ქართული

16:54 | 30.04.2018 | ნანახია 1594 - ჯერ

ელიტასა და პირველ ლიგაში ასვლაზე

პირველი ლიგის პირველ გადათამაშებას "ყოჩებსა" და "არმიას" შორის ავჭალის სარაგბო არენამ უმასპინძლა. "ყოჩებმა" რიხიანად დაიწყეს შეხვედრა და ექსბორჯღალოსან და გუნდის კაპიტან თემურ სოხაძის არეკნით დაწინაურდნენ. თანაბარი თამაში მხოლოდ საწყისი 10 წუთი გაგრძელდა, რის შემდგომ "არმიას" უპირატესობა გამოიკვეთა.

მართალია, "ჯარმა" რეგულარული სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდო, დიდი 10-ის ბოლო 3 შეხვედრაში უჩვეულოდ ბევრი, 199 ქულა გაუშვა, თუმცა ელიტაში დასარჩენ შეხვედრაში მოედანზე საოცრად მობილიზებული და შემართული გავიდა. პირველივე ტაიმში არმიელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ფრთა დიმიტრი კალანდაძემ "დუბლი" შეასრულა, რასაც ჰავბეკ სანდრო ნახუცრიშვილისა და მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულის გატანილი ლელოებიც დაერთო და "ჯარმა" ტაიმი 30:3 მოიგო.

მატჩის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. არმიელები აკაკი ცინცაძის ბიჭებს ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ, რასაც მარცხენა ფრთა დავით მესხის, კვაჭ გენო ხელაიას და შეხვედრაში მარქაფადან ჩართული შუამარბ თედო დევიძისა და მარბიელ დავით დაუშვილის გატანილი კიდევ 4 ლელო მოჰყვა. "ყოჩებმა" გაიბრძოლეს, ბურჯმა გიორგი ხოსიტაშვილმა და ფულბეკმა გიორგი მელაძემ 2 ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა, ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ შეძლეს. ნიკო ჭავჭავაძისა და არჩილ ქავთარაშვილის შეგირდებმა მატჩი 39-ქულიანი სხვაობით, 56:17 მოიგეს და საპასუხო შეხვედრა პრაქტიკულად ფორმალობად აქციეს. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი "ყოჩები" კი ელიტაში დასაბრუნებლად მზად არ აღმოჩნდა.

"ტაო" პირველ ლიგას მიუახლოვდა

რეგიონთაშორის ფინალის პირველი შეხვედრა ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა "ჭიათურამ" სამცხე-ჯავახეთის "ტაოს" უმასპინძლა და თვალსასეირო, უხვქულიან შეხვედრაში 24:35 დამარცხდა.

იმერლებს აშკარად ეტყობათ ლეგენდარული მორაგბის, ზურაბ ხარშილაძის ხელი. "ვობლას" დამოძღვრილი "ჭიათურა" კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი ფარ-ხმალს არ ყრის, ბოლომდე იბრძვის და თან მეტოქეს მცირე შეცდომასაც არ პატიობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც განვლილი შეხვედრა გამოდგა. ფინალური მატჩის მღელვარებას მეტოქეები ვერ გაუმკლავდნენ და ორივე გუნდმა უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვა. მასპინძელთა მდგომარეობა მთლიანობაში ძირითადის 4 მოთამაშის ტრავმებმა დაამძიმა. მეტოქეებმა 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა, მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მართალია, "ტაოს" დერეფანში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა სტატიკაში ივარგეს და მათი პირველი ხაზიც გამორჩეული გახლდათ. "ტაომ" პირველი ტაიმი 21:7 მოიგო.

"ჭიათურამ" მეორე ტაიმში, ფულბეკ თეიმურაზ ვაშაძის მიჯრით გატანილი წყვილი ლელოს წყალობით, ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება ვერ მოახერხა. სამცხელებმა მღელვარება დროულად დაძლიეს, ბურთის კარგად ჩათამაშებას უმატეს და მოედნის სივრცესაც დაეუფლნენ, რამაც ფავორიტს საპასუხო, საშინაო შეხვედრის წინ 11-ქულიანი უპირატესობა არგუნა. "ტაოს" რიგებში გატანილი ლელოებით კვაჭი დიმიტრი ცაბაძე, მარბიელი ზაზა ბურძენიძე, მარჯვენა ფრთა ზურაბ ტაბიძე და მგეზავი ოთარ ტალახაძე გამოირჩნენ. საპასუხო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში კვირის მიწურულს გაიმართება. 2 მატჩის ჯამში წარმატებული გუნდი პირველი ლიგის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული კი კლასში ამაღლებას პირველი ლიგის მეცხრეადგილოსან "ივერიასთან" 2-მატჩიან დაპირისპირებაში ეცდება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078745