შიდა რაგბი

14:49 | 11.05.2018 | ნანახია 2199 - ჯერ

ქართული რაგბის ნამდვილი პიკასო

‘პიკასოს’, დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ამირან შავგულიძე, კაცი-ლეგენდა, ვისაც ქართული რაგბის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებით კი - ზღვისპირა რეგიონებში: აჭარასა და ფოთში...

ამირან შავგულიძემ ბავშვობა ქუთაისში გაატარა. 6 დედმაშვილს შორის-უმცროსი ამირანი, მართალია სხარტი აზროვნებითა და გამჭრიახი გონებით უმრწმესი ასაკიდან გამოირჩა, თუმცა ონავარი, ჩხუბისთავი და დაუდგრომელი ყმაწვილის მართვა შუძლებელი აღმოჩნდა. თანაც, ამირანის დედა, ადრე დაქვრივებული ზინა ხარაბაძე დროის უმეტესს ნაწილს ოჯახის რჩენას უთმობდა. რთულია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართებოდა ამირან შავგულიძეს ცხოვრება, რომ არა მისი ბიძაშვილი, რაგბით დაკავებული იური შავგულიძე, ვისი დახმარებით 10 წლის ამირანმა პირველად იხილა ოვალით ბურთაობა და შემდგომში რაგბს მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

ამირანი, რაგბს განთქმული სპეციალისტის რამაზ სვანიძის თავკაცობით დაეწაფა. თავიდან ‘შავ საქმესაც’ არ ერიდებოდა, ბურთის მიმწოდებლის ფუნქციასაც ხალისით ასრულებდა და უფროსი მორაგბეების მაისურებზე ნომრებსაც ტვიფრავდა. რაგბმა ამირანი ქუჩას ჩამოაშორა და სკოლაში აკადემიური მოსწრებაც გაიუმჯობესა. შავგულიძეს გარკვეული საგნების სიყვარული და ერთგულება ბოლომდე შერჩა. ხატვის ნიჭმომადლებულმა ჭაბუკმა სწავლა, 1975 წელს თბილისში, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო, რაგბის თამაში კი - ‘სპარტაკში’, ბათუ კევლიშვილისა და მალხაზ კოროშინაძის ხელნმძღვანელობით გააგრძელა. ნიჭიერი მორაგბე ცნობილი მწვრთნელის რამაზ სანებლიძის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და ამირანმა თსუ-ს კვართი მოირგო. იმხანად სანებლიძემ უნივერისტეტის გუნდში უნიჭიერესს ახალგაზრდა მორაგბეთა პლეადას მოუყარა თავი: მამუკა ვაზაგაშვილი; მამუკა ერიქაშვილი; გია კობახიძე; ნიკო ონიანი(ნიკო კეცხოველის შვილიშვილი); თამაზ ჭკუასელი; გია ნიჟარაძე, ვანო ბახტაძე და სხვანი.

საბჭოურ რეგბში ამირან შავგულიძის ‘ნათლობა’ 1978 წელს, სსრკ-ს უმაღლესი ლიგის ბინადარ თბილისის ‘ელვაში’ შედგა. ამირანზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართული რაგბის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის ირაკლი კიზირიას მხარდამხარ თამაშმა. იმხანად ვეტერანი კიზირია ‘ელვაში’ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. შავგულიძე ქართული რაგბის პირველ თაობას მარად დიდი სიყვარულით იხსენებს და მათ უდიდესი ეპოქის შემქმნელ ვაჟკაცებად მიიჩნევს. ‘ელვას’ კლასში დაქვეითების შემდეგ, 1981 წელს შავგულიძე მშობლიურ ქალაქს უბრუნდება და მოთამაშის კარიერას შაკო ქურციკიძის თავკაცობით ქუთაისის ‘სახლმშენში’ აგრძელებს, სადაც ამირანი ამპლუით კლასიკურ ჰავბეკად ჩამოყალიბდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. სწორედ რიონისპირელთა რიგებში თამაშის პერიოდში შავგულიძეს თანაგუნდელებმა ‘პიკასო’ შეარქვეს. ამირანს, სრულიად სარაგბო სამყარო დღესაც ‘პიკასოთი’ მიმართავს. შავგულიძე, ‘სახლმშენის’ რიგებში 2-ჯერ სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1988 წელს კი გარემოებათა გამო(უმეტესწილად-სუბიექტურ) მშობლიურ ქალაქს გამოეთხოვა და მცირე ხნით თამაში ხარკოვის სატრაქტორო ქარხნის(XTZ)გუნდში განაგრძო. 1989 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა ‘პიკასომ’ ადგილობრივ პედაგოგიურ ინსტიტუტში რაგბის გუნდი ‘აიეტი’ ჩამოაყალიბა, რომელიც ერთი ხანობა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იწყება შავგულიძის ერთობ ნაყოფიერი და წარმატებული სამწვრთნელო კარიერა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ამირან შავგულიძის ყურადღება აჭარის რეგიონმა მიიპყრო. პატრიოტ ‘პიკასოს’ ქვეყნის უმხვილესს სტრატეგიულ რეგიონში ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი წრთობა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება რაგბის მეშვეობით ეწადდა. ‘პიკასოს’ მხარში აჭარის სპორტისა და ტურიზმის იმჟამინდელი მინისტრი თენგიზ ხახვა და ბათუმის კოლორიტი მურად დიასამიძე ამოუდგნენ და რეგიონში რაგბის აღორძინების საქმეში დიდი დახმარებაც აღმოუჩინეს. ამირან შავგულიძის ყოფილი მოსწავლეები ამჟამად რეგიონში რაგბის განვითარებას მთელ ძალისხმევას ახმარენ, აჭარის სარაგბო თემის თავკაცი დინო (ზურაბ) დოლიძეც ‘პიკასოს’ აღზრდილი გახლავთ.

1998 წლიდან ‘პიკასო’ ახალ, პირად გამოწვევად რაგბის ფოთში აღორძინებას ისახავს მიზნად და კოლხეთში სარაგბო მეურნეობის გაშლას, ‘ელვასა’ და თსუ-ში ყოფილი თანაგუნდელის, აწ გარდაცვლილ რამაზ ბერაძესთან ერთად იწყებს. ენთუზიასტებს თანადგომა პირველმა, ფოთის კოლორიტმა დათო მიქაძემ გამოუცხადა, ვინაც თავისი ვაჟიც რაგბში აქტიურად ჩართო და ფაზისში პირველი საბავშვო გუნდის ჩამოყალიბებაში დიდი სამსახურიც გასწია. ფოთელებმა რაგბს კარგად აუღეს ალღო და ერთი ხანობა ადგილობრივი ‘კოლხი რაინდები’ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაშიც გამოდიოდნენ. ‘პიკასოს’ აღზრდილი მორაგბეები: ანზორ სიჭინავა, ზურა ჟვანია, ირაკლი მირცხულავა და დიმიტრი ბასილაია ‘ბორჯღალოსანთა’ რიგებში დამკვიდრდნენ. ფოთში,‘პიკასოს’ მთავარ პრობლემად ნიჭიერი ჭაბუკი მორაგბეების გადინების უწყვეტი პროცესია, რამაც რეგიონში რაგბის განვითარების შემდგომ ზრდას თავისი მსახვრელი ხელი დაატყო. მიუხედავად ამისა, ‘პიკასოსა’ და მისი ყოფილი შეგირდების ძალისხმევით, კოლხეთში ამჟამად საფესტივალო ასაკისა და ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის გუნდები ნაყოფიერად ფუნქციონირებს, ‘კოლხი რაინდები’ კი რეგიონულ ლიგაში ასპარეზობენ. წლეულს ფოთში მორაგბე გოგონათა გუნდიც ჩამოყალიბდა. მართალია, ფოთის რაგბის სკოლას ადგილობრივი ხელისუფლება დიდ დახმარებას უწევს, თუმცა სერიოზული მიზნების მისაღწევად გაცილებით მეტი მატერიალური რესურსია საჭირო.

არსებული პრობლემების მიუხედავად, ამირან შავგულიძე მომავალს იმედიანად შეჰყურებს. ‘პიკასომ’,თავის დროზე‘ქართუ ჯგუფის’ მიერ, ბათუმსა და ფოთში აგებული ახალი სარაგბო არენების დაპროექტების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ღრმად სწამს, რომ ‘ქართუს’ შემდგომი ინტენსიური მხარდაჭერის შემთხვევაში ქართული რაგბი ნანატრ, რაგბის პირველი დონის ქვეყნების რიცხვს შეუერთდება.

ამირან შავგულიძისა და ხათუნა არჩვაძის ოჯახი ქვეყანას 2 ვაჟს უზრდის. მართალია, ამირანმა უფროსი შვილი საბა სპორტული ცხოვრებით ვერ დააინტერესა, სანაცვლოდ უმცროსი ვაჟი ლუკა, რაგბით აქტიურადაა დაკავებული. 13 წლის ლუკა შავგულიძე ‘თბილისის’ საფესტივალო ასაკის გუნდში თამაშობს და კლუბის დამრიგებელ მიხეილ ბურძგლას თქმით, ყმაწვილ მორაგბეში მამის გენი უკვე ნათლად შეიმჩნევა.

ამირან შავგულიძე სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრების დარჩენილი დროის გატარებას ქუთაისში გეგმავს. ‘პიკასოს’ ფუნჯის ხელის მოკიდება აქვს განზრახული, რათა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშობლიურ მამა-ქალაქს ნამდვილ პიკასოდ დაუბრუნდეს...

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:42 | 11.05.2018
თორღვა პანკელი (387)

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო ამირან და დიდი მადლობა ქართული რაგბისადმი გაწეული ამ უდიდესი ღვაწლისათვის.

0.083991