საქართველოს ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის გასავარდნ ფინალში ‘ბათუმს’ გორში 25:19 სძლია და ტიტულის დაცვას აგრძელებს. მასპინძლების გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა გუნდის კაპიტანმა გურამ შენგელიამ, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და დაცვაშიც შეუდარებლად იდგა.
შეხვედრა ‘ჯიქის’ აქტიურობით დაიწყო და მასპინძლები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ. მამუკა ნინიძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე რბილად ჩაკიდა და ის ზედ ლელოს ხაზთან ირაკლი სვანიძეს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა - 5:0. ბათუმელებმა შერკინებაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, 21-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ბახვა კობახიძემ კარის წინ 10 მეტრიდან 3 ქულა გაქვითა, რაზეც 5 წუთში ნინიძემ ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა.
მასპინძლებმა აგრესიული დაცვით ‘ბათუმს’ გასაქანი არ მისცეს, რაქებში კარგი თამაშით და სწრაფი კონტრშეტევებით მეტოქს პრობლემები შეუქმნეს, 35-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ნინიძე კვლავ ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ‘ჯიქი’ პირველ ბურთზე თამაშისას შეცდა, მაგრამ წითელ ზოლში თავი დაიცვა. უკვე გაწითლებულ დროზე ‘ბათუმმა’ აღარ გარისკა, კობახიძემ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:6 დასრულდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და კვლავ მე-7 წუთზე ‘ჯიქმა’ მეორე ლელო გაიტანა. მოლით რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გუნდის კაპიტანმა გურამ შენგელიამ შეუტია, მასზე სამი მბოჭვი მივიდა, მაგრამ ვერავინ შეაჩერა და ხელსაყრელი პოზიციიდან ნინიძემაც გარდასახა. ‘ბათუმმა’ სწრაფად სცადა პასუხის გაცემა და მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დიდი დრო გაატარა, მაგრამ ბოლო ზღუდე ვეღარ გადალახა და კობახიძემ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა - 18:9.
58-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა. მართალია ‘ბათუმმა’ საკუთარი დერეფანი დათმო, მაგრამ სანდრო ქოიავამ რაქში ბურთი დაიბრუნა, შეტევის მიმართულება ორჯერ შეიცვალა და ამირან მიქაძეს ლელომდე მეტრი დააკლდა, თუმცა შემდეგ მიძალებაზე ქოიავა მიზანს მიწვდა. კობახიძეს გარდასახვა გაუცუდდა და სხვაობა 4 ქულა დარჩა.
68-ე წუთზე გურამ შენგელიამ ერთხელაც გაიბრწყინა და ‘ჯიქი’ გამარჯვებას დაუახლოვა. მან შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, კონტაქტით სამი მცველი ჩამოიცილა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ გარდასახა და ანგარიში 25:14 გახდა. ‘ბათუმმა’ ბოლომდე იბრძოლა და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გიორგი გოგიტიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გორელებმა დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს და 25:19 მოგებით მცირე ფინალში გავიდნენ.
6 მაისს ‘ჯიქი’ თბილისში ‘ლოკომოტივს’ ეთამაშება და ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც მას ქუთაისის ‘აია’ ელოდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სწორად გეგმავენ სეზონის მსხვლელობას ჯიქის მწვრთნელები, როცა მოსამატებელი გუნდი სწორედ მაშინ უმატებს. სულაც არ განმიკვირდება ისევ რომ გახდნენ ჩემპიონები
თხილაიშვილი რატომ არყავდა ბათუმს?
ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე არ იქნება.
ვერაა კაი ამბავი, ძალიან გვისუსტდება შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის.