მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თავის აღმოჩენას - ფიჯელ ფრთას სემი რადრადრას დაკარგავს, რომელმაც 13-კაცადან კავშირის რაგბში გადასვლის შემდეგ პირველივე სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ამ მონსტრი კლუბის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. რადრადრას „ბოროდოსთან“ აქვს კონტრაქტი და ზაფხულში იქ ქართველ ახალწვეულებთან - ბექა გორგაძესა და ლექსო ყაულაშვილთან ერთად შეემატება. ამას დავუმატოთ, რომ ახლახან კარიერა დიადებმა - ვენსან კლერკმა და ბრაიან ჰაბანამ დაასრულეს...
ამ დანაკლისის აღმოსაფხვრელად ტულონელთა სელექციონერებმა კლუბის მეპატრონე მურად ბუჯელალისგან პლანეტის საუკეთესო გარემარბების ვარიანტების მოსინჯვის დავალება მიიღეს და ახლა საქმეს ისეთი პირი გამოუჩნდა, რომ ფიჯელის ადგილს თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი უკაშკაშესი ვარსკვლავი ჯულიან სავეა დაიკავებს.
მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი „ოლ ბლექსის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა (46), მაგრამ ბოლო დროს ზელანდიელთა დამრიგებელი სტივ ჰანსენი მას არ წყალობს და ნაკრებში გარემარბებად ნაჰოლოსა და იოანეს ათამაშებს, თან მილნერ-სკადერიც გამოჯანმრთელდა...
ანუ, თუ ჯულიანი გაისად იაპონიაში წამსვლელთა შორის არ მოიაზრება, მას თავისუფლად შეუძლია, ზელანდიიდან წამოვიდეს, საკლუბო კარიერას მიხედოს და „ტულონში“ თამაშით საბანკო ანგარიშიც გაიზარდოს.
ასეა თუ ისე, ჯულიან სავეა მაინც ფლობს განსაკუთრებულ პოტენციალს და „ტულონს“ სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება ამ სუპერვარსკვლავის ახალზელანდიური „ჰარიქეინზიდან“ გადმოსაყვანად. ცნობისთვის, სავეას ახალი ზელანდიის ნაკრებში ჩატარებულ 54 მატჩში 46 ლელო აქვს გატანილი, ხოლო „ჰარიქეინზის“ შემადგენლობაში სუპერ რაგბის 63 მატჩში 24 ლელო აქვს მითვლილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა გუნდი უნდა გყავდეს რომ ამას "სასტავში" არ მოიაზრებდე.
1000%