ჭაბუკთა "ბ"

19:01 | 13.06.2018 | ნანახია 2086 - ჯერ

„ა“ ლიგაში ‘ლელო’, „ბ“ ლიგაში ‘ხვამლი’
ჭაბუკთა 7-კაცას დასკვნითი ეტაპი

გასულ პარასკევსა და შაბათს, გორის სარაგბო სტადიონმა ჭაბუკთა ლიგების 7-კაცა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპებს უმასპინძლა და ჩემპიონები გამოვლინდა.

ჯამში ამ ორ დღეს 7-კაცა 24 გუნდის 288-მა მორაგბემ ითამაშა. ეს ის ბიჭები არიან, რომელთაგანაც საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც უკვე მეორე წელია ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს თამაშობს.

წელს პირველად, ჭაბუკთა ლიგის 7-კაცა ჩემპიონატები ორ ეტაპად ჩატარდა და მან მთელი საქართველო მოიცვა.

„ა“ ლიგა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის შესარჩევ ეტაპს 25-26 მაისს რუსთავმა და ქუთაისმა უმასპინძლა. დასავლეთში 8 გუნდი თამაშობდა და ფინალურ ეტაპზე მათგან 5 გავიდა. ფინალურ ეტაპზე გუნდები ასეთი თანმიმდევრობით გავიდნენ - ‘აია’ (ქუთაისი), ‘ბათუმი’, ‘სათაფლია’ (ქუთაისი), ‘ლეგიონი’ (ხაშური) და ‘არესი’ (ქუთაისი).

აღმოსავლეთში შესარჩევ ეტაპზე 9 გუნდი თამაშობდა და 7 ფინალურ ეტაპზე, შემდეგი თანმიმდევრობით გავიდა: ‘ხვამლი’, ‘არმაზი’, ‘აკადემია’, ‘ლელო’, ‘სამთა’, ‘ხარები’ და ‘ლოკომოტივი-ხულიგანა’.

ჭაბუკთა „ა“ ლიგის 7-კაცაში გუნდები ორ 7-წუთიან ტაიმს თამაშობდნენ და კარშიც ურტყამდნენ. დასკვნითი ეტაპის თითო ჯგუფში (სულ 4 ჯგუფი) 3-3 გუნდი იყო განაწილებული და დაკავებული ადგილის მიხედვით თასის, სინისა და ფიალას ნახევარფინალში გადიოდნენ, ანუ თითო გუნდს 4 თამაშის გამართვა უწევდა.

ფინალური ეტაპი სენსაციით დაიწყო - დასავლეთის მეოთხე გუნდმა ხაშურის ‘ლეგიონმა’, აღმოსავლეთის პირველი გუნდი ‘ხვამლი’ 26:21 დაამარცხა. ‘ხვამლს’ ‘ლელომ’ 17:5 მოუგო და ფავორიტად შერაცხულმა გუნდმა მხოლოდ ფიალასთვის გააგრძელა თამაშა. ‘ლელომ’ ‘ლეგიონსაც’ სძლია - 42:7 და თასის ნახევარფინალში გავიდა.

„ბ“ ჯგუფში ორივე თამაში მოიგო ‘აიამ’ – ‘სამთასთან’ 43:0 და თანაქალაქელ ‘სათაფლიასთან’ 33:10. „გ“ ჯგუფში ‘არმაზმა’ ‘ხარებს’ (19:7) და ‘არესს’ (38:5) აჯობა, ხოლო „დ“ ჯგუფი ‘აკადემიამ’ მოიგო (‘ლოკომოტივთან’ 35:7 და ‘ბათუმთან’ 40:7).

‘ხვამლმა’ ბოლო ორი თამაში მშრალად მოიგო და ფიალას, ანუ მე-9 ადგილს დაეუფლა. სინისთვის ბრძოლაში ‘ხარებმა’ ჯერ ‘ლეგიონს’ სძლია, მერე ‘სათაფლიას’.

თასის პირველ ნახევარფინალში ‘აიამ’ ‘არმაზს’ 6 უპასუხო ლელოთი, 36:0 მოუგო. დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც ‘ლელომ’ ‘აკადემიას’ ერთი ლელო, 12:7 აჯობა. აკადემიელებმა ასევე ერთი ლელოთი, 24:19 მოუგეს ‘არმაზს’, ხოლო ფინალში ‘ლელომ’ ‘აიას’ 3 ლელო გაუტანა, სამივე გარდასახა და 21:5 მოგებით, ჭაბუკთა „ა“ ლიგის 7-კაცას ჩემპიონი გახდა.

საგულისხმოა, რომ 15-კაცას ჭაბუკთა „ა“ ლიგის გარდამავალი ტურნირი აღმოსავლეთში ‘ლელომ’, ხოლო დასავლეთში ‘აიამ’ მოიგო და 7-კაცას ფინალშიც ეს გუნდები გავიდნენ.

ყველა შედეგი იხილეთ:

http://site.rugby.ge/ka-GE/2018-U18-7K/

„ბ“ ლიგა

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის შესარჩევი ეტაპებს 27 მაისს ასევე რუსთავმა და ქუთაისმა უმასპინძლა. აღმოსავლეთში შესარჩევი ეტაპი 16-მა გუნდმა ითამაშა და ფინალურ ეტაპზე 6 გუნდი გავიდა: ‘ხვამლი’, ‘ლოკომოტივი’, ‘ლელო’, ‘აკადემია’, ‘ხარები’ და ‘თბილისი’. 15-მა გუნდმა ითამაშა დასავლეთში და გორის საგზური აქაც 6-მა მოიპოვა: ‘აია’, ‘კოლხი რაინდები’ (ფოთი), ‘არესი’, ‘ლეგიონი’ (ხაშური), ‘პონტო’ (ქობულეთი) და ‘მგლები’ (სურამი).

აქ გუნდები თითო 7-წუთიან ტაიმს თამაშობდნენ, არ ირტყმებოდა გარდასახვები და ორ ჯგუფში 6-6 გუნდი განაწილდა. შედეგად, ჯგუფურ ეტაპზე სამი ფრე დაფიქსირდა.

„ა“ ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგო ‘ხვამლმა’, თანაც ისე, რომ ლელო არ გაუშვია. „ბ“ ჯგუფში ყველა თამაში მოიგო ‘ლელომ’. ფლეი ოფები ნახევარფინალებით განახლდა და თასისთვის ბრძოლა ზემოთნახსენები გუნდების გარდა ‘ლოკომოტივმა’ და ‘კოლხმა რაინდებმა’ გააგრძელეს.

ფინალში ‘ხვამლი’ და ‘ლელო’ გავიდნენ და პირველმა მეორე 25:5 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში გარდასახვებს არ ურტყამდნენ, ოღონდ გუნდებმა ორი 7-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. მესამე ადგილი ‘კოლხ რაინდებს’ ერგო, ფოთელებმა ‘ლოკომოტივს’ 10:5 მოუგეს.

ყველა შედეგი იხილეთ:

http://site.rugby.ge/ka-GE/2018-U16-7K/

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124679