საფრანგეთის პრო დ2-ის "მასიმ" თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოახერხა ხსენებულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თანაც პარიზის შემოგარენში მდებარე მცირე დასახლების სარაგბო გუნდმა ეს ღირსეულად შეძლო - რეგულარული ჩემპიონატი მე-12 საფეხურზე დაასრულა და ერთხელაც არ მოხვედრილა აუტსაიდერთა რიგებში.
სასიამოვნოა, რომ ამ მიღწევაში თავისი წვლილი ქართველმაც შეიტანა. ილია კაიკაციშვილი ფრანგულ ელიტაში პირველ სეზონს ატარებდა და თუ ჩემპიონატის საწყისი თითქმის ნახევარი ტრავმის გამო გააცდინა, გამოჯანმრთელების შემდეგ ძალზე დამაჯერებლად ათამაშდა და მეორე წრის ერთ-ერთი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა. საბოლოოდ, 24 წლის მარჯვენა ბურჯმა რეგულარული ჩემპიონატის თითქმის ნახევარში, 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 10 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
ახლახან "მასის" ოფიციალურმა საიტმა სამომავალსეზონო შემადგენლობის წარდგენა დაიწყო და კაიკაციშვილის გვარი გუნდის 4 მარჯვენა ბურჯს შორის ფიგულირებს. ეჭვიც არაა, რომ თავისი ღონიერებითა და თამაშის შეუპოვარი მანერით ახალგაზრდა მორაგბე მომავალ სეზონში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებებებს გისურვებ ილია!