“ოთხი ერის” 2014 წლის გათამაშების მესამე ტურში, რაგბის ქართველი გულშემატკივარის განსაკუთრებულ ინტერესს, 2015 წლის მსოფლიო თასზე მომავალი მეტოქეების, ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება იწვევდა.
სამხრეთამერიკელებმა სახელოვან მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და სწორი ტაქტიკით, თამაშის გაშლის საშუალება არ მისცეს, მაგრამ გარკვეულ მომენტებში კონცენტრაცია დაკარგეს, ეს კი, “ოლ ბლექსის” მხრიდან, 100-იდან 99 შემთხვევაში ისჯება. ანგარიში ახალმა ზელანდიამ ჯარიმით, მე-15-ე წუთზე გახსნა, მაგრამ მალევე, არგენტინელთა მძლავრი მოლი ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და სამ წუთში წონასწორობა აღდგა. 27 წუთი დასჭირდათ ზელანდიელებს მეტოქის დაცვის გასარღვევად, მერე კი, მრავალფაზიან შეტევაში ორჯერ რომ შეაცურეს ფეხით ბურთი მცველების ზურგსუკან და მას კარგად მიყვნენ, პირველი ლელოც გავიდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში, არგენტინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი კონრად სმიტმა გაგზავნა, მას ჯულიან სავეა მიჰყვა.
32-ე წუთზე, სტუმართა შერკინებამ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, ჩამორჩენა 2 ქულამდე დავიდა და ტაიმიც ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ შესვენების წინ, არგენტინელებმა კიდევ ერთხელ დაკარგეს კონცენტრაცია. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც არგენტინამ ჩათვლის მოედნიდან 42 მეტრში საკუთარ შერკინებაში დაკარგა ბურთი, ბარეტიმ ხაზი სუფთად გაჭრა, მას ლიამ მესამი მიჰყვა და არაფრისგან ანგარიში 13:6 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, “ოლ ბლექსმა” დერეფნიდან ბურთი სამაგალითოდ გაითამაშა, სავეამ ხაზი ცენტრში გაკვეთა და 25-ე ტესტში 26-ე (!) ლელო გაიტანა, რაც უნიკალური მაჩვენებელია. 57-ე წუთზე, მაა ნონუს ლეონარდო სენატორემ დაუფარა, რომლის შეცდომასაც, პირველი ტაიმის მიწურულს, ზელანდიელთა მეორე ლელო მოჰყვა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მაგრამ რეფერიმ ისე, რომ ვიდეო-რეფერის არც მიმართა, წინ თამაში დააფიქსირა და სტუმრებს ნაღდი 5 ქულა ჩამოართვა. მალე, არგენტინის შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა და ჯარიმით სხვაობა 9 ქულამდე დავიდა (18:9), მაგრამ “ოლ ბლექსმა” ორიოდე წუთში ჯარიმითვე სტატუს ქვო აღადგინა, ხოლო 73-ე წუთზე ზელანდიამ 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, კიარან რიდმა და აარონ სმიტმა კომბინაცია სუფთად გაითამაშეს და ძელებსშუა გატანილი ლელოთი, ზელანდიამ პრემიალური ქულა მიითვალა, ხოლო კოლინ სლადმა, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:9.
სამხრეთ აფრიკამ, ორი კვირის წინ არგენტინაში მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმით იმარჯვა, ამჯერად კი, საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, ავსტრალიაში თავად გაუშვა ლელო, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და 23:24 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში პირველსავე წუთზე, ისრაელ ფოლაუს შთამბეჭდავი აჩქარების შედეგად გატანილი ლელოთი გახსნეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. სამხრეთ აფრიკამ, მორნი სტეინის ჯარიმით, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, ხოლო მე-12-ე წუთზე სწრაფი შეტევა, კორნალ ჰენდრიკსმა ლელოთი დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა.
ამის შემდეგ, დამრტყმელების დუელი გაჩაღდა. ჯერ ბერნარდ ფოლიმ აღადგინა წონასწორობა, მერე სტეინმა ორი გაიტანა, რასაც ფოლის ასევე ორი ზუსტი დარტყმა მოყვა, მაგრამ შესვენების შემდეგ უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და 49-ე წუთისთვის, სტეინმა სამხრეთ აფრიკა 20:14 დააწინაურა. ისინი მასპინძელთა ნახევარზე დამკვიდრდნენ, მაგრამ ავსტრალიელთა გატეხვა ვერ შეძლეს და 62-ე წუთზე, ჯარიმით, უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს. ავსტრალიელთა საბედნიეროდ, 65-ე წუთზე ბრაიან ჰაბანა ყვითელი ბარათით რომ დაისაჯა, მალევე მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, რომელიც 3 ქულად აქციეს და დასკვნით 12 წუთში, მატჩის გამარჯვებით დასრულების იმედიც შეინარჩუნეს.
დრო იწურებოდა და თითქოს, სამხრეთ აფრიკას გამარჯვებით ლიდერობა უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ 77-ე წუთზე, რობ ჰორნიმ ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ფოლის ნერვებმა არ უმყუნა, გარდასახვიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ავტრალიამ მიმდინარე “ოთხ ერზე” პირველი გამარჯვება იზეიმა - 24:23. მომავალ კვირაში, მასპინძლები სტუმრებს გაცვლიან და ახალი ზელანდია უახლოეს მდევარ სამხრეთ აფრიკას, ხოლო ავსტრალია არგენტინას უმასპინძლებს.
6 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა 28:9
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 24:23
- ახალი ზელანდია 3 2 1 0 91-41 12
- სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 69-61 9
- ავსტრალია 3 1 0 2 56-86 6
- არგენტინა 3 0 0 3 46-74 2
მომდევნო ტური. 13 სექტემბერი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია - არგენტინა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია