ქართული

22:45 | 10.05.2018 | ნანახია 3817 - ჯერ

რატომ გაუშვეს აქვსენტი გიორგაძე „ლა როშელიდან“ (+VIDEO)

შარშან, აგვისტოში, პარიზის ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზ „ოლიმპიაში“ ტოპ 14-ის 2016/17 წლების სეზონის გალა-დაჯილდოება გაიმართა. იმ ღონისძიებაზე შავ-ყვითელი ფერები დომინირებდა. ესაა „ლა როშელის“ ფერები და „ოლიმპიაში“ ინდივიდუალური ჯილდოების დიდი ნაწილი ს წორედ „ლა როშელს“ ერგო, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი კი მოიგო, თუმცა შემდეგ პლეი-ოფის ნახევარფინალს ვერ გაცდა.

იმ დღეს ტოპ 14-ის წლის მორაგბედ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ახალზელანდიელი ვიქტორ ვიტო დასახელდა, საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ კევინ გურდონი აღიარეს, სეზონის ულამაზესი ლელოსთვის პრიზი ზენო კიფტს გადაეცა, ხოლო ტოპ 14-ის საუკეთესო სამწვრთნელო გუნდად პატრის კოლაზოს, ქსავიე გარბაჟოზას და აქვსენტი გიორგაძის ტრიო დასახელდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ჩამოთვლილი ლაურეატი სწორედ „ლა როშელის“ წევრია.

ამ სეზონის დაწყებამდე „ლა როშელი“ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად მიიჩნეოდა. ყველა სპეციალისტი თანხმდებოდა, რომ „ლა როშელის“ არნახულად მაგარ შერკინებასთან გამკლავება ტოპ 14-ის ნებისმიერ გუნდს უჭირდა. საუბარია იმ შერკინებაზე, რომელსაც საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კვაჭი აქვსენტი გიორგაძე ამზადებდა.

მაგრამ 2017/18 წლების სეზონი იმედგაცრუების სეზონად იქცა. მართალია, ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი „ლა როშელმა“ ურთულეს კომპანიაში (ირლანდიური „ალსტერი“ და ორი ინგლისური კლუბი - „უოსპსი“ და „ჰარლიქუინზი“) წარმატებით განვლო და პირველი ადგილი დაიკავა, თანაც ტოპ 14-შიც მოწინავეთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში უელსურ „სკარლეტსთან“ 17:29 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატი საბოლოოდ მხოლოდ მე-7 პოზიციაზე დაასრულა. ეს სრული კატასტროფა იყო: ამბიციამოზღვავებულმა გუნდმა საპლეიოფო ზონაში მოხვედრაც კი ვერ მოახერხა...

ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, გადამწყვეტი ტურის წინ „ლა როშელს“ გამარჯვება სჭირდებოდა, რაც სეზონის აშკარად ჩამგდებ „სტად ფრანსესთან“ სულაც არ იყო შეუძლებელი, თუმცა, ამავდროულად, კონკურენტებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა წაეგო. რეალურად კი, „ლიონმაც“ მოიგო და „კასტრმაც“. ასე დარჩა „ლა როშელი“ პლეი-ოფს მიღმა.

ამასობაში, თურმე, სამწვრთნელო შტაბში ამბები ხდებოდა - მტერს არ უსურვებ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მწვრთნელთა წარმატებული და პირველი შეხედვით მეგობრული ტრიუმვირატი დაიშალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მდგომარეობა ერთობ დაძაბული ყოფილა, იტყობინება „მიდი ოლიმპიკ“. ხოლო ბოლო დღეებში, სეზონის წარუმატებელი ფინიშის ფონზე, დაგროვილმა უარყოფითმა ენერგიამ ვულკანივით ამოხეთქა.

გასულ კვირაში პატრის კოლაზოსა და აქვსენტი გიორგაძეს შორის ტექნიკური ხასიათის უთანხმოება შეიქმნა. ეს „სტად ფრანსესთან“ მატჩისთვის მზადებისას მოხდა და ამ უთანხმოებამ ცეცხლს ნავთი დაასხა.

კოლაზოსა და გიორგაძის დაძაბული საუბარი მაღალ ტონალობაში წარიმართა. კოლაზოს გაუწონასწორებელი ხასიათი სარაგბო სამყაროში ყველასთვისაა ცნობილი (იხილეთ თანდართული ვიდეო). ჰოდა, ეტყობა, ვეტერან ბორჯღალოსანთანაც ვერ შეიკავა თავი და თუ აქვსენტის ბუნებასაც გავითვალისწინებთ, უთუოდ საკადრის და შესაბამის პასუხს მიიღებდა.

ამ ინციდენტს მოყვა კოლაზოს ულტიმატუმი და კლუბის ხელმძღვანელობის დაშანტაჟების მცდელობა: „ქართველი „სტად ფრანსესთან“ თამაშს თუ დაესწრება, ჩემი ფეხი აღარ იქნება სტადიონზე“. „ლა როშელის“ მესვეურებმა აქვსენტი გიორგაძე პარასკევს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს და ვეტერანი ბორჯღალოსანი შაბათის მატჩისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე აღარ გამოჩენილა.

აქვსენტის სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, ორშაბათს კი „მიდი ოლიმპიკმა“ სიტყვა ქსავიე გარბაჟოზას წასვლაზეც ჩამოაგდო. საფრანგეთის ნაკრების სახელოვან გარემარბს გიორგაძის ბედის გაზიარება ემუქრება, რადგან მას მერე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა კლუბის ხელმძღვანელების, მწვრთნელებისა და მოთამაშეების მონაწილეობით, და კოლაზომ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ გარბაჟოზასა და გიორგაძესთან ერთად მუშაობას აღარ აპირებს.

მაგრამ იგივე „მიდი ოლიმპიკის“ მტკიცებით, სულაც არაა გამორიცხული, რომ „ლა როშელის“ შეფებმა თავად პატრის კოლაზოს სამსახურზე თქვან უარი - შედეგზე პირველი და მთავარი პასუხისმგებელი ხომ ისაა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:48 | 11.05.2018
Tesriga (11)

აქვსენტი დარჩა გუნდში, კოლაზოს კი გააჯ...ეს, პ.ს. სიმართლე არ იკარგება

18:05 | 11.05.2018
თორღვა პანკელი (387)

+1 გაიხარე!

0.091389