უცხოური

13:26 | 26.04.2018 | ნანახია 1219 - ჯერ

ოუენ ფარელი ინგლისს უკაპიტნებს?

ივნისში ინგლისის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთაფრიკულ ტურზე გაემგზავრება, მაგრამ იქ გასამართ 3 მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება ძირითადი კვაჭი და კაპიტანი დილან ჰართლი, რომელიც ტურნეს ტრავმის გამო გააცდენს.

ედი ჯონსი დილემის წინაშე დგას - ვინ დაასახელოს გუნდის კაპიტნად "ბოკესთან" 3-მატჩიან სერიაში. "სარასენსის" თავკაცი მარკ მაკქოლი კი ნაკრების გურუს ურჩევს, ეს საპასუხისმგებლო მისია ოუენ ფარელს, ნაკრების კიდევ ერთ ლიდერ და საუკეთესო ბომბარდის დააკისროს.

მაგრამ არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. რამდენიმე ხნის წინ ედი ჯონსმა განაცხადა, რომ აფრიკულ ტურს გუნდის რამდენიმე ლიდერი გამოტოვებდა - მარო იტოჟე, მაკო ვუნიპოლა, ჯეიმი ჯორჯი და ოუენ ფარელიც, მაგრამ ინგლისის ნაკრების დარჩენილ კანდიდატთა შორის ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა, ასე რომ ჯონსს თავისი გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს.

"ინგლისის ნაკრებში ოუენ ფარელზე უკეთეს კაპიტანს ვერც ვისურვებდი. იმედია, ედი სწორედ მას აირჩევს", - თქვა "სარასენსის" შეფმა. ცნობისთვის, დილან ჰართლის უახლოესი პერიოდის გაცდენა ტვინის შერყევის პროტოკოლის ძალით მოუწევს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080449