ბორჯღალოსნები

0:49 | 31.05.2018 | ნანახია 6520 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიო თასი: ქართველთა გმირული დასაწყისი უძლიერეს სამხრეთ აფრიკასთან

2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასი ომახიანად დავიწყეთ. უძლიერეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შევერკინეთ და ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ პირველივე სათამაშო დღეს ხმაურიანი სენსაცია დაგვეფიქსირებინა.

“ქურციკებს” მოსამზადებელ პერიოდში გასვლაზე ორჯერ ვეთამაშეთ და ორივე შემთხვევაში აფრიკელებმა იმარჯვეს, რომელთაგან განსაკუთრებით დამაჯერებლად პირველ თამაშში მოიგეს 55:11, ხოლო მეორე თამაშში ქართველებმა შედარებით უკეთესად ითამაშეს და სხვაობა შევამცირეთ – 23:48. მოკლედ, მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობდით და ნაკრების თითოეულმა წევრმა მშვენივრად იცოდა, თუ რა დონის გუნდის წინააღმდეგ უწევდა თამაში. მათ რიგებში ირჯება “სტორმერსის” ძირითადი მგეზავი დამიან უილემსი, რითაც ყველაფერია ნათქვამი.

მიუხედავად მოწინააღმდეგის ასეთი ძალისა, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” გმირულად იომეს, ბონუს-ქულა მოიპოვეს, ბოლო წამებამდე მოსაგებად იბრძოდნენ და ნათლად დაგვანახეს, თუ რა მაგარი თაობა მოსდის საქართველოს.

პირველი ქულები “ქურციკებმა” მოიპოვეს, მე-10 წუთზე წინ თამაშის გამო აფრიკელთა შერკინება დაინიშნა, რომლიდანაც ბურთი გამოიტანეს და საბოლოოდ მარცხენა ფრთიდან მოახერხეს ჩვენი დაცვის გარღვევა, ტაირონ გრინმა მაღალი სისწრაფით გაირბინა და შემდეგ ბურთი მშვენივრად გაატანა უანდისილე სიმელანეს, რომელმაც ლელოში დაამიწა, ხოლო გარდასახვა ზემოხსენებულმა უილემსმა ააცილა.

ქართველებმა ბრჭყალები ორიოდე წუთში გამოაჩინეს: ლაშა ლომიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი სანდრო სვანიძეს გაატანა, რომელიც ლელოდან ოთხ მეტრშიღა გააჩერეს, თუმცა შეტევა გაგრძელდა, ჯარიმის უპირატესობაც მოვიპოვეთ, თედო აბჟანდაძემაც ამით ისარგებლა და ლელოში ფეხით შეაცურა ბურთი, ლაშა ლომიძე კი მას მიჰყვა და ბურთი დაამიწა, გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დავწინაურდით. სამ წუთში კი შერკინებამ ივარგა, მეტოქე დავაჯარიმეთ, ხოლო აფრასიძემ კარში დაარტყა და კიდევ 3 ქულა მოგვიპოვა.

ამ თამაშში “ბორჯღალოსნების” აქილევსის ქუსლი რაქებში თამაში იყო, სადაც მეტოქე ბევრად გვჯობდა: გვინელებდა შეტევებს, გვაჯარიმებდა და ისეთ მომენტებში გვიღლიტავდა ბურთს, როდესაც ძალიან კარგი შესატევი პლაცდარმი გვქონდა. სწორედ ამ სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავოს სამწვრთნელო შტაბმა და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო წინ წავალთ.

26-ე წუთზე კი აშკარა შეცდომა დავუშვით და ლელოთი დავისაჯეთ: აფრიკელებმა ჩვენს 5-იანთან აუტი მოაწოდეს და შემდეგ მოლი ჩამოაყალიბეს, რომელშიც არ შევედით იმის იმედით, რომ ბლოკი დაფიქსირდებოდა, თუმცა ამის შესრულება არ მოხერხდა და ლელო ძალიან იოლად დაიდო, რომელიც ამჯერად უილემსმა გარდასახა. ტაიმი მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა: დემურ თაფლაძემ 38-ე წუთზე 22-თან მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ძელებს შორის დაამიწა, აფრასიძემ კი გარდასახა და ტაიმი 17:12 მოვიგეთ.

მეორე ნახევარი ქართველთათვის ძალიან ცუდად დაიწყო, 3 გარდასახული ლელო გავუშვით, რომელთაგან განსაკუთრებით დასანანი პირველი ლელო იყო, როდესაც მამუკაშვილს ბურთი დაუფარეს და მაშინვე ლელოში დაამიწეს ოვალი. ამას აფრასიძემ ჯარიმით უპასუხა და მე-60 წუთისთვის ანგარიში 20:33 იყო.

“ბორჯღალოსნებმა” მაინც ივარგეს: 70-ე წუთზე აფრიკელებს ბურჯი გაუსინბინეს და მატჩის ბოლომდე 14 იყვნენ, რითაც ქართველებმა უმალ ისარგებლეს და 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკა დვალიშვილმა მეტოქე მესამედ დაალელოვა, აბჟანდაძემ გარდასახა და მოსაგებად ერთი გარდასახული ლელო გვჭირდებოდა, თუმცა რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად “ქურციკებმა” ძალიან კარგად ითამაშეს, საქართველოს ნაკრებს შეტევის შესაძლებლობა აღარ მისცეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს, ხოლო ქართველებს ბონუსი ერგოთ – 27:33.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები ნამდვილად გვქონდა და განსაკუთრებით ეს რაქებში თამაშს ეხება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ეს იყო გმირული დასაწყისი! ბრავო ბიჭებს! მათ ყველაფერი ბოლომდე გაიღეს და ელემენტარული შეცდომები რომ არა, შესაძლოა, საერთოდ სენსაციური შედეგი დაგვეფიქსირებინა. თუმცა, ეს შეცდომები თამაშის ნაწილია, ხოლო მის გამოსწორებაზე მწვრთნელებმა უნდა იზრუნონ და დარწმუნებულები ვართ, რომ ილია მაისურაძე და მისი შტაბი ამაზე მაქსიმალურად იმუშავებს. ამ შედეგით კი ალბათ მთელმა საქართველომ უნდა იამაყოს და იმედი გვაქვს, რომ 3 ივნისს საფრანგეთთან თამაშის შემდეგაც ასე შევაქებთ ჩვენს ნაკრებს.

ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

სატურნირო ცხრილი

1. სამხრეთ აფრიკა U20 1 1 0 0 33:27 5
2. საფრანგეთი U20 1 1 0 0 26:24 5
3. ირლანდია U20 1 0 0 1 24:26 1
4. საქართველო U20 1 0 0 1 27:33 1

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:14 | 02.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე, უნდა დაიჯეროთ ბიჭებო და უნდა გაიწიოთ გამარჯვებისკენ ! ! !

16:10 | 31.05.2018
ოვალური კორბენი (276)

ვერ მივადევნე თვალი ამ შეხვედრას სამწუხაროდ.
ხელდახელ თამაშში როგორ გამოიყურებიან ბიჭები, მივიწევთ ამ მხრივ წინ ?

11:01 | 01.06.2018
BEERTRANCE (1073)

კი მომატებული გცაქვს. ის ფაქტი რა ღირს რო ყველა ლელო ბერებმა დადეს

16:38 | 01.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ბერები და მღვდელ-დიაკონნიც გვყავს ნაკრებში კაცოო ?

20:08 | 01.06.2018
BEERTRANCE (1073)

აყევი ახლა გუგლს შენც DDDDDDDD

16:55 | 01.06.2018
temuchin (431)

ბექებს გულისხმობდა ალბათ ჩვენი მეგობარი

18:32 | 31.05.2018
giogobi (68)

მე რაც მიყურებია ყველაზე კარგად ითამაშეს ხელდახელ, ანუ ასეთ მეტოქესთან ვგულისხმობ.

15:16 | 31.05.2018
kelbo (21)

მადლობა ბიჭებს ჯიგრიანი თამაშისთვის და იმისთვის რომ ამ დონეზე ვართ!
ყველაზე დადებითი რაც უნდა აღვნიშნო არის ხაზის თამაში - თანასწორად დაუდგნენ სამხ. აფრიკას!
ნამდვილად მესიამოვნა მათი ყურება!

მაგრამ წინსვლა უნდა გაგრძელდეს, ამისთვის კი ასეთი თამაშების მოგება უნდა ვისწავლოთ!
უნდა მოგვეგო ხალხო გუშინ!

გარდა იმ სულელური შეცდომისა რაც მეორე ტაიმის დასაწყისში დავუშვით, აუცილებლად აღსანიშნავია სუსტი თამაში რაქში და მოლში - ერთის დაცვაც გვიჭირდა და მეორესიც....
ეს ძირითადი ნაკრების სენიცაა და მწვრთნელების პასუხისმგებლობაა რო ახალ თაობაში ეს გამოსწორებულ იქნას....

თორე უამისოდ რაც გველის კი ნახეთ - მოწინააღმდეგეს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ და თანასწორად დავუდექით (შერკინება, ხაზი, დერეფანი), მაგრამ ვერ ვივარგეთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტში - ვერ ვიცავდით რაქს და მოლს - და რო შეგვატყვეს ეგ სისუსტე მანდ მოგვაწვნენ და მანდ გაგვარღვიეს!..

პ.ს. მადლობა მსაჯებსს კომპეტენტური და მიუკერძოებელი მსაჯობისთვის - ბევრჯერ მინახია მასეთი ლელოები ჩათვლილი და ბევრჯერ მინახია მასეთი დარღვევისთვის ყვითლის არმიცემაც და მაინცდამაინც დიდ მიკერძოებად არ ეთვლებათ ხოლმე....
შედეგად ანგარიში იქნებოდა კატასტროფული 47-20 ნაცვლად 33-27-ისა

16:37 | 31.05.2018
jora84 (183)

რაგბში მოგება ეგრე ჰაერზე არ მოდის, როგორც კი მოუმატეს სიჩქარეს მაშინვე გაგვიკეთეს თამაში.

14:14 | 31.05.2018
ilarioni (138)

სტატიკა კარგი იყო. ღია თამაშში გვიჭირდა ფიზიკურად, როგორც რაქებში ისე ფეხზე თამაშში. ძირითადად ფიზიკური მონაცემების ბრალია. ბურთი რამდენჯერ ჩაგვიხურეს. არა გვიშავდა დაკიდებულ ბურთებზე თამაშისას, რაც აგრეთვე გვიჭირს ხოლმე. უბრალოდ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ შეგვიძლია მსგავსი გუნდების დამარცხება. კარგად გამოვიყურებოდით დისციპლინაში, რაც აგრეთვე უდიდესი პროგრესია. უბრალოდ მიუხედავად დაშვებული ბავშვური შეცდომებისა ბურთი ცოტა მეტ ხანს რომ გაგვეკონტროლებინა სავარაუდოდ მოვიგებდით ამ თამაშს. აფრიკა აშკარად არ ელოდა ასეთ თამამ თამაშს ჩვენი მხრიდან, რითაც ვანერვიულეთ და ამას უკავშირდება ალბათ მათი მხრიდან დაშვებული უამრავი შეცდომა ხელით თამაშისას. კარგია ასე გავაგრძელოთ. ყველაზე მთავარი, რაც გამოჩნდა ბურთზე კონტროლია, თუ მეტ ხანს გავაკონტროლებთ ბურთს, დავინახეთ რომ ჩვენც შეგვიძლია რამე ღირებულის შექმნა, თუ ბურთს მეტოქეს გადავულოცავთ, სამწუხაროდ ამ სისწრაფეების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით.

13:35 | 31.05.2018
giogobi (68)

სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგური თამაშევის მერე, ვერც წარმოვიდგენდი ბონუს ქულას თუ ავიღებდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, რომ 80- ვე წუთი სრულად ემოციაში გვამყოფეს. უბრალოდ მოლში არ შესვლა რატო მოიფიქრეს ვერ გავიგე. საერთოდ მოლში დაცვა და რაქები პრობლემატური იყო. არ ვიცი სამხრეთ აფრიკელების ჯანის ამბავია აქ თუ სხვა რამ, მაგრამ მაგრად გაგვიჭირდა. ფრანგებისა და ირლანდიელების თამაშისთვის ხომ არ გიყურებიათ, როგორი გუნდებია, გვაქვს შანსი?

13:37 | 31.05.2018
GiorgiG83 (525)

-20 ქულის ფარგლებში ხელს ვაწერდი მატჩის დაწყებამდე
ამ აფრიკამ ნახევარი 6 ერი კატლეტის ჩეკივით წამოიხია

10:18 | 31.05.2018
BEERTRANCE (1073)

კინაღამ მოვუგეთ ქურციკებს. რაქი რო გამოგვასწორებია ტოპ გუნდობაზე გავიწევთ

07:19 | 31.05.2018
geogoli (367)

მადლობა გუშინდელი დღისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამ ფორმაციის ნაკრების განსაკუთრებით მეიმედება და მგონია რომ ჯგუფურ ეტაპზევე მოიგებენ რომელიმე თამაშს

01:32 | 31.05.2018
LApaata (115)

იქნებ დაგვიწეროთ სად შეიძლება ყურება მომავალი თამაშებისა?

01:34 | 31.05.2018
ika (35)

გამარჯობა, რაგბი ტვ ანახებს მთEლ ტურნირს

09:21 | 31.05.2018
LApaata (115)

მადლობა.

01:31 | 31.05.2018
LApaata (115)

ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს რა მაგრად უთამაშიათ, მჯერა უფრო მოუმატებენ. ასე იყო ფრანგებთანაც 3-ჯერ წააგეს და მერე ანდერძი აუგეს. მალე ქურციკებსაც მოუგებთ. წარმატებები!

01:17 | 31.05.2018
თორღვა პანკელი (387)

მინიმუმ ორი სამი მორაგბე იმსახურებს მთავარ გუნდში დაწინაურებას, ძალიან აი ძალიან მაგარი ბიჭები არიან!

0.096495