ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლოკომოტივი’ 20:15 დაამარცხა და 13 მაისს ფინალში, მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს.
‘აია’ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბოლოს 2011 წელს იყო და მაშინ ‘არმიასთან’ დამარცხდა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი ბოლოს 1995 წელს გახდა.
‘ავჭალაზე’ გამართულ მატჩში ქუთაისელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვეს. ტაიმის 5:5 დასრულების შემდეგ, მათ 20-წუთიანი მონაკვეთი 15:3 მოიგეს და ‘ლოკომოტივმა’ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.
თამაში სტუმრების აქტიურობით და სწრაფი შეტევებით დაიწყო. მათ ანგარიშის გახსნა მე-11 წუთზე მართებდათ, მაგრამ დავით გობეჯიშვილმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გააცუდა. ‘აია’ არ მოეშვა, მეტოქის 22-ში სიტუაცია კიდევ რამდენჯერმე გაამწვავა და მე-17 წუთზე ლელოც გავიდა: კარის წინ 40 მეტრიდან ბურთი აუტში გაიგზავნა, 5-მეტრიან წყვეტილთან მოლი დადგა, რომელსაც გარემარბი დავით ლოსაბერიძე მოწყდა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 0:5.
‘ლოკომოტივი’ შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა და 20 წუთის შემდეგ მეტოქის ნახევარზე გადავიდა. მერე ბადრი დანგაძე უბურთო ბექა წიკლაურს ეთამაშა და სინბინით დაისაჯა, რკინიგზელებმა კი დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელმაც 7-8 მეტრი იარა და გიორგი ბეგაძემ ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა წიკლაურსაც გაუცუდდა.
‘აიამ’ სათამაშო უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს დაიბრუნა, ქულები კი მეორეს დასაწყისში აკრიფა. 43-ე წუთზე ლოსაბერიძემ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 5 წუთში ქუთაისელებმა სისწრაფის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვეს, მერე მიხეილ ბაბუნაშვილი გაიწელა და მისი ლელო ლოსაბერიძემ გარდასახა. წიკლაურმა ჯარიმით 2 წუთში უპასუხა და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა - 8:15.
59-ე წუთზე სტუმრებმა მესამე ლელო გაიტანეს. თითქმის 2-წუთიანი შეტევის შემდეგ, თორნიკე მანაგაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. ლოსაბერიძეს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა და სხვაობა 12-ქულიანი დარჩა.
‘ლოკომოტივმა’ უკანმოუხედავად შეუტია და ‘აიამ’ ჯარიმებს მოუხშირა, რასაც სინბინით ჟორჟ სალდაძე შეეწირა. მასპინძლებმა საჯარიმო ლელო ვერ გამოიმუშვეს, მაგრამ რაქიდან ბეგაძემ შეუტია და დუბლი შეასრულა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა. საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე, სხვაობა ერთ ლელომდე დავიდა. თბილისელებმა დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს, მაგრამ ‘აიამ’ გადამწყვეტ ფაზებში დაცვაში კარგად ითამაშა, 20:15 იმარჯვა და ფინალში თამაშით გაიხარა.
ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს ‘ლოკომოტივიც’. რომელიც კვირის თავზე მცირე ფინალში გორის ‘ჯიქსა’ და ‘ბათუმს’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი ხვალ გორში, 16 საათზე დაიწყება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მთავარი ევროტურნირებია
ფინალი და კაი ცხოვრება კაია მაგრამ მთავარი ევროტურნირებზე გამოსვლაა, რაშიც მე კითხვის ნისნებს ვხედავ.
ვულოცავ აიას ფინალში გასვლას, ნამდვილად დამსახურებულია. კარგი იქნება ევროთასზე თუ გამოვა, მაგრამ მაგისთვის ფინანსების გარდა გაძლიერებაზეც მოუწევს ფიქრი. წარმატებები
გილოცავთ აიას და მის გულშემატკივრებს გამარჯვებას!ფინალში ვართ.წელს ჩემპიონები უნდა გავხდეთ.ვისურვებდი მეორე ფინალისტი ბათუმი ყოფილიყოს.წინ ა ი ა! 15 დღეში ჩემპიონობა მომელოცოს/
თამაში თვალსასეირო გამოდგა, ქუთაისის გასვლამ ფინალში ძალიან გამახარა . ისე უნდა ითქვას რომ აიას სასწრაფოდ დასახვეწი აქვს დერეფანიც და შერკინებაც თორემ ევროტურნირებზე ამას არავინ გვაპატიებს!!!
ხვალ ბათუმმა უნდა გამახაროს