ტონიამ 53-ე საშუალო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი შეარჩია, რომელთა შორის ბათუ კევლიშვილიც მოხვდა. იმხანად ‘რკინიგზელთა’ რიგებში უნიჭიერესს მორაგბეთა პლეადამ მოიყარა თავი. ჯანიანი კევლიშვილი ჯერ შერკინების მეორე ხაზსში ირჯებოდა, შემდგომში კი კლასიკურ მარბიელად ჩამოყალიბდა. ჭაბუკ ‘რკინიგზელებს’, პირველი საკავშირო ‘ნათლობა’ ხერსონის ტურნირზე ჰქონდათ.

ნიჭიერი და ანალიტიკური აზროვნების მქონე 19 წლის კევლიშვილი 60-იანი წლების მიწურულს თბილისის ‘სპარტაკის’ მთავარმა მწვრთნელმა გელა მიქაბერიძემ თანაშემწედ და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იახლა. დედაქლაქის ახლად აღორძინებულ თვითმყოფად გუნდში მძაფრი და ჯანსაღი კონკურენცია გაჩაღდა. კევლიშვილთან ერთად ‘სპარტაკში’ თავი თაზო ანდღულაძემ, მალხაზ კოროშინაძემ, ძმებმა : გია და მერაბ ნიჟარაძეებმა, გოგი ჭიჭინაძემ, გიორგი ლებანიძემ, ავთო გიორგაძემ, გია კეშელავამ, ნუგზარ კობერიძემ, მერაბ ჟღენტმა, ვოვა პეტუხოვმა, თემურ გამცემლიძემ, ლევან ქავთარაძემ მოიყარეს. ოვალის ხსენებული აღიარებული ოსტატებით, მიქაბერიძე-კევლიშვილის დამმოძღვრილი ‘სპარტაკი’ სოლიდურ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც იმხანად სსრკ-ს პირველობაზე მოასპარეზე თანაქალაქელ ბობოლებს, ‘ლოკომოტივსა’ და ‘დინამოს’ ღირსეულ წინააღმდეგობას საქართველოს ჩემპიონატზე უწევდა. თბილისის ‘სპარტაკი’ საქართველოს პირველობის გარდა, საკავშირო ‘ცეესსა’ და ტრადიციულ ტურნირებზე რეგულარულად გამოდიოდა. 1980 წლიდან კევლიშვილმა მთელი ძალისხმევა ბავშვთა სარაგბო სკოლების შექმნისკენ მიმართა და 80-იანი წლების შუაწელს იოშკარ-ოლაში, ჭაბუკებს შორის ‘ოქროს ოვალის’ საკავშირო პირველობაზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც მოახერხა. იმ თაობიდან ბათუ კევლიშვილის თავკაცობით არაერთი გამოჩენილი მორაგბე აღიზარდა(მერაბ ბესელია, დიმა ობოლოძე, ლევან ჩიქვინიძე, დიმიტრი კალანდაძე, თემურ ნარიმანიძე, გიორგი ძაგანელი).

ბათუ კევლიშვილი მწვრთნელობასა და თამაშს სწავლას კვლავ ნაყოფიერად უთავსებდა. კევლიშვილმა ჯერ სტუ-ში გეოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დაუსწრებლად სამწვრთნელო ფაკულტეტი დაამთავრა და თბილისში რაგბის პირველი სკოლა-განათლების სამართველოს ოლიმპიური რეზერვების რაგბის სპეციალიზირებული სკოლა დააფუძნა, რის გამოც მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულება ნაადრევად, 28 წლის ასაკში მოუხდა. ბათუმ, საშვილიშვილო საქმესაც მოაბა თავი და მესამე მასივში მოზარდთათვის შესაფერისი ზომის რაგბის სტადიონი ააგო, რამაც ჩვენში ჭაბუკთა ლიგების დაფუძნებას დაუდო სათავე. ჭაბუკთა ლიგები დღესდღეობით ქართული რაგბის მასაზრდოებელ უშრეტ წყაროს წარმოადგენენ. აღნიშნულმა სკოლამ მილენიუმის დასაბამიდან სახელი იცვალა და კევლიშვილის ინიციატივით ‘ლელო’ ეწოდა.

2011 წელს, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ რაგბის სკოლის გაუქმება განიზრახა მაშინ, როდესაც იმავე წელს ‘ლელოს’ მსოფლიო თასზე, ეროვნულ ნაკრებში 11 მორაგბე ჰყავდა დელეგირებული. კევლიშვილის დიდი ძალისხმევით სკოლის გადარჩენა მოხერხდა, რომელიც დღემდე დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. 2004 წლიდან მოყოლებული ‘ლელომ’, თავისივე აღზრდილი მოთამაშეებით ეროვნული ჩემპიონატი 6-გზის მოიგო, 3-ჯერ კი საქართველოს თასი შემართა. ეროვნულ სარბიელზე მონაგარით, ‘ლელო’ მხოლოდ თბილისის ‘ლოკომოტივს’ ჩამორჩება. ბათუ კევლიშვილის მწვრთნელობის ხანის მეორე თაობამ უკვე ‘ბორჯღალოსანთა’ კვართი მოირგო. ბორჯღალოსნები გახდნენ: გია ლაბაძე, შოთა მოდებაძე, გუჯა იოვიძე, გიო ბუგიანიშვილი და რატი ურუშაძე. მათ კვალ, უკვე ‘ლელოში’ დაოსტატდნენ: ილია ზედგინიძე, ბობა კვინიხიძე, ვასილ აბაშიძე და ნონო ანდღულაძე. შემდეგ კი დიდი სამეულის: მამუკა გორგოძის, ოთარ ბარკალაიასა და მეკო კვირიკაშვილის ეპოქის დრო დადგა. ხსენებულ პლეადათა ტრადიცია მოგვიანებით გიორგი ჩხაიძემ, ლაშა ხმალაძემ, სანდრო თოდუამ და გიორგი ღვაბერიძემ გაამდიდრეს.

‘ლელომ’ თავისი მეორე კერა დიდ დიღომში მოიწყო. ‘ქართუ ჯგუფის’ ხელშეწყობით თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაჯერებულ სარაგბო კომპლექსის 2300 ქომაგის ტევადობის მთავარი არენა ბუნებრივსაფარიანია, სათადარიგო მოედანი კი-ხელოვნურსაფარიანი. ბათუ კევლიშვილი განსაკუთრებით ‘ქართუ ჯგუფსა’ და ბიძინა ივანიშვილს ემადლიერება და ბ-ნ ბიძინას უდიდესს ამაგს ქართული რაგბის წინაშე დღენიადაგ ხაზს უსვავს, თუმცა საქართველოს-რაგბის პირველი დონის ქვეყნებს შორის მოსახვედრად, ხელისუფლების მეტი მხარდაჭერა და აქტიურობა მართებს. ფინანსური დახმარების გარდა, აუცილებელია ქართულ სპორტულ სივრცეში კანონმდებლობით სათანადო ბიზნეს გარემოს შექმნა.

ბათუ კევლიშვილს მრავალწლიანი ნაყოფიერი გარჯა დაუფასდა. ‘ლელოს’ რაგბის სკოლას, რამდენიმე დღის წინ რაგბის აკადემიის სტატუსი მიენიჭა, რაც ბათუსა და მის რაზმს ქართული რაგბის სასიკეთოდ მოღვაწეობის ასპარეზსს მნიშვნელოვნად გაუფართოებს.

‘ლელო’, ხსენებული ინფრასტრუქტურის გარდა, თავს მაღალი სპორტული მიღწევებითაც იწონებს. 18 წლამდელთა ევროპირველობის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების ბირთვს ‘ლელოს’ მოთამაშეები შეადგენდნენ. გასულ წელს საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მთავარ ძალას ასევე ‘ლელოს’ მორაგბეები წარმოადგენდნენ. ახლახანს საფრანგეთში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ‘ლელოს’ აღზრდილი 9 მორაგბე ღებულობდა, 5-6 მოთამაშე კი შეხვედრებს ძირითად შემადგენლობაში იწყებდა. ილო მაისურაძის თავკაცობით უმცროსმა ‘ბორჯღალმა’ პლანეტის სარაგბო საზოგადოება საამოდ აალაპარაკა. არსებობის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე მაღალი, მე-9 ადგილი დაიკავა და თან პირველობაზე 3 შეხვედრა პირველად მოიგო. ილო მაისურაძე ბათუ კევლიშვილის მეგობარი გახლავთ და მის მაღალკვალიფიციურ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში ბათუს გარკვეული წვლილიც მიუძღვის. ‘ლელო’ ამჟამად როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრებების მთავარ დონორად რჩება.

ბათუ კევლიშვილის კიდევ ერთი აღზრდილი ლევან მაისაშვილი წლებია, რაც ‘ლელოს’ მთავარ გუნდს წარმატებით დამრიგებლობს და კლუბის მოპოვებულ ტიტულებში ლომის წილი მიუძღვის. მაისაშვილმა, ბათუს თაოსნობით მწვრთნელობას უაღრესად ახალგაზრდული ასაკიდან მიჰყო ხელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებაც დაიმსახურა და თან ‘ბორჯღალოსანთა’ თავკაცის მილტონ ჰეიგის თანაშემწის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებს. ‘ლელოს’, როგორც საფესტივალო, ასევე ჭაბუკთა ლიგის გუნდებს სათავეში ტრადიციულად ადგილობრივი სკოლის აღზრდილები უდგანან. ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ‘ლელო’ მოქმედი ჩემპიონია. მიშა სუჯაშვილისა და ოთარ ბარკალაიას შეგირდებმა მიჯრით საქართველოს ბოლო 2 ჩემპიონატი მოიგეს /დუეტს წარმატებით ეხმარება ახალბედა მწვრთნელი გიორგი გაბელია/. ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში კი თორნიკე ბუბუტეიშვილისა და ლადო ქიზიყურაშვილის გუნდმა ბოლო 4 ჩემპიონატიდან 2 ტიტული მოიპოვა, გასულ წელს კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. აღსანიშნავია , რომ ‘ლელოს’ სტრუქტურაში მომუშავე მწვრთნელთა უმრავლესობა მოქმედი მორაგბე გახლავთ.

‘ლელოს’ მთავარი გუნდი კი წლევანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ სრულფასოვანი რევანშისთვის ემზადება. გუნდის შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს და ბათუ კევლიშვილი ქომაგსა და სარაგბო საზოგადოებას არაერთ სიურპრიზს ჰპირდება. კევლიშვილის სარაგბო ფილოსოფიის დედააზრი: ქვეყნის დიდი სიყვარული, ერთგულება, თავდაუზოგავი შრომა და საყვარელი საქმის (რაგბის) შედეგის განმსაზღვრელი პროფესიონალიზმია.

ბათუ კევლიშვილის მთავარი იმედი, მისი შვილიშვილი დავით ჩადუნელია. 17 წლის დავითი რაგბით აქტიურადაა დაკავებული და ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ‘ლელოს’ მორკინალია. კევლიშვილის ძირითად საზრუნავს, დავით ჩადუნელის ღირსეულ პიროვნებად და მამულიშვილად ჩამოყალიბება წარმოადგენს. თან, ბაბუ ბათუ შვილიშვილის ‘ბორჯღალოსანად’ ხილვის იმედსაც არ ჰკარგავს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:33 | 22.06.2018
თორღვა პანკელი (387)

დიდი მადლობა ბატონო ბათუ! თქვენი კოლოსალური და უდიდესი ამაგისთვის რაც ქართული რაგბისთვის გაგიწევიათ, თქვენ არამარტო დიდი მორაგბეები არამედ ნამდვილი ქართველები და ვაჟკაცი ხალხი გყავთ აღზრდილი, რაც ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელია, ბედნიერებას და დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ! დავით ჩადუნელს კი ველოდებით ნაკრებში, რაგბი ჩვენი თამაშია!

14:56 | 21.06.2018
temuchin (431)

დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ბატონო ბათუ!

14:08 | 21.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბატონო ბათუ ! ! !

13:36 | 21.06.2018
buratino (480)

მართლაც ძალიან საპატივცემულო ადამიანია ბ-ნი ბათუ! ჯანმრთელობას და ხანგრძლივ მოღვაწეობას ვუსურვებ ქართული რაგბის საკეთილდღეოდ

0.116478