ქართული

17:33 | 9.05.2018 | ნანახია 6156 - ჯერ

შოტლანდია საქართველოში მოდის!

შოტლანდია ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩს თბილისში გამართავს!

ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდება და გუნდები მას იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სერია ორი მატჩისგან შედგება. სქოთებს თბილისში, “დინამო არენაზე” 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს, იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე, “მარიფილდზე” ვერკინებით.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვეს, როდესაც ბორჯღალოსნებს ქილმარნოქში უმასპინძლეს და სიტყვა შეასრულეს!

პირობის შესრულებაზე და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:

„2019 წლის მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ კამპანიაშია ჩართული. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს ბორჯღალოსნები ორ მატჩს გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან, რაც ჩვენს სამზადისს სრულყოფს. ეს მატჩები სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესშიც დაეხმარება და კიდევ ერთ შანსს მისცემს იაპონიისთვის ოპტიმალური გუნდის შესარჩევად.

„შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიის რაგბის კავშირს, რადგანაც 2016 წელს მათთან გამართული ტესტის შემდეგ დადებული პირობა შეასრულეს და მსოფლიო თასის წინ საქართველოში ჩამოვლენ“.

ტიერ1-ის ნაკრების პირველი ვიზიტით კმაყოფილია მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე:

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყანას მასპინძლობს და ამ შესაძლებლობით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ორი მოსამზადებელი მატჩის გამართვა ისეთი ტოპ გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შოტლანდიაა, ვფირქობ ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ორივე მხარეზე.“

რაგბი უჩვეულო დროს

თბილისური მატჩი უჩვეულო დროს, ზაფხულის ბოლოს გაიმართება. ქართული რაგბის გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ხილვის საშუალება აქამდე წელიწადში მხოლოდ ორჯერ, თებერვალ-მარტსა და ნოემბერში ჰქონდა.

გამონაკლისი 2018 წელია, რადგან 31 მაისს “ფრანგი ბარბაროსები” უნდა მივიღოთ, თუმცა ტიერ1-ის გუნდის პირველად მასპინძლობა განსაკუთრებული მოვლენაა და ქომაგსაც ზაფხულის არდადეგების განსხვავებულად დაგეგმვა მოუწევს.

ამ შესაძლებლობით კმაყოფილია მილთონ ჰეიგი:

“2019 წლის მსოფლიო თასის წინ ორი ასეთი მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისათვის ისტორიული მოვლენაა. ისტორიას ქმნის ისიც, რომ შოტლანდია საქართველოში პირველად ჩამოვა და უფრო მეტიც - ის იქნება პირველი ტიერ ერთის გუნდი, რომელიც ქართულ მიწაზე საერთაშორისო მატჩს გამართავს.

„ეს არის ბოლო წლებში საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთობების დამაგვირგვინებელი მტკიცებულება. ბორჯღალოსნებს წილად ხვდათ პრივილეგია, ეთამაშონ ასეთი დონის ნაკრებს საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის კიდევ უფრო უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე 2015 წელს. ეს მატჩები ამ მზადების უდიდესი ნაწილია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაზეც წარსულში ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა კი მთელი გუნდი, მოთამაშეები და ქართულ რაგბში ჩართული თითოეული ადამიანი, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებულია“.

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნებთან მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ თაუნსენდი:

„2019 წლის მსოფლიო თასამდე 18 თვე რჩება და ჩვენი მზადებაც გეგმის მიხედვით მიდის. საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მოსამზადებელი მატჩები კიდევ ერთ შანსს მოგვცემს შევაფასოთ, თუ როგორ ფორმაში არიან მორაგბეები და გუნდში მოსახვედრად, მოთამაშეებს თავის გამოსავლენად მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და წინსვლას განაგრძობს. მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კარგი გამოწვევა და დიდი პატივია“.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 15:6. ორი წლის წინ სქოთებს ქილმარნოქში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ - 43:16.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:52 | 14.05.2018
GiorgiG83 (525)

2010-2012 წლებში კანადა/აშშ _ზე ძლიერი მეტოქე არ გვყავდა, 2013 ში ფიჯი-იაპონიამ დაგვდეს პატივი, 2018 დახუნძლული წელიწადია, 2019 დაიწერა უკვე და... 2020 დან ვნახოთ...

20:59 | 10.05.2018
krasni (587)

ეს გამოცდა ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ, მატჩის ორგანიზატორებმა, გულშემატკივრებმა, ეროვნული სტადიონის თანამშრომლებმა, მთელმა ქვეყანამ. ბიჭები კი მჯერა თავს არ დაზოგავენ და საზეიმო საბაბს მოგვცემენ.

18:36 | 10.05.2018
buratino (480)

აღსრულდა! 2020-ის ნაცვლად (ადრე ასე გვითხრეს), უკვე 2019-დან იწყება საქართველოში სარაგბო გოლიათი ნაკრებების სტუმრობა! ქუდზე კაცი უნდა (გა)მოვიდეს სტადიონზე იმის მიუხედავად რომ საკმაოდ მოუხერხებელი დროა თბილისში ყოფნისთვის. ამ მატჩის ორგანიზებაზე, მაღალ დონეზე ჩატარებაზე და საერთოდ სქოთების ღირსეულად მასპინძლობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული (თავად თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ). მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა - ერი და ბერი, რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს ქომაგები - ყველანი უნდა გავერთიანდეთ და 6 ერის ბობოლა ბოსებს ვუჩვენოთ, რომ ქართველებს უძველესი ცივილიზაცია და ტრადიციები გაგვაჩნია და რომ რაგბი ჩვენი თამაშია! დარწმუნებული ვარ, მრავლად ჩამოვლენ შოტლანდიელი ქომაგები. ამიტომაც - მატჩის დროს მათ ქომაგობაში უნდა ვაჯობოთ, ხოლო მატჩის შემდეგ - ლუდის სმაში! ასევე უნდა დავანახოთ როგორი სტუმართმოყვარე ერი ვართ

16:20 | 10.05.2018
zangura (109)

როგორც იქნა, ნანატრი დროც დგება.

ისე აგვისტოში ნახევარი ქალაქი გასულია თბილისიდან და იმედია სტადიონი შეივსება და დიდი ანშლაგი იქნება.
სპორტული მხარის გარდა უნდა დავანახოთ, რომ საოცარი ატმოსფეროს შექმნა ჩვენც შეგვიძლია სტადიონზე.

ერთადერთი ეგ მანერვიულებს : ))

00:45 | 10.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ცოტა მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მოვიგოთ ეს თამაში საკუთარ კედლებში, ბოლომდე უქომაგოთ ჩვენს ლომებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

23:35 | 09.05.2018
test (124)

მშვენიერი მშვენიერი !!!! სათანადოდ უნდა ვცეთ პატივი პატარა ამბავი არაა!!

23:23 | 09.05.2018
dinamo222 (692)

ჯერ მაგ თამაშამდე წელიწადნახევარია და რამხელა აჟიოტაჟი ავტეხეთ იტალია კი წელიწადში სულ; ცოტა 5 ჯერ ხვდება შოტლანიისნაირ და უკეთეს გუნდებს ! და წავა ჩვენზე წინ აბა რა იქნება !

21:14 | 09.05.2018
kobaSP (45)

6 ერის ბოსი რო წავიდა იმედი მომეცა.
ეგებ დაიწყოს სასიკეთო ძვრები... არადა ეგ იყო კატეგორიული წინააღმდეგი ჩვენი ელიტაში მიღების..

21:13 | 09.05.2018
გუგა80 (177)

რაო რაო, რეიტინგზე რას ამბობს?

21:11 | 09.05.2018
LApaata (115)

ძალიან კაია და მადლობა სქოტებს. მათ დაგვაფასეს პირველებმა, იმედია მსოფლიოს შემდეგ უფრო მეტნი დაგვაფასებენ. ჩვენ ბიჯებს დაუდგეთ ისე როგორც არასდროს, მაგარი ჯახი იქნება.

20:56 | 09.05.2018
NIKA..01 (335)

ეს ერთი და სხვა მრავალი ძალიან მაგარი ამბავია.

20:47 | 09.05.2018
kobaSP (45)

საინტერესო სპარინგი გველოდება...

19:51 | 09.05.2018
krasni (587)

გაბედეს როგორც იქნა, მადლობა სკოტებს. ჩამოვიდნენ, გვეთამაშონ, ჩვენს სარაგბო ატმოსფეროს დააკვირდნენ, დედაქალაქი დაგვითვალიერონ, პური-ღვინო გაგვისინჯონ. იქნება და მართლაც ვიმსახურებთ იმ ყურადღებას, რომელზედაც ვოცნებობთ.

23:26 | 09.05.2018
jikha (22)

იმედი მაქვს კარგ მოგონებებს ვერ წაიღებენ

19:11 | 09.05.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

18:22 | 09.05.2018
temuchin (431)

ყოჩაღ სკოტებს, ბრავო, კიდევ უფრო მეტად დავაფასებ აწი, ჩვენ კი დიდი ანშლაგი და ზეიმი უნდა მოვაწყოთ ამ დღეს დინამოზე!

17:59 | 09.05.2018
sokhumsky (36)

გილოცავთ ყველას.

ეს დრო გულშემატკივრებმაც უბდა გამოვიყენოთ, რომ უკეთესად დავუდგეთ გვერდში ჩვენს ბიჭებს:
1. მატჩის დასაწისამდე ადრე შევავსოთ სტადიონი
2. შევეცადოთ შოტლანდიელი გულშემატკივრის ორგანიზებული სიმღერები ასევე შვენი ორგანიზებული სიმღერებით გადავფაროთ
3.Respect the kicker.
4. მატჩის შემდეგ უფრო მეტი ლუდი დავლიოთ☺

18:23 | 09.05.2018
temuchin (431)

მეოთხე პუნქტში ალბათ დღესვე ვაჯობებთ ყველას

17:44 | 09.05.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

0.094527