საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩამპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება, რის შემდეგაც უმაღლესი ლიგის კლუბები დიდ, ერთთვიან შესვენებაზე გავლენ.
რაგბის გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ეს შესვენება საქართველოს ჩემპიონატის ნაკრების - “თბილისის კავკასიელების” ევროთასებში ჩართვას ემსახურება, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ქართველთა მეტოქე იტალიური “როვიგო” იქნება. უკვე ორშაბათიდან (8 აგვისტო), ლევან მაისაშვილს გუნდის გაფართოებული შემადგენლობა შეკრებაზე გადაჰყავს, 13-14 სექტემბერს ნაკრები რომელიმე ქართულ კლუბთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ის 26 მორაგბე შეირჩევა, რომლებიც 18-ში გამთენიისას იტალიაში გაემგზავრებიან და “როვიგოსთან” პირველ მატჩს 20 სექტემბერს გამართავენ. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 27 სექტემბერსაა დანიშნული და ამ დღეს გაირკვევა გავა თუ არა ქართული კლუბების ნაკრები “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ ეტაპზე.
ამ მცირედი გადახვევის შემდეგ უშუალოდ მეოთხე ტურს დავუბრუნდეთ, რომელიც შაბათს, ორი თამაშით გაიხსნება. წინა სამი ტურისგან განსხვავებით, შეხვედრები, რომლებიც იმ სტადიონებზე (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) გაიმართება სადაც ხელოვნური განათებაა, ერთი საათით ადრე - 19 საათზე დაიწყება. მატჩები თბილისსა და რუსთავში პარალელურ რეჟიმში დაიწყება და დიდი ალბათობით, მინიმუმ ერთი დღით ლიდერი შეიცვლება.
დედაქალაქურ დერბიში “შევარდენზე” აუტსაიდერი “არმაზი” საქართველოს ჩემპიონ “ლელო სარასენსს” მასპინძლობს. არმაზელებმა მხოლოდ ორი თამაში ჩაატარეს, პირველ ტურში ბოლნისში 16:27 დამარცხდნენ, მეორე ტურის მატჩი ცნობილი მიზეზის გამო გადაიდო, ერთი კვირის წინ კი, “არმიას” ნიკოლავას სამი ჯარიმით ტაიმი 9:3 მოუგეს (არმიელთაგან არეკნი ელიზბარაშვილმა გაიტანა), მაგრამ შესვენების შემდეგ სამი ჯარიმა თავად მიიღეს (გადამწყვეტი 77-ე წუთზე) და 9:12 დამარცხდნენ. “არმაზმა” მცირე სხვაობით მარცხისთვის 1 პრემიალური ქულა მიიღო და ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.
“ლელო სარასენსმა” საწყის ორ ტურში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო პრემიალური ქულის აღება. დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტთან” ჩემპიონმა მატჩის ბედი დასკვნით 15 წუთში შემოატრიალა და 24:19 იმარჯვა, ხოლო “ბათუმს” ფოთში 20:0 მოუგო. გასულ ტურში ისინი “ხარებთან” 3:16 აგებდნენ, თუმცა დასკვნით 30 წუთში რუსთაველებს ყველაფერში აჯობეს და გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ, მაგრამ ბოლო წამზე 40 მეტრიდან ჯარიმა გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ - 22:22. გასულ ჩემპიონატში “ლელომ” “არმაზს” ორივე ჯერზე პრემიალური ქულით მოუგო (28:3 და 40:11) და ახლაც იგივეს გამეორებას ეცდება.
ლიდერობის შანსი აქვს “ხარებს”, რომელიც რუსთავში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს და ამჯერად “ბათუმის” დამარცხებას ეცდება. რუსთაველები დაუმარცხებლად მიდიან. “ლოკომოტივს” მათ პირველ ტაიმში ოთხი ლელო გაუტანეს და სამი გარდასახვა გამოიყენეს, მანამდე ორი ლელო თავად ჰქონდათ მიღებული და 26:10 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ თბილისელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ამ კომპონენტში ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენეს და გამარჯვებაც “ხარებს” დარჩა - 26:22.
მეორე წრეში რუსთაველებმა “არმიას” უმასპინძლეს და ექვსი უპასუხო ლელოთი 44:3 იმარჯვეს. იმ დღეს “ხარები” გახდა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი გუნდი, რომელმაც მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებული 14 მატჩიდან “ხარები” ერთადერთია, რომელმაც გამარჯვების პრემია მიიღო. გასულ ტურში რუსთაველებმა “ლელოს” 50 წუთის განმავლობაში აჯობეს, მაგრამ ბოლოს მარცხის საფრთხის წინაშე დადგნენ, თუმცა ბოლო შანსი ვაჟა ხუციშვილმა ხელიდან არ გაუშვა და ჯარიმით წონასწორობა აღადგინა (22:22).
“ბათუმმა” ზაფხულში შემადგენლობის მხრივ სერიოზული შევსება მიიღო, მაგრამ შეთამაშება გაუჭირდა და “არმიასთან” 15:25, ხოლო “ლელოსთან” 0:20 დამარცხდა. გასულ ტურში ზღვისპირელები დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტთან” სამჯერ დაისაჯნენ სინბინით, მაგრამ მეტოქეს მაინც აჯობეს (23:9) და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმეს. ახლა ისინი ანალოგიურის გამეორებას რუსთავში ეცდებიან, თუმცა მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება. გასულ ჩემპიონატში ეს გუნდები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდნენ, ბათუმში მასპინძლებმა 12:7 იმარჯვეს, მაგრამ რუსთავში 14:15 დამარცხდნენ და “ხარებმა” უმაღლესლიგაში თამაში დაიბევა, ხოლო “ბათუმმა” იგივე უფლება პირველი ლიგის მეორეადგილოსნის დამარცხებით მიიღო.
კვირის სათამაშო დღე 17 საათზე ბოლნისში, “ყოჩებისა” და “თიბიეს უნივერსიტეტის” შეხვედრით იხსნება. თუ არ ჩავთვლით პრემიალურ ქულებს, “ყოჩები” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს. ქვემოქართლელებმა ერთმანეთის მიყოლებით “არმაზი”, “ჯიქები” და “აია” დაამარცხეს, მაგრამ ვერცერთხელ შეძლეს პრემიალური ქულის აღება. მიუხედავად ამისა, ისინი 12 ქულით პირველ ადგილზე არიან და დიდ შესვენებაზე ამავე პოზიციით გასვლას ეცდებიან.
მათ მეტოქე “თიბიეს უნივერსიტეტს” ჯერ გამარჯვება არ უზეიმია, მაგრამ კერკეტი კაკალი გამოდგა. პატარა საქმე არაა ჩემპიონისთვის დიდი ბრძოლის გამართვა და პრემიალური ქულის მოპოვება (19:24). არც ისაა იოლი, რომ ვინმე ქუთაისში ჩავიდეს და 2 ათასამდე ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ბოლომდე ბრძოლით დამსახურებული ქულა მოიპოვოს (23:26). მაგრამ გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს და რადგან გასულ ტურში გუნდი “ბათუმთან” 9:23 დამარცხდა, ამ გუნდის მიზნები წელს მხოლოდ უძლიერესთა შორის დარჩენა თუ იქნება. მოკლედ, “თიბიესი” იბრძოლებს, “ყოჩები” კი, სავარაუდოდ პრემიალური ქულით გამარჯვებას ეცდება.
7 სექტემბერს “ავჭალაზე” “ჯიქები” “არმიას” მასპინძლობს. ჯერ კიდევ გასულ ჩემპიონატში, “ჯიქები” არმიელებს აუღებელ ზღუდედ ექცათ და პირველი წრის თამაში ფრედ 18:18 დასრულდა, ხოლო მეორე წრეში “ჯიქებმა” 17:11 იმარჯვა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ზაფხულში “არმია” შესუსტდა, ხოლო მათი მომავალი მეტოქე გაძლიერდა. და მაინც, გასულ სამ ტურს თუ გადავხედავთ, “არმიამ” უკეთესი შედეგი აჩვენა.
ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებმა პირველ ტურში “ბათუმი” (25:15), ხოლო ერთი კვირის წინ “არმაზი” (12:9) დაამარცხეს და 8 ქულას მოუყარეს თავი. მათ აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება მეორე ტურში “ხარებთან” გამანადგურებელი მარცხი (3:44). ამ ფონზე “ჯიქებმა” სამივე მატჩში ბოლომდე იბრძოლა და პირველ ტურში ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო - ქუთაისში 70-ე წუთზე გატანილმა არეკნმა თბილისელებს 18:15 მოაგებინა. ამის შემდეგ მათ ორი უპასუხო ჯარიმა მიიღეს “ყოჩებისგან” და 0:6 დამარცხდნენ, ხოლო გასულ ტურში “ლოკომოტივთან” ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, დასკვნით 15 წუთში ორი ჯარიმა და ერთი ლელო-გარდასახვა (დამატებულ დროზე) მიიღეს და უქულოდ დარჩნენ (3:16). ამასთან, სამი ტურის შემდეგ “ჯიქები” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ლელო არ გაუტანია და ამის გამოსწორებას ახლა ეცდება.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში 19 საათზე იწყება და “აია” თბილისის “ლოკომოტივს” მასპინძლობს. ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს და მათ შორის მუდამ დაძაბული ბრძოლები იმართება. შარშან “ლოკომოტივმა” ქუთაისში “აიას” 15:12 დამარცხება მოახერხა, ხოლო თბილისში 28:19 იმარჯვა. წელს “აიას” ახალგაზრდულ გუნდს გამოცდილების პრობლემები აქვს, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული მორაგბეები რომ დაუბრუნდა და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობს, გამარჯვების არცთუ ცუდი შანსი მაინც ექნება.
ქუთაისელებმა პირველი ორი ტური ახალ სტადიონზე გამართეს და “ჯიქებს” ორიუპასუხო ლელო კი გაუტანეს, მაგრამ ბევრჯერ დაჯარიმდნენ და 15:18 დამარცხდნენ. “თიბიეს უნივერსიტეტს” მათ პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, 20:9 დაწინაურდნენ და პრემიალურ ქულაზეც დაფიქრდნენ, მაგრამ ბოლოს თბილისელებმა იმძლავრეს და 76-ე წუთზე გატანილი ლელოთი მეტოქეს პრემია ჯობიდან ამოაცალეს, თუმცა გამარჯვება “აიას” დარჩა (26:23). ქუთაისელებმა შეთხელებული შემადგენლობით ბოლნისშიც იბრძოლეს, მაგრამ “ყოჩებს” ვერ აჯობეს და 14:30 დამარცხდნენ. ამრიგად, მათ დასაკარგი უკვე დაკარგეს და ახლა მხოლოდ ბრძოლას და უქულოდ დარჩენას აღარ დაჯერდებიან.
“ლოკომოტივმა” წლევანდელი ჩემპიონატი მარცხით გახსნა. მართალია მათ საწყის 7 წუთში “ხარებს” ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ შესვენებამდე ოთხი გაუშვეს და 10:26 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმი სრულად თბილისელების იყო და კიდევ ორი ლელო გაიტანეს, თუმცა მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყოთ და რადგან გარდასახვები რუსთაბელებზე ცუდად ურტყეს, მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ (22:26). მეორე ტურის თამაში “ლოკომოტივსა” და “არმაზს” შორის ცნობილი და სამწუხარო მიზეზის გამო გადაიდო და ლამის მესამე ტურის მატჩიც ჩაიშალა. “ჯიქებთან” თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, “ავჭალის” სტადიონზე მომხდარი დაზიანების გამო ელექტროენერგია გაითიშა. გუნდები შეთანხმდნენ, ქალაქის მეორე ბოლოში “შევარდენის” სტადიონს მიაშურეს. ამრიგად, შეხვედრა 22 საათზე დაიწყო და ნაშუაღამევს დასრულდა. პირველ ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით 15 წუთში “ლოკომოტივმა” იმძლავრა და ჯერ ორი ჯარიმა, ხოლო სულ ბოლოს ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლელო იმ ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა, რომელიც “აიას” აღზრდილია და შარშან ამ გუნდის უმნიშვნელოვანესი მორაგბე იყო.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
IV ტური
6 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 19:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო სარასენსი (თბილისი)
რუსთავი. ახალი. 19:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი)
7 სექტემბერი
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 17:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 19:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 19:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
1 | ყოჩები | 3 | 3 | 0 | 0 | 63–30 | 12 |
2 | ხარები | 3 | 2 | 1 | 0 | 92–47 | 11 |
3 | ლელო სარ. | 3 | 2 | 1 | 0 | 66–41 | 10 |
4 | არმია | 3 | 2 | 0 | 1 | 40–68 | 8 |
5 | ლოკომოტივი | 2 | 1 | 0 | 1 | 38–29 | 5 |
6 | ჯიქები | 3 | 1 | 0 | 2 | 21–37 | 5 |
7 | აია | 3 | 1 | 0 | 2 | 55–71 | 5 |
8 | ბათუმი | 3 | 1 | 0 | 2 | 38–54 | 4 |
9 | თიბიეს უნივ. | 3 | 0 | 0 | 3 | 51–73 | 2 |
10 | არმაზი | 2 | 0 | 0 | 2 | 25–39 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია