საბოლოო გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და 2020/21 წლების სეზონიდან პრო 14-ს კიდევ 3 სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი დაემატება. „უელსონლაინის“ ინფორმაციით, პრო 14-ის ხელმძღვანელობა კმაყოფილია მიმდინარე სეზონში „ჩიტასისა“ და „საუთერნ კინგსის“ შემოერთებით მიღებული შედეგით, ამიტომაც თანამშრომლობის გაფართოება ყველა მხარეს უნდა აწყობდეს.
„ყველა მხარეში“ სამხრეთაფრიკულიც მოიაზრება. უკვე პრაქტიკულად გაირკვა, რომ პრო 14-ს 2019/20 წლების სეზონიდან ორი აფრიკული გუნდი დაემატება. პირველი „შარქსია“, ხოლო მეორე იქნება ან „ლაიონსი“, ან „სთორმერსი“. ერთი მათგანი „ზვიგენებთან“ ერთად გადავა ევროპულ ტურნირზე. მეორე - მომდევნო წელს.
სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გუნდები სუპერ რაგბში წარმატებებს ვეღარ აღწევენ, ამ ფაქტმა იმედგაცრუება გამოიწვია და იქაური ფრენჩაიზები ევროპისკენ ალბათ ამიტომ იხედებიან. არადა, ოფიციალურ არგუმენტად ავსტრალია-ახალ ზელანდია-არგენტინა-იაპონიასთან სასაათო სარტყლების მნიშვნელოვანი განსხვავებით გამოწვეული სირთულეები მოჰყავთ. გარდა ამისა, სუპერ რაგბის ორგანიზატორებს ლიგის კონფერენციებად უსამართლო დაყოფაში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირში ხედავენ, როგორ გარბიან აფრიკელი მოთამაშეები სხვადასხვა ევროპულ კლუბში ფულის საშოვნელად და ამ ტენდენციის შესაჩერებლად ქმედითი ზომების მიღებას აპირებენ. პრო 14-ში სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზების გაწევრიანება ამ მიმართულებით მათი პირველი და აქცენტირებული ნაბიჯია. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ იგივე „კინგსმა“ პრო 14-ის სადებიუტო სეზონი საზიზღრად ჩაატარა და 21 მატჩში კინკილა მოგებით ბოლო ადგილი უკონკურენტოდ დაიკავა, ხოლო „ჩიტასმა“, მართალია, მეოთხედფინალში გაღწევა მოახერხა, მაგრამ იქ უელსურ „სკარლეტსთან“ 8:43 განადგურდა და სეზონი უსახელოდ დაასრულა.
როგორც ზემოთ ითქვა, პრო 14-ის ბოსები აღაფრთოვანა „ჩიტასისა“ და „კინგსის“ დამატებამ, მარკეტინგს ძლიერ წაადგა სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზების მოსვლა. ამიტომაცაა, რომ ყოფილი „კელტთა ლიგის“ ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელის „ზვიგენების“ და სხვა აფრიკული გუნდების შემოერთებას - ეს ხომ ახალი ინვესტორებს, ახალ მაუწყებლებსა და ახალ სამაუწყებლო ბაზრებს ნიშნავს!
ლიგის შემოსავლების გაზრდის მისია აღმასრულებელ დირექტორ პოლ ანაის პირადად ჰქონდა დაკისრებული, ვინც ამ საქმეს თავი წარმატებით გაართვა.
ანაის ხელმძღვანელობის პერიოდში პრო 14-ის სატელევიზიო შემოსავალი 12 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან სულ ცოტა 20 მილიონამდე გაიზარდა, შესაძლოა, 30-საც კი უწია. ორი აფრიკული ფრენჩაიზისგან მიღებულმა საშეჯიბრო-საწევრო თანხამ კიდევ 1 მილიონი მოუტანა ლიგას. მოკლედ, პრო დ2 იზრდება. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს საპასუხოდ სუპერ რაგბის ჩამტარებელი სანზაარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ორი გუნდის საწევრო ერთად 1.000.000 გირვანქაა, ანუ სადღაც 3.400.000 ლარს არ აღემატება რა პრობლემა გახდა ჩვენი რომელიმე კლუბის დამატება არ მესმის, მიუწვდომელი თანხა ნამდვილად არაა, მით უფრო თუ ერთი გუნდი ამის ნახევარი დაჯდება.
ვატყობ სანამ ჩვენ გამოვფხიზლდებით აღარც ამ ტურნირზე დარჩება საჩვენო ადგილი.
კონფერენციებად რომ არის დაყოფილი მაგიტომ გავიდა ლაიონზი ფინალში ორჯერ, აბა ზელანდიელებთან რო უწევდეს ხშირი თამაში ნამდვილად უარესი შედეგი ექნებოდა.
ამ ლიგას თუ ქართული კრებული დაემატება ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის