16:38 | 1.05.2018 | ნანახია 1046 - ჯერ

ჭაბუკთა “ა” ლიგა: გარდამავალმა ტურნირმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა

ჭაბუკთა “ა” ლიგის გარდამავალი ტურნირით გუნდების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა საჯარო კმაყოფილება გამოთქვეს. მწვრთნელებს სათამაშო სტილის დახვეწის, შემადგენლობის დაბალანსებისა და ახალბედა მოთამაშეთა გამოცდის ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განვლილმა შეჯიბრებამ არაერთი ახალი, იმედისმომცემი მორაგბეც გამოავლინა. ტურნირის მოსამზადებელი ხასიათის მიუხედავად, გუნდებმა სპორტული პრინციპი (პოზიტიურ შედეგზე ზრუნვა) სრულად შეინარჩუნეს და შეხვედრათა დიდი ნაწილი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.

გარდამავალი ტურნირი აღმოსავლეთის ჯგუფის მე-9 ტურით დასრულდა (დასავლეთის ჯგუფმა ასპარეზობა 1 კვირის წინ დაამთავრა). ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. ლიდერმა და გოჩა აბაშიძის თასს ვადამდე დაუფლებულმა “ლელომ” საკუთარ არენაზე მეორე ადგილზე მყოფ “სამთას” უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებმა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისეს, შეხვედრას ხიბლი და დაძაბულობა არ მოჰკლებია. ორივე გუნდი ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, თუმცა ქვეყნის ჩემპიონი უკეთესი მარქაფის ხარჯზე უპირატესობას ფლობდა.

მიშა სუჯაშვილისა და ოთარ ბარკალაიას შეგირდებმა “სამთას” კონტრრაქში აჯობეს და 3 ძალისმიერი ლელოც გაიტანეს. 2 ლელო ჩემპიონმა დერეფნიდან შეკრული მოლით დადო. თავი გიორგი ჭანიამ, რობი ნერსესაშვილმა და ლუკა ხვითელიანმა გამოიჩინეს. გიორგი ენუქიძის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მარბიელმა გიორგი ტყეშელაშვილმა ერთი ხანობა ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა შეხვედრის ხსნა ვერ მოახერხეს. “ლელომ” 22:8 იმარჯვა და ყველა მოგებით (6 მატჩი პრემიით) ტურნირი 42 საცხრილო ქულით დაასრულა. “სამთას” კი პირველობაზე მეორე მარცხი მოწინავე სამეულს მიღმა დარჩენის ფასად დაუჯდა.

დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად მოასპარეზე “ხვამლმა” მეორე ადგილი დაიკავა. მუხიანელებმა საკუთარ არენაზე “აკადემიას” 11 ლელო გაუტანეს და 63:7 იოლ წარმატებას მიაღწიეს. ბურჯმა ჰამლეტ გოგიამ და ფრთა ლაშა გორგოშვილმა “დუბლი” შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ “ხვამლის” დამრიგებელმა, ექსბორჯღალოსანმა რატი ურუშაძემ, როგორც თავად მორაგბეობის ჟამს სჩვეოდა, შეგირდებს სწრაფი, პრესინგის თანხლებით, აგრესიული შემტევი თამაშის მანერა დაუმკვიდრა, რამაც “ხვამლი” ტურნირის ყველაზე შედეგიან გუნდად აქცია. მუხიანელები თამაშში საშუალოდ 50 ქულას აგროვებდნენ. საბოლოოდ “ხვამლმა” 35 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

“სამთას” მარცხით რუსთავის „ხარებმაც” იხეირეს. დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის შეგირდებს ვაზისუბანში, “არმაზთან” დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ. “ხარების” პირველი ხაზი უკეთ გამოიყურებოდა, რასაც ქვემოქართლელთა მხრიდან 3 ლელო მოჰყვა და მატჩის მიწურულს რუსთაველები 14-ქულიან უპირატესობას დაეუფლნენ. ბოლო წუთებზე კი “ხარების” მოთამაშის სინბინით დავით კიკნაძისა და დავით გეგეშიძის ბიჭებმა კარგად ისარგებლეს, მასპინძელთა მღლეტელმა გიორგი ზირაქიშვილმა მიჯრით 2 ლელოს გატანაც მოახერხა და რომ არა ერთი გაცუდებული გარდასახვა, ვაზისუბნელები უცილობელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. საბოლოოდ “ხარებმა“ 20:19 მოიგეს, 32 ქულა დააგროვეს, სატურნირო ცხრილში “სამთას” პირისპირ ბალანსით აჯობეს და პირველობაც მესამე ადგილზე ჩაამთავრეს.

პატარძეულის “ვეფხვებმა” შინ “ლოკომოტივი ხულიგანას” ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ”რკინიგზელები” გარეკახელებს ყველა სარაგბო კომპონენტში აღემატებოდნენ. გია კურატიშვილისა და ფირუზ ბერიაშვილის შეგირდებმა 10 ლელო გაიტანეს და მასპინძლები “მშრალი” ანგარიშით - 62:0 დაამარცხეს. “დუბლი” მარბიელმა ზურა ფრუიძემ და შუამარბმა ნიკა ქარდავამ შეასრულეს. “ლოკომოტივი ხულიგანა” 5 მოგებით მეხუთე ადგილზე გავიდა, “ვეფხვებმა” კი ერთადერთი მოგებით ბოლო ადგილი დაიკავა.

გარდამავალი ტურნირი ავჭალაში “არმიასა” და გორის “ჯიქი წიქარას” დაპირისპირებით დასრულდა. შიდაქართლელები მოუგებლად, ბოლო ადგილზე მყოფ “ჯართან” ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა სათამაშო დისციპლინის უქონლობამ გორელთა თამაშს დაღი დაასვა. აღნიშნული გარემოებით დიმიტრი კალანდაძისა და დავით დაოშვილის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს, მეტოქეს 2-ით მეტი ლელო გაუტანეს (სულ - 4) და 24:21 იმარჯვეს. გადამწყვეტი ლელო ზაზა ბაკურაძის გუნდს “არმიელთა” ფრთა დაჩი კიკაბიძემ მატჩის ბოლო წუთზე დაუდო. აღნიშნული წარმატებით “ჯარმა” ცხრილში 2 საფეხურით აინაცვლა და პირველობა მერვე ადგილზე დაასრულა. აღებულმა „ნუგეშმა“ კი “ჯიქი წიქარას” მეცხრე ადგილი არგუნა.

ჭაბუკთა “ა” ლიგის საქართველოს ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყება. ქომაგსა და სპეციალისტებს მეტად საინტერესო და დაძაბული პირველობა ელის. ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის აღმოსავლეთის 4-6 გუნდთან ერთად 2 რიონისპირული გუნდი, ავთო ჩუბინიძის თასის მფლობელი “აია” და “სათაფლიაც” იბრძოლებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091279