ქართული

13:18 | 24.04.2018 | ნანახია 1191 - ჯერ

გოჩა აბაშიძის თასი "ლელომ" შემართა

ჭაბუკთა "ა" ლიგის გარდამავალი ტურნირის აღმოსავლეთ ჯგუფის გამარჯვებული ვადამდე გაირკვა. ქვეყნის ჩემპიონმა "ლელომ" მიჯრით მერვე შეხვედრა მოიგო, 38 საცხრილო ქულა დააგროვა და მდევართათვის მიუწვდომელი შეიქნა. ფავორიტმა ავჭალაში "ლოკომოტივი ხულიგანას" 6 ლელო გაუტანა, პრემიის თანხლებით (სეზონში - მეექვსე) 40:10 იმარჯვა და გოჩა აბაშიძის თასის მფლობელიც გახდა.

"ლელოს" მარცხენა ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩემპიონმა გაშლილ თამაშში, უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და მეტოქის შეცდომებიც კარგად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე "ლელოს" მთავარი მწვრთნელის მიშა სუჯაშვილის მოუცლელობის გამო (სუჯაშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და "ლელოს" მთავარი გუნდის მწვრთნელთა შტაბის წევრია) ჩემპიონის დამრიგებლობა ოთარ ბარკალაიამ ითავა და ექს-ბორჯღალოსანმა დაკისრებულ მოვალეობას ჩინებულად გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ "ლელოს" მთელი ტურნირის მანძილზე ნაკრებში გამოძახებული 7-8 მორაგბე აკლდა, ჩემპიონმა ყველა მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხა პრემიის აღება. გარდა ამისა, ბარკალაიამ ტურნირზე გუნდი კარგად შეათამაშა, რამდენიმე ახალბედა პერსპექტიული ჭაბუკიც გამოსცადა და თან მეტოქეთა სუსტი და ძლიერი მხარეებიც შეისწავლა. "ცოფიანს" მიმდინარე პირველობაზე გუნდის გაძღოლაში აქტიურად გიორგი გაბელია ეხმარებოდა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა კიკეთში გაიმართა. "სამთამ" პრინციპულ მეტოქე "ხვამლს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 16:12 სძლია. მუხიანელთაგან ლელოს გატანა რეზო გუჯაბიძემ და ნიკა მჭედლიშვილმა მოახერხეს, "სენატორას" გუნდში კი ჰავბეკი ნიკა ქირია და ფულბეკი ლუკა ბექაური გამოირჩნენ. რატი ურუშაძის გუნდის მარცხს წერტილი ჯარიმით კიკეთელთა მგეზავმა შოთა ღუდუშაურმა დაუსვა - 16:12. "სამთამ" მუხიანელებს 2 ქულით გაუსწრო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. მოწინავე სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად, გიორგი ენუქიძის შეგირდებს დასკვნით ტურში ტურნირის გამარჯვებულ "ლელოსთან" შეხვედრის პოზიტიური შედეგით დასრულება მართებთ.

ლიდერთა სამეულში მოხვედრის შანსს რუსთავის "ხარებიც" ინარჩუნებს. ქვემო ქართლის დედაქალაქში, დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის ბიჭებმა "პატარძეული" ტურნირის სარეკორდო სხვაობით - 101:0 გაანადგურეს და მესამე ადგილზე ჩამოქვეითებულ "ხვამლთან" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. "შოროს" გუნდის მარჯვენა ფრთა ნიკა სანიკიძემ 5 ლელოს გატანა მოახერხა. სანიკიძემ რაგბში ვარჯიში 1 თვის წინ დაიწყო და გარეკახელებთან კარიერაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ბოლო 4 შეხვედრაში მარცხგანცდილ "ლოკომოტივს" კი ცხრილში "არმაზი" გაუთანაბრდა. ვაზისუბნელებმა გორში "ჯიქი წიქარას" ნიკოლოზ ციფურიშვილის, გიორგი ნამგალაძისა და ირაკლი შიოშვილის გატანილი ლელოებით 20:3 სძლიეს, ბონუსიც აიღეს და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში გია კურატიშვილისა და ფირუზ ბერიაშვილის შეგირდებს პირისპირ ბალანსითღა ჩამორჩებიან.

"აკადემიამ" ტურნირის აუტსაიდერ და მოუგებლად მყოფ "არმიასთან" პრემიის აღება მატჩის ბოლო წუთებზეღა მოახერხა - 31:12. გიორგი მებულიშვილის გუნდში გადამწყვეტი ლელო ფულბეკმა გიორგი ზუბაშვილმა მიითვალა. "მხატვრები" ცხრილში მყარად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

დასავლეთ ჯგუფის მონაწილეებმა კი ტურნირი დაასრულეს. "აია სათაფლიამ" წინა ტურში თანაქალაქელ "აიასთან" განცდილი მარცხის გამო ჯავრი ქობულეთის "პონტოზე" იყარა. ტიხონ ხახალეიშვილის შეგირდებმა აჭარლებს 9 ლელო გაუტანეს და 53:14 იმარჯვეს. ხელდახელ, ლაღ, გაშლილ თამაშში რიონისპირელებმა მეტოქეს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აჯობეს. "სათაფლიელთა" ფრთა ირაკლი ადეიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"პონტოს" მარცხით კარგად ისარგებლა ხაშურის "ლეგიონმა". დათო სტეფანოვის ბიჭებმა ქუთაისში, "არესთან" პირველ ტაიმში 15 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ რიონისპირელები 20:12 დაამარცხეს. შიდაქართლელთა რიგებში გატანილი ლელოებით ლუკა ლაცაბიძე, ზურა ზირუაშვილი, ჯიმი დარბაიძე და მიშო ჩადუნელი გამოირჩნენ. ალეკო ნიქაბაძის გუნდში კი მეორე ტაიმში ლელო გელა დანელიამ და ლუკა მაჭარაშვილმა გაიტანეს. სათანადო ინფრასტრუქტურისა და წვრთნის ნორმალური პირობების უქონლობის მიუხედავად, დათო სტეფანოვი ეფექტურად იყენებს ადგილობრივ ცოცხალ რესურსს, რასაც განვლილ ტურნირზე "ლეგიონის" 4 გამარჯვება და ცხრილში დაკავებული საპატიო მესამე ადგილიც მოწმობს. ხაშურმა მხოლოდ ფავორიტ რიონისპირელებთან, "აიასთან" და "სათაფლიასთან" შეხვედრებში განიცადა მარცხი.

მეხუთეადგილოსნის ბედი ასპინძაში, ადგილობრივი "ტაოსა" და "ბათუმის" დაპირისპირებაში გადაწყდა. ბექა ოქრუაძისა და დათო კაპანაძის შეგირდებმა აჭარლებს 4 ლელო გაუტანეს და მატჩი პრემიის თანხლებით, 22:7 მოიგეს. სამცხელთა მგეზავმა ნიკო ხუციშვილმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076776