ქართული

17:39 | 23.04.2018 | ნანახია 3811 - ჯერ

უკვე ოფიციალურად: ბექა გორგაძე "მონ-დე-მარსანიდან" "ბორდოში" გადავიდა

ის, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელი ბექა გორგაძე კარიერას "ბორდოში" გააგრძელებდა, კარგა ხნის წინ იყო გამოცხადებული. ჯერ კიდევ 2016/17 წლების სეზონის მსვლელობისას ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ "მონ-დე-მარსანის" უნიჭიერესი მორაგბე არ დაელოდება პრო დ2-ის კლუბთან კონტრაქტის ამოწურვას (2019 წლის ზაფხულამდე) და 2018 წლის ივნისიდან კარიერას ტოპ 14-ის კლუბ "ბორდოში" გააგრძელებს.

მოგვიანებით თავად ბექამ განაცხადა, რომ ბორდოელებთან მხოლოდ წინასწარი შეთანხმება ჰქონდა. თანაც, ერთი წლის წინ, როცა ბექას კლუბი ტოპ 14-ში გამსვლელ პლეი-ოფში "მონტობანს" შეხვდა, 22 წლის ქართველმა მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც დღემდე რაგბი აღარ უთამაშია. ამ ტრავმის მოშუშება გართულდა, თუმცა ბოლო დროს გორგაძემ მაინც დაამარცხა ეს პრობლემა და ვარჯიში განაახლა.

გასულ შაბათს კი "მონ-დე-მარსანი" ტოპ 14-ის გზას ზედიზედ მეორედ დაადგა და პლეი-ოფის პირველ წრეში, საკუთარ სტადიონზე "ბეზიე" 31:23 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ ადგილობრივ პუბლიკას "მონ-დე-მარსანის" 9 მოთამაშე ოფიციალურად დაემშვიდობა და გამოცხადდა, ვინ სად გააგრძელებს კარიერას. ამ 9 მორაგბეს შორის ერთ-ერთი სწორედ ბექა გორგაძე იყო, რომელიც მომავალი სეზონიდან "ბორდოში" ითამაშებსო - ესეც სტადიონზე მოწყობილ საზეიმო გაცილებაზე ითქვა.

ბექა გორგაძე "მონ-დე-მარსანის" ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მორაგბედ მიიჩნეოდა ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. კლუბში 19 წლის ასაკში მისულმა ქართველმა მესამეხაზელმა პირველ სეზონში 12 (8 - სასტარტო შემადგენლობაში) მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2016/17 წლების სეზონში "მონ-დე-მარსანის" უკვე ერთ-ერთი ლიდერი იყო - 20 (13 სასტარტო) მატჩი ითამაშა და 4 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრებში გორგაძეს დებიუტი ასევე ადრე - 19 წლის ასაკში ჰქონდა და მას შემდეგ გასულ 3 წელიწადში ბექამ 11 კეპი მოიხვეჭა და თავი 5 ლელოთი ისახელა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:33 | 24.04.2018
temuchin (431)

თუ შეიძლება რომ პერიოდულად ჩვენი ტრავმირებული ბიჭების შესახებ მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია? მაგალითად ბექა, ძალიან მეფიქრება უკვე, რამდენჯერმე თითქოს გამოჯანმრთელდა და ისევ იჩინა ტრავმამ თავი. იმედია მალე გამოჯანმრთელდება საბოლოოდ და დაგვიბრუნდება, ჩვენთვის ასეთი მძლავრი, ინტელექტუალური და ნიჭიერი მოთამაშის ყოლა უაღრესად მნიშვნელოვანია!

22:43 | 23.04.2018
test (124)

ძალიან კარგია აწი ჯანმრთელად იყოს, კარგი ბიჭია გამოიჩენს თავს.

22:39 | 23.04.2018
dominici99 (94)

albat aseti magali klasis da amavdroulad gamokvetili 8 nomeri arasdroa gvyolia. Gmertma xeli moumartos Bekas!

21:05 | 23.04.2018
თორღვა პანკელი (387)

მესამე ხაზელები საკმაო რაოდენობის გვყავს, მაგრამ ბექა ერთერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული მორაგბეა რომელსაც შეუძლია დიდი რაგბი ითამაშოს, ძალიან სამწუხარო იყო ის მუხანათური ტრავმა რომელმაც ამდენი დრო დააკარგვინა ბექას, მაგრამ დარწმუნებული ვარ უფრო ძლიერი დაბრუნდება. საკმარისზე მეტი დრო აქვს რომ ფორმა აღიდგინოს და ათამაშდეს ჩვეულ სტილში, ნაკრების წარმატების შანსები მსოფლიო თასზე ერთი ორად გაიზრდება, თუკი ასეთი ნიჭიერი და ყოველმხრივ უნივერსალური მოთამაშეები გააძლიერებენ შემადგენლობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ბექას, პირადად მე ძალიან ველი ამ მორაგბეს ნაკრებში.

18:32 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ბექა ! ! !

0.085053