ქართული

12:51 | 26.04.2018 | ნანახია 2613 - ჯერ

18-წლამდელთა 7-ქალა ოლიმპიადის შესარჩევში

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა რაგბი7-ის გოგონათა ნაკრები საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიცაა.

ტურნირს 28-29 აპრილს ქალაქი ვიში მასპინძლობს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშებია, მეორე დღეს - პლეი-ოფები, და 7-კაცას ტრადიციის თანახმად, ყველა ადგილი გათამაშდება, ოლიმპიადის საგზურს კი მხოლოდ ჩემპიონი მიიღებს.

საქართველო ე.წ. სიკვდილის, „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან. ევროპის ჩემპიონატი 28 აპრილს, საქართველოს დროით 12 საათზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თამაშით იხსნება, 15:18 საათზე შვედეთს ვეთამაშებით, ხოლო 18:36 საათზე ჩვენი მეტოქე რუსეთი იქნება.

მთავარი მწვრთნელი ტიხონი ხახალეიშვილი გუნდის მდგომარეობით კმაყოფილია და ბოლომდე ბრძოლის პირობას დებს:

„ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით თამაშების მოგებას. ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რაც გოგონებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. არსებული რესურსიდან გამომდინარე ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. გვქონდა შეკრება ქუთაისში, რომლის ფარგლებში, 7-ქალას მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის დახმარებით, პირველ გუნდთან მართვადი თამაშები გვქონდა. მიმაჩნია, რომ გუნდი მზადაა და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება“.

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ; „გ“ ჯგუფში პორტუგალიის, ესპანეთის, ბელგიისა და პოლონეთის ნაკრებები მოხვდნენ; ხოლო „დ“ ჯგუფში - ირლანდია, ჰოლანდია, ანდორა და ლიტვა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, ხოლო დანარჩენები მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ოლიმპიადის შესარჩევში ითამაშებენ: ნათია ჩაფიძე (ქუთაისი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), რუსუდან რუსიშვილი (ქუთაისი), მარიამ ჟორჟოლიანი (ქუთაისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ლუარა პერტაია (ზუგდიდი), ნინო მიქანაძე (ზუგდიდი), მარიამ ბერანაძე (ზუგდიდი), სალომე ხუხუა (თბილისი), სალომე ოთარაშვილი (თბილისი) ეთერი კაპანაძე (ოზურგეთი), მანონი საღარაძე (ლანჩხუთი).

მთავარი მწვრთნელი: ტიხონი ხახალეიშვილი

ჯგუფი

28 აპრილი

დიდი ბრიტანეთი - საქართველო (12:00)

შვედეთი - საქართველო (15:18)

რუსეთი - საქართველო (18:36)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077433