პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ფრანციშკუ მაგალიაეში ფიქრობს, რომ „ლობუშს“ ამ შაბათს მეტოქის გაოცება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, 2016 წლის ერთა თასის მეორე რაუნდში (მე-7 რაუნდი ორი წრის ჯამში) „ბორჯღალოსნები“ ლისაბონში სწორედ პორტუგალიას ეთამაშებიან და შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
„ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ შაბათს გაკვირვება გამოვიწვიოთ. სავარაუდოდ, ისინი უპირატესობის მოპოვებას მორკინალებით ეცდებიან, ჩვენ კი, გაშლილი თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ“ - ამბობს მაგალიაეში.
ვიცე-კაპიტანმა გულშემატკივარს შეახსენა, რომ პორტუგალიის ნაკრები „ახალგაზრდული“ გუნდია და პორტუგალიური ნაკრები „ცვლილებების ფაზაშია“, სპორტულ-ინსტიტუციონალურ დონეზე, რაც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის ცვლილებითაა გამოწვეული. ის საქართველოს ნაკრებს, რომელიც სატურნირო ცხრილს ექვსიდან ექვსი მოგებით ლიდერობს და რომელმაც უკვე მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური, ასევე რუმინეთის ნაკრებს, რომელთანაც „ლობუში“ გასულ შაბათს ბუქარესტში 14:39 დამარცხდა, ყველაზე რთულ მეტოქეებად მიიჩნევს და ამბობს - „მათთან თამაშით უნდა ავიმაღლოთ სათამაშო კლასი, განვვითარდეთ და გამოვაწრთოთ მოთამაშეები“.
მაგალიაეში მთავარ ბრძოლებს ესპანეთთან და გერმანიასთან მატჩებში ელის, სადაც მათ წარმატების და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შანსი ექნებათ.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ამბობს, რომ რაგბიში იოლი თამაშები არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია, ლისაბონში მხოლოდ მოსაგებად ჩავიდა:
„ყველა დონის და სტილის გუნდთან სათამაშოდ სათანადოდ უნდა მოემზადო. არა აქვს მნიშვნელობა მეტოქე სუსტია თუ ძალიან ძლიერი, განწყობის შექმნა მნიშვნელოვანია“.
პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი იან სმიტი საქართველოს ნაკრებს ძლიერ გუნდად ახასიათებს და მაგალიაეშის მსგავსად ფიქრობს, რომ მის შეგირდებს მთავარი ბრძოლები ესპანეთთან და გერმანიასთან ექნებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაუჭირდებათ ჩვენი გაკვირვება, და იმედია ვერც გაგვაკვირვებენ. ჩვენ უნდა გავაკვირვოთ პირიქით ხაზის ძალიან კარგი თამაშით, ამ ხაზს შეუძლია ლაღი და სანახაობრივი თამაში.
იმედია ვერ გაგვაოცებენ