ქართული

14:51 | 23.04.2018 | ნანახია 1633 - ჯერ

დიდი 10: ფინალი ნახევარფინალში

"ბათუმმა" "ლელო-სარასენსი" 30:8 დაამარცხა და პლეი-ოფის მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე გორის "ჯიქი" იქნება. შეგახსენებთ, შარშან დიდი 10-ის ფინალში "ჯიქმა" "ბათუმი" 28:22 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, ახლა კი ეს გუნდები ნახევარფინალში შეიბმებიან.

გუშინდელი მატჩის დებიუტში "ლელო-სარასენსი" შერკინებაში დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ 40 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მე-13 წუთზე სტუმრებმა დერეფნიდან ხელდახელ შეუტიეს და ალექსანდრე ხეცოიძემ ხაზი გაჭრა. ის ლელოდან 5 მეტრში შეაჩერეს, თუმცა იერიში გაგრძელდა და დაახლოებით 1 წუთის შემდეგ, ხეცოიძე უკვე საპირისპირო ფლანგზე მიზანს მიწვდა. ირაკლი ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. მან 29-ე წუთზე კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და "ლელო-სარასენსი" 8:3 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

კობახიძემ ჯარიმით 3 წუთში უპასუხა, ხოლო კიდევ 3 წუთში, შერკინებაში მორიგი ჯარიმის შემდეგ, "ლელო-სარასენსმა" სინბინით რევაზ დუგლაძე დაკარგა. "ბათუმმა" მეტობით ტაიმის ბოლოს ისარგებლა, ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩაათამაშა და გიორგი გოგიტიძის ლელო კობახიძემ გარდასახა - 13:8.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლელო-სარასენსს" ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, 55-ე წუთზე კი, სხვაობა გაიზარდა. "ბათუმმა" დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ მოლი დააყენა, რომელმაც 5 მეტრი დაფარა და ზურა ერისთავის ლელო კობახიძემ გარდასახა. სტუმრებმა შეუტიეს და ლაშა ხმალაძის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შერკინებაში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და 2 წუთში თავადაც 14-ნი დარჩნენ - სინბინით ირაკლი მაჭარაშვილი დაისაჯა.

73-ე წუთზე ბათუმელთა შერკინებამ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიმუშავა და კობახიძემ მასპინძელთა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა, შეხვედრის მიწურულს კი ზღვისპირელების კიდევ ერთი მოლი ლელოთი გიორგი თედორაძემ დაასრულა, კობახიძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:8.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082915