7-კაცა

15:25 | 23.04.2018 | ნანახია 1565 - ჯერ

"ნატოს თასი" 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო

"ნატოს თასი 2018"-ის გამარჯვებული საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები გახდა. ერთდღიანი ტურნირი ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირისა და "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით გორში გაიმართა.

სპორტული თვალსაზრისით, ტურნირი 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ნაკრების სელექციას ემსახურებოდა და მასში 18-წლამდელთა 7-კაცას ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

„ა“ ჯგუფში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, თბილისის "ლელო" და ქუთაისის "აია" თამაშობდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფილიალის გუნდები და "ხვამლი".

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები U18-ისა და "აიას" მატჩით გაიხსნა, ნაკრების კანდიდატებმა 4 გარდასახული ლელო გაიტანეს, ერთი გაუშვეს და 28:7 იმარჯვეს. ჯგუფის მეორე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. "ლელომ" და "აიამ" 3-3 ლელო გაიტანეს, მაგრამ თბილისელებმა მხოლოდ ერთი გარდასახეს, ქუთაისელებმა - ორი, და "აიამ" 19:17 იმარჯვა. „ა“ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში U18-მა "ლელოს" 45:7 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ბ“ ჯგუფში "ხვამლმა" აღმოსავლეთ აკადემიას 40:5 სძლია, მაგრამ მეორე შეხვედრაში დასავლეთ აკადემიასთან 12:19 დამარცხდა. ჯგუფის დასკვნითი მატჩი დასავლეთისა და აღმოსავლეთ აკადემიას შორის დაძაბული გამოდგა. აღმოსავლეთელები ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ დასავლეთელებმა შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს, მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელო გაიტანეს და 26:14 მოგებით ფინალში გავიდნენ.

"ნატოს თასზე" ყველა ადგილი გათამაშდა და მე-5 ადგილისთის "ლელო" და აღმოსავლეთის აკადემიამ ითამაშეს. თამაში დაძაბული გამოდგა და აღმოსავლეთს ბოლოსწინა წუთზე წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ვერ გაიტანა, ვერც ბოლო შეტევისას იხეირა და "ლელომ" 21:19 იმარჯვა.

მე-3 ადგილისთვის "ხვამლმა" "აიას" 5 ლელო გაუტანა, თავად ერთი გაუშვა და მეტოქე 33:5 დაამარცხა. ფინალში U18 დებიუტშივე დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. ნაკრების კანდიდატებმა დასავლეთ აკადემიას 5 ლელო გაუტანეს, 29:5 იმარჯვეს და "ნატოს თასი 2018"-ის გამარჯვებულები გახდნენ.

ტურნირის ორგანიზატორებმა ჩემპიონი გუნდის გარდა ინდივიდუალური მოთამაშეებიც დააჯილდოვეს. ტურnირის ტექნიკურ მოთამაშედ დათო ნინიძე დასახელდა და მას ჯილდო ნატოს ცენტრის გორის რაიონის რეგიონალურმა წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა გადასცა.

"ნატოს თასის" სპეციალური პრიზით, ნატოს ცენტრის რეგიონალური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ირინა ბარნაბიშვილმა ზვიად ორმოცაძე დააჯილდოვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მელელოვეს, იაგო ხაბულიანს კუთნილი ჯილდო რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გოჩა მაჭავარიანმა გადასცა.

სულ ბოლოს დასავლეთის აკადემიამ ვერცხლის მედლები ჩაიბარა, ხოლო ჩემპიონი U18 თასით და მედლებით რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ და საზოგადოების ნატოს შესახებ ინფორმირების სამსახურის უფროსმა ირინა შამილაძემ დააჯილდოვეს.

ნატოს თასი 2018. გორი

ჯგუფი

U18 - აია 28:7

ლელო - აია 17:19

U18 - ლელო 45:7

  1. U18
  2. აია
  3. ლელო

ჯგუფი

აღმოსავლეთის აკადემია - ხვამლი 5:40

დასავლეთის აკადემია - ხვამლი 19:12

აღმოსავლეთის აკადემია - დასავლეთის აკადემია 14:26

  1. დასავლეთის აკადემია
  2. ხვამლი
  3. აღმოსავლეთის აკადემია

მე-5 ადგილისთვის

ლელო - აღმოსავლეთი 21:19

მე-3 ადგილისთვის

აია - ხვამლი 5:33

ფინალი

U18 - დასავლეთი 29:5

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:34 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა დაგვადებინოს ლელო NATO -სთან ერთად ! ! !

0.078994