შიდა რაგბი

13:27 | 23.04.2018 | ნანახია 3541 - ჯერ

პირველობისთვის "ტაო" და "ჭიათურა" იბრძოლებენ

რეგიონთაშორისი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. "თელავი" "ჭიათურას" ნაფარეულში დაუხვდა. წყვილში ფავორიტი კახელები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ. თენგიზ ცისკარიშვილის შეგირდებს ორი მატჩის ჯამში წარმატების მისაღწევად, სულ მცირე 16 ქულის სხვაობით მოგება მართებდათ.

პირველი შეხვედრა "ჭიათურას" შინ 31:16 ჰქონდა მოგებული. კახელებმა ბურთზე კონტროლი პირველივე წუთებიდან დაამყარეს, თუმცა სოლიდური სხვაობით უცილობელი მოგების ფსიქოლოგიური წნეხისაგან გათავისუფლება ვერ მოახერხეს. მასპინძელთა მხრიდან ბურთის წინ ხშირ ვარდნას, შეტევებში გაუმართლებელ სიჩქარეს და არაერთ თერნოვერს, იმერლებმა სწრაფ კონტრიერიშებზე აგებული ინდივიდალური გარღვევები დაუპირისპირეს და კახელთა გატანილ 3 ლელოს (თედო ცისკარიშვილი; კოტე ნახუცრიშვილი; ვასილ ნანიევი) ასევე 3 ლელოთი უპასუხეს. ზურა ("ვობლა") ხარშილაძის შეგირდთაგან თავი ფულბეკმა თეიმურაზ ვაშაძემ, შუამარბმა ნიკოლოზ მაჭარაშვილმა და ფრთის მოთამაშე რეზო ასანიძემ გამოიჩინეს. იმერელთა მგეზავმა ნიკა კობიაშვილმა 2 გარდასხვას 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო, ჩინებული არეკნიც დაჰკრა და ჭიათურელთა გამარჯვება დააფიქსირა - 22:28.

"ტაოს" ახალციხეში "დევებთან" საპასუხო შეხვედრაში პრობლემები არ შექმნია. "დევების" მთავარ მწვრთნელ ზუკა შენგელიას ვერც რამდენიმე ვეტერანი, რაგბში კარგად გაწაფული მოთამაშის დამატებამ უშველა. ფავორიტი "ტაო" პირველი მატჩისგან განსხვავებით (14:10 სამცხელებმა მოიგეს), გაცილებით სწრაფად და აგრესიულად ირჯებოდა და სწრაფი, ლაღი, დინამიური თამაშით მეტოქეც დიდი ანგარიშით - 51:3 დაამარცხა. მალხაზ ჭეიშვილის გუნდში გამორჩეულად პირველი ხაზი მოქმედებდა. უნარიანი და ეფექტური თამაშით ფულბეკი ბექა მაჭარაშვილი გამოირჩეოდა, ვინაც "დუბლის" შესრულებაც მოახერხა.

სამცხე- ჯავახეთში რაგბის ფართო განვითარებას საფუძველი 2 წლის წინ, ასპინძის იმჟამინდელმა გამგებელმა, ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა ლევან ცაბაძემ ("ლეონსიო") და რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ დაუდეს. რაგბი ქვეყნისთვის ზე-სტრატეგიულ რეგიონში ადგილობრივი ახალგაზრდობის მორალური და ფიზიკური გაჯანსაღების საშურ საქმეში უდიდესს როლს თამაშობს. აღნიშნულ პროცესს სათავეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის კლუბი "ტაო" უდგას, რომელიც რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის ( ახალციხე; ასპინძა; ბორჯომი; ადიგენი; ახალქალაქი; ნინოწმინდა) დაქვემდებარებაშია. "ტაოს" გამართული ინფრასტრუქტურა და შორს მიმავალი, სერიოზული გეგმები გააჩნია. გუნდს უნარიანად ხელნმძღვანელობს პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე. კლუბის მთავარი მწვრთნელის ფუნქციას "ბორჯღალოსანთა" ექს-დამრიგებელი მალხაზ ჭეიშვილი ასრულებს. კვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტს გუნდის წვრთნაში დიდ დახმარებას უწევს მოთამაშე-მწვრთნელი ალექსანდრე ესაკია. მოქმედი სპორტსმენისთვის "ხანშიშესული" ასაკის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში პირველხაზელი ესაკია (42 წლის) მოედანზე ახალგაზრდული ჟინითა და შემართებით ირჯება. "ტაო" საწვრთნელ შეკრებებს ასპინძის კეთილმოწყობილ სარაგბო ბაზაზე მართავს, ოფიციალურ მატჩებს კი ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ატარებს. აღსანიშნავია, რომ "ტაოს" შეხვედრებს 1000 - 1500 ქომაგი ესწრება.

რეგიონული ლიგის სეზონის გამარჯვებული "ტაოსა" და "ჭიათურას" 2-მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. წარმატებული გუნდი პირველი ლიგის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებულს კი, ზედა ლიგაში ასვლაზე პაექრობა პირველი ლიგის მე-9-ადგილოსან "ივერიასთან" მოუწევს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:02 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

15:52 | 23.04.2018
temuchin (431)

ძალიან სასიხარულოა რეგიონების გააქტიურება რაგბიში.

0.083603