20-წლამდელები

1:21 | 20.05.2018 | ნანახია 3225 - ჯერ

20წ | ხარისხიანი რეპეტიცია
უმცროსი ბორჯღალოსნები 17:24 ინგლისის საგრაფოები

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი და მეორე ნომრების ნაზავმა გუნდმა ითამაშა ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ძალიან კარგ, მოტივირებულ ნაკრებთან. სტუმრები ყველა ეპიზოდში დიდი მონდომებით და თავგანწირვით იბრძოდნენ. ინგლისელები დაცვასა თუ შეტევაში თამაშობდნენ სწრაფ, გააზრებულ რაგბს, არაფერი დაგვითმეს შერკინებაში და ოფიციალურ თამაშებამდე, ჩვენს სამწვრთნელო შტაბს და მორაგბეებს დიდი სამსახური გაუწიეს.

ბურთი თამაშში საქართველოს ნაკრებმა შეიყვანა, მეტოქე რაქში შეავიწროვა, ჯარიმა გამოიმუშავა და თედო აბჟანდაძემ პირველსავე წუთზე ანგარიში გახსნა. ინგლისელებმა პასუხი არ დააგვიანეს, ორჯერ ჯარიმა არ დაარტყეს, მორკინალებით დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გაშალეს, ფლანგზე მეტობა შექმნეს და ლელოს რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს.

გასატანი პოზიციიდან ორჯერ ჯარიმა არც ჩვენ დავარტყით, მეორე ჯერზე 20-ზე მეტი ფაზით ვუტიეთ, მაგრამ სტუმრებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს. შესვენებამდე ანგარიშის შეცვლის შანსი ინგლისელებმა ორჯერ მიიღეს და აქედან ერთი ჯარიმა გაიტანეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 3 ქულის აღებაზე საბოლოოდ თქვეს უარი, თუმცა ლელოს გატანაც ვერ შეძლეს და ტაიმი მეტოქემ 10:3 მოიგო.

ზედ შესვენების წინ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. მორიგი შერკინების შემდეგ მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა, მსაჯებმა ითათბირეს და ორივე გუნდიდან თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევეს - ჩვენგან მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს 14 ქულით ჩამოვრჩით. ცენტრალურ ხაზთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფრთაზე გარემარბი მარტო დარჩა და მას ვეღარავინ დაეწია - 3:17. 51-ე წუთზე ინგლისელებს არეკნი დავუფარეთ, ხოლო უპირატესობით დაბრუნებული ჯარიმა არაზუსტი იყო.

უმცროს ბორჯღალოსნებს პირველ საპასუხო ლელომდე 55-ე წუთზე სანტიმეტრები დააკლდათ, როდესაც თანმიმდევრული შეტევით ნახევარი მოედანი გაიარეს და უკვე ლელოში შესული გია ხარაიშვილი მცველებმა უკან გადმოაგდეს. მერე ბურთიც დაიკარგა, თუმცა ქართველებმა იქვე ძალიან კარგად ითამაშეს, მეტოქე შეავიწროვეს და 5-მეტრიან წყვეტილთან შერკინების უფლება მოიპოვეს.

ამჯერად ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა მაგრად დაჯაბნა და ზედიზედ სამი ჯარიმის შემდეგ ინგლისი მოედანზე 10 წუთით 13 კაცის ამარა დარჩა - ბურჯი სინბინით დაისაჯა. 62-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა. ჩვენმა შერკინებამ ამჯერადაც იმძლავრა, სანამ რეფერი საჯარიმო ლელოს ჩასტვენდა ბურთი გიორგი მარგალიტაძემ აიტაცა და ძელებსშუა შესრიალდა, ხოლო ლაშა ლომიძემ გარდასახა - 10:17.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მთელი დრო შეტევაში გაატარეს. ინგლისელებმა ჯარიმებს მოუხშირეს და მატჩის მიწურულს სინბინით კიდევ ერთი მორაგბე დაკარგეს. 76-ე წუთზე ისინი 5-მეტრა დერეფნის შემდეგ მოლში არ შემოვიდნენ, თუმცა ბურთის მომგებმა თორნიკე ჯალაღონიამ ჭკვიანურად ითამაშა, ოვალი არ დათმო და თავად შეუტია, ლელო კი არჩილ აბესაძემ გაიტანა.

ლომიძემ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა და ‘ავჭალაზე’ შეკრებილ ქომაგს დარჩენილ 3 წუთში გამარჯვების იმედი ჩაესახა, მაგრამ შეტევაში გართულ ქართველებს დაცვა დაავიწყდათ, სტუმართა ფულბეკმა ინდივიდუალური გარღვევა მოაწყო და ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებმა 24:17 იმარჯვა.

ნამატჩევს ლადო კილასონიამ განაცხადა:

„ეს იყო მოსამზადებელი თამაში, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს ჩვენს სისუსტეებს, რომელთა გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ის გახდება სტიმული, რათა უკეთ მოვემზადოთ მომდევნო შეხვედრისთვის. სამწუხაროდ, დღეს რამდენიმე მორაგბე დაშავდა. მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხვალ გვექნება და საფრანგეთში წამსვლელთა საბოლოო სია ამის შემდეგ გახდება ცნობილი“.

„ინგლისის საგრაფოების ნაკრები ჩვენთვის საჭირო მეტოქე იყო. მათ ჩვენი სისუსტეები წაიკითხეს და ზუსტად იმ წერტილებში შემოგვიტიეს, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეტოქე გააკეთებს. მწვრთნელებმაც და მოთამაშეებმაც კარგად უნდა ვნახოთ რაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია და შევეცდებით დარჩენილ დროში ეს პრობლემური ხვრელები აღმოვფხვრათ“.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი 28-კაციან შემადგენლობას შეარჩევს, რომელიც 23 მაისს საფრანგეთში გაემგზავრება, ხოლო ინგლისის საგრაფოები საქართველოში რჩება და 25 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს რუსთავში შეხვდება.

19 მაისი. 20:00

თბილისი. ავჭალა. 2500 მაყურებელი

საქართველო U20 - ინგლისის საგრაფოები U20 17:24

საქართველო U20: 15. გიორგი მიქანაძე, 14. თემურ ჭიჭინაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. მიხეილ ალანია; 1. გიორგი ნუცუბიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. გიორგი ახალაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. არჩილ აბესაძე, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი წიკლაური, 23. ბექა აბულაშვილი, 24. ზურა ქავთარაძე, 25. ლაშა მაჭარაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:34 | 20.05.2018
პანტელეიმონი (1218)

"როცა სექმე რაგბს ეხება ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, რაგბი ჩვენი თამაშია! ღმერთმა მოგცეთ სულში მხნეობა და მკლავში ძალა!" - თორღვა პანკელი -ის ამ დალოცვას მთელი არსებით ვუერთდები, გაგვახარეთ ბიჭებო ! ! !

15:12 | 20.05.2018
თორღვა პანკელი (387)

არც მე არ მეგონა თუ ასეთი ძლიერი გუნდი გამოდგებოდა საგრაფოები, მეორე მხრივ უკეთესია სუსტებთან ჯახი რა ხეირის მომტანია მს.ჩ.-ის წინ, სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებს უნდა ეთამაშო თუ გინდა შეცდომები დაინახო და შედარებით გამოუცდელი ბიჭების კონტინგენტი რეალურად ნახო საქმეში. ამ მხრივ ეს სპარინგები ყველაზე რთული და სასარგებლო იყო რაც კი ჩაგვიტარებია ამ ასაკში, სამხ.აფრ.-ის უძლიერეს ნაკრებთან და ასევე ძლიერ ინგლისელებთან, ორივესთან ორჯერ ურთულესი თამაშების ჩატარება დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს მს.ჩემპიონატზე, ტრავმები კი მართლა სამწუხაროა განსაკუთრები ჩვენთვის მაგრამ, ნაღდად არ მქონდა იმის ილუზია რომ ასეთი ურთულესი ჯახებიდან უტრავმოთ გამოვიდოდით. მოკლედ ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს რომ მწვრთნელები და ბიჭები მიუახლოვდნენ, იმ ფიზიკური ფორმის და საერთოდ ისეთ მომზადების დონეს როგორიც უნდოდათ, ახლა მხოლოდ ის დაგვრჩა დაველოდოდ მს.ჩ-ის დაწყებას და ვნახოთ რა შეგვიძლია, როცა სექმე რაგბს ეხება ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, რაგბი ჩვენი თამაშია! ღმერთმა მოგცეთ სულში მხნეობა და მკლავში ძალა!

13:05 | 20.05.2018
geogoli (367)

საკმაოდ სუსტად გამოვიყურებოდით, იმათმა 15 ნომერმა საერთოდაც აწიოკა ჩვენი დაცვა. არ მეგონა ესეთი ძლიერი თუ იქნებოდა საგრაფოების ნაკრები. ისე ძალიან მიუწევთ ჩხუბისკენ გული ჩვენს U20-ს და იმედია მსოფლიოზე თავს შიკავებენ

13:03 | 20.05.2018
beeq.777 (63)

სისწრაფეა ჩვენი მთავარი პრობლემა და უპირატესობის გამოყენება ხაზში. სამივე ლელო გაშლილი თამაშიდან დაგვიდეს და უპირატესობების მშვენივრად გამოიყენეს. ძალიან კარგი და სწრაფი 15 ნომერი ყავდათ რომელმაც ლელო და სალელოვე პასი მიითვალა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ასეთი სწრაფი მოთამაშეები. ჩვენ გუნდს ეტყობოდა რომ მოსამზადებელი თამაში იყო და შემადგენლობაც არიყო ოპტიმალური ლიდერები დაასვენეს. ცუდია რომ წიკლაური დაიმტვრა და სხვა მიკრო ტრავმებიც იყო. წარმატებები და მადლობა ჩვენ ბიჭებს.

10:47 | 20.05.2018
temuchin (431)

მე პირადად არ ველოდი ინგლისის რეგიონალური ლიგის ნაკრებისგან ამხელა უპირატესობას. ყველაფერში დაგვჯაბნეს შერკინების ჩათვლით ბოლო ორი შერკინების გარდა. ის ლელოებიც რაც გავუტანეთ მათი კაცნაკლულობის ჟამს მოვახერხეთ. იმედია მსოფლიოზე სხვა სურათი იქნება.

0.081941