გუშინ ვწერდით, რომ აქვსენტი გიორგაძეს პატრის კოლაზოსთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა და შერკინების ქართველი მწვრთნელის „ლა როშელიდან“ დათხოვნას მიაღწია, თუმცა, კლუბმა არც ბუნტისთავი დაინდო და გუნდიდან მიაბრძანა.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ლა როშელში“ 7-წლიანი საქმინობის შემდეგ, პატრის კოლაზომ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მხარეებმა გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან, ვენსან მერლინგთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მერლინგმა ასეთ ზომას კლუბის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით მიმართა.
პრეზიდენტი დირექტორთა საბჭოს სახელით მადლობას უხდის კოლაზოს გაწეული შრომისთვის. სწორედ მისი შესანიშნავი მუშაობის შედეგია, რომ „ლა როშელს“ 2011 წლის შემდეგ უდიდესი პროგრესი ჰქონდა. თავის მხრივ, კოლაზო გუნდს წარმატებებს უსურვებს. ვინ იქნება „ლა როშელის“ სამწვრთნელო შტაბში, უახლოეს მომავალში გაირკვევა“.
ჯერჯერობით უცნობია, შესთავაზებენ თუ არა აქვსენტი გიორგაძეს კლუბში დაბრუნებას, თუმცა, ეს არაფერს ცვლის - სპეციალისტს, რომელიც საფრანგეთის ნაკრების კვაჭები გაუწვრთნია და საკლუბო დონეზეც უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია, უმუშევრად დარჩენა არ უწერია, რასაც ავტორიტეტული „რაგბირამაც“ ადასტურებს:
„დერეფნის მოწყობის სტრატეგიაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, კოლაზოსა და გიორგაძეს შორის კონფლიქტი წარმოიქმნა. ქსავიე გარბაჟოზამ სოლიდარობა გამოუცხადა აქვსენტის და კოლაზოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის გამო უკვე თავად კოლაზომ თქვა უარი კლუბში გაჩერებაზე. სავარაუდოდ, გარბაჟოზა-გიორგაძის დუეტი დარჩება კლუბში, კოლაზოს ადგილი კი, შესაძლოა, „ლა როშელის“ ახალზელანდიელმა ვეტერანმა ჯეისონ იტონმა დაიკავოს, ვინც შაბათის მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულა“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქვსენტი არის თავის საქმის მციდნე სუფთა ადამიანი, წარმატებები გლობუსას
აქვსენტის უდიდესი ამაგი აქვს რაგბში როგორც ნაკრებში ასევე საფრანგეთში, როცა მოვა დრო(იმედია ალბათ მალე)ქართული კლუბების ევროპულ სარბიელზე გაყვანის, კარგი იქნება თუ რაგბის კავშირი იმუშავებს აქვსენტის დარი სპეციალისტების სამშობლოში დაბრუნებზე.