ამბები

23:02 | 11.06.2018 | ნანახია 1660 - ჯერ

შოთა თევზაძემ ურუგვაიში იმსაჯა

2017 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯმა შოთა თევზაძემ, ურუგვაიში გამართულ მსოფლიო რაგბის ერთა თასზე ორი შეხვედრა იმსაჯა.

24 წლის ქართველი ნაბიჯ-ნაბიჯ უშინაურდება საერთაშორისო რაგბს და ბოლო დროს მსოფლიო რაგბის ეგიდით ჩატარებულ თამაშებშიც ხშირად ჩანს. აქამდე მისი ყველაზე მაღალი დონის მატჩი რუმინეთი-ტონგასა და რუმინეთი-სამოას ტესტები იყო, სადაც გვერდით მსაჯად იმუშავა, აპრილში კი მიწვევა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, ცენტრალურ მსაჯად მიიღო.

მონტევიდეოში დასრულებული ტურნირის პირველ ტურში, 2 ივნისს შოთამ არგენტინა XV-ისა და მზარდი იტალიის თამაში განსაჯა, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა 19:8 მოიგეს. მეორე მატჩში 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მეტოქე ურუგვაიმ, ‘ფიჯელი მებრძოლები’ („ა“ ნაკრები) 29:10 დაამარცხა.

6 ივნისს თევზაძე კვლავ ცენტრალური მსაჯი იყო და კვლავ მზარდი იტალიის შეხვედრა განსაჯა, ამჯერად მასპინძელ ურუგვაისთან. დაძაბულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 23:19. მეორე შეხვედრაში არგენტინა XV-მა ‘ფიჯელ მეომრებს’ 75:15 აჯობა.

10 ივნისს, დასკვნით ტურში შოთას არ უმსაჯია. ‘მზარდმა იტალიამ’ ფიჯის დაძაბულ ბრძოლაშო 29:27 აჯობა, ხოლო არაოფიცილური ფინალი არგენტინა XV-სა და ურუგვაის შორის გაიმართა. მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება დასკვნით მეოთხედში შეძლეს, მეზობლებს 26:20 მოუგეს და 2018 წლის ‘ერთა თასის’ გამარჯვებული ურუგვაი გახდა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:15 | 12.06.2018
qomagi (248)

მსოფლიოზე არც ურუგვაის დამარცხება იქნება ადვილი საქმე.

08:45 | 12.06.2018
ირაკლი1986 (18)

წარმატებები კარგია სამსაჯო სკოლაც უნდა განვითარდეს!

23:44 | 11.06.2018
ogafa (407)

კარგია წარმატებები

0.084767