პრო დ2-ში სეზონი თითქმის დასრულდა, პლეი-ოფის ფინალი და ტოპ 14-ის პლეი-ოფიღა დარჩა, მხოლოდ ორი გუნდი აგრძელებს ასპარეზობას. სხვაგან კი ნელ-ნელა სატრანსფერო ციებ-ცხელება იწყება. მრავალ სპეციალიზებულ საიტზე შემდგარი და სავარაუდო ტრანსფერების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება. ერთ-ერთი ასეთია ფრანგული „რაგბი ტრანსფერი“, რომელმაც თავის ცხრილში ვახტანგ მაისურაძე მოახვედრა.
2011 წლის მსოფლიო თასის მონაწილე მაისურაძე ბოლო წლებში ტრავმის გამო ბევრ თამაშს ტოვებდა, რაც მის დღევანდელ კონდიციებზე დადებითად არ ასახულა. ასე, მაგალითად, 2013/14 წლების სეზონში მან პრო დ2-ის ერთადერთ მატჩში („ალბის“ შემადგენლობაში) მიიღო მონაწილეობა, მომდევნო ორ სეზონში იმავე კლუბში უკვე 33 თამაში ჩაატარა და 2016/17 წლების სეზონი, უკვე „ვანში“, კვლავ ფაქტობრივად მთლიანად გააცდინა - 30-დან მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა. ნაკრებშიც 2016 წლის თებერვლის მერე ტრავმიანობისა და წონაში საგრძნობლად მომატების გამო აღარ იწვევდნენ. მიმდინარე წლის დასაწყისში, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა კვლავ უხმო, მაისურაძე ნაკრების გაფართოებულ სიაშიც იყო, მაგრამ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია...
ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებში 25 კეპის მომხვეჭი და 2 ლელოს გამტანი მორაგბე ახალდასრულ სეზონს ჯანმრთელი შეხვდა და 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 12-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ზოგადადაც, „ვანის“ სასტარტო მეორეხაზელად მოიაზრებოდა, ხოლო მისი გამოცდილება და კლასი პრო დ2-ის ამ ერთობ საშუალო დონის გუნდისთვის ფასდაუდებელი იყო. ამასობაში, ვახტანგს „ვანთან“ კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ „რაგბი ტრანსფერმა“ 31 წლის მეორეხაზელი გვარი თავისი ცხრილის იმ გრაფაში ჩაწერა, სადაც არიან მორაგბეები, ვისთანაც „ვანი“ სავარაუდოდ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ველოდებით ოფიციალურ ცნობებს...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია