7-კაცა

13:56 | 2.05.2018 | ნანახია 1595 - ჯერ

18-წლამდელები: 7-კაცა ევროპის ჩემპიონატზე

ხვალ გამთენიას საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლიტვაში მიემგზავრება, სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიცაა.

ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს და ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებულები. საქართველო „გ“ ჯგუფში დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ლიტვის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს (განრიგი იხილეთ ქვემოთ).

სხვა ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ - „ა“: ირლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი; „ბ“: საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა; „დ“ პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ლუქსემბურგი.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 5 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავა, ხოლო დანარჩენები ტურნირზე მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ. ტრადიციულად, 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება და პლეი-ოფები 6 მაისს გაიმართება.

ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ ევროპის ჩემპიონი იღებს.

დიდი დანაკლისით

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად შარშან ითამაშა და თასის მეოთხედფინალში ინგლისის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა. შედეგად, 2017 წელს გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩვენი გუნდი 17 წლის მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, ამ ბიჭებს 18-წლამდელთა 7-კაცა წელსაც უნდა ეთამაშეთ.

თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ლიტვაში ერთბაშად 8 მოთამაშეს მოისაკლისებს: 5 მათგანს 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, ხოლო კიდევ სამი მოთამაშე ბოლო პერიოდში დაშავდა.

მიუხედავად ამისა, ობოლაძე ლიტვაში ოპტიმისტურად მიდის:

„დანაკლისის შესავსებად ვიმუშავეთ რაგბის ეროვნულ აკადემიასთან, გვქონდა ტურნირი გორში, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და კარგი ბიჭებიც გამოჩნდნენ. „ნატოს თასისთვის“ ამ ასაკის 6-მა გუნდმა ითამაშა და შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სელექცია 70 მოთამაშიდან მოხდა. მანამდე გვქონდა ერთი შეკრება, ხოლო გასულ შაბათ-კვირას მარტყოფში ორი დღე გავატარეთ, სადაც ქართულ კლუბებთან გვქონდა რამდენიმე თამაში და შეირჩა 12 საუკეთესო. არსებული რესურსიდან გამომდინარე, ლიტვაში ვეცდებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.

ლიტვაში მიემგზავრებიან:

საბა კურატიშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), დავით გობეჯიშვილი (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ლაშხი (იუნკერები), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), თეიმურაზ კოხოძე (აია), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), იაგო ხაბულიანი (აია).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

ფიზ. მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: გიორგი სვანიძე

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

5 მაისი

საქართელო - ბელგია (14:12 საათი)

საქართველო - ლიტვა (17:52)

დიდი ბრიტანეთი - საქართველო (20:48)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080944