დიდი 10

0:45 | 22.04.2018 | ნანახია 1228 - ჯერ

დიდი 10 | ‘ჯიქი’ ტიტულის დაცვას აგრძელებს
ჯიქი 36:27 ხარები

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’, ფლეი ოფის პირველ მატჩში რუსთავის ‘ხარებს’ 36:27 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ‘ბათუმსა’ და ‘ლელო-სარასენსს’ შორის გამარჯვებული იქნება.

‘ხარები’ ‘ჯიქისთვის’ უხერხული მეტოქეა. 2014/2015 წლების სეზონიდან მოყოლებული, გორელები რუსთაველებს 6-ჯერ ეთამაშნენ, 5-ჯერ დამარცხდნენ და ერთხელ ფრეს გამორჩნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ‘ხარები’ ახლაც იგებდა (22:14), მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს ვეღარ გაუძლო და ‘ჯიქმაც’ წარუმატებელი სერია უმნიშვნელოვანეს ჯახში შეწყვიტა.

პირველ ტაიმში ‘ხარები’ სამჯერ დაწინაურდა და უპირატესობა 8 ქულამდეც გაზარდა. მატჩის დებიუტში ჯარიმის დარტყმა ორივე გუნდმა იუარა და ანგარიში მე-8 წუთზე ‘ხარებმა’ გახსნა: გიორგი ნათელაშვილის შებოჭვის შემდეგ, რაქიდან ბურთი ვაჟა ხუციშვილმა აიტაცა, თავად შეუტია და ზედ ლელოს წინ გიორგი ბასილაიას სალელოვე ოფლოუდი გაუხერხა, ხოლო დათო თაბუკაშვილმა გარდასახა. მასპინძლებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ლელო-გარდასახვა 23-ე წუთზე გაქვითეს: თანმიმდევრული შეტევის შემდეგ ფლანგზე მეტობა შეიქმნა და ნიკა ბიწაძის ლელო რთული პოზიციიდან მამუკა ნინიძემ გარდასახა.

5 წუთში თაბუკაშვილმა ჯარიმით სტუმრებს უპირატესობა დაუბრუნა, ორიოდ წუთში კი, მაღალი ბოჭვის შემდეგ სინბინით ნიკა ბერძული დაკარგა. ‘ჯიქმა’ მეტობა მალევე გამოიყენა, მოლის ჩაქცევის შემდეგ მორკინალებმა რამდენჯერმე ცენტრისკენ დაარტყეს, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და გურამ შენგელიას ლელო ნინიძემ გარდასახა - 14:10. მაგრამ კაცნაკლულმა ‘ხარებმა’ შესვენებამდე ორი ლელოს გატანა მოახერხა. ორივე შემთხვევაში ბოჭვები გაცუდდა, ჯერ მარჯვნივ თაბუკაშვილზე, მერე მარცხნივ გიორგი ნარიმანიძეზე, დათომ ერთი გარდასახა და ტაიმი 22:14 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ჯიქის’ მასირებული შეტევებით დაიწყო და 50-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა: ნინიძემ ხაზი გაჭრა და ლელოში დავით კლდიაშვილი შეუშვა, ხოლო თავად გარდასახა. 57-ე წუთზე ‘ხარები’ კაცნაკლული კიდევ ერთხელ დარჩა, ამჯერად ყვითელი ბარათი თორნიკე თეგეთაშვილმა მიიღო და მოლის შემდეგ რუსთაველები საჯარიმო ლელოთიც დაისაჯნენ, მაგრამ სტუმრებმა პირველი ტაიმის მსგავსი შედეგი ვეღარ გაიმეორეს.

უფრო მეტიც, ‘ჯიქმა’ კონტრშეტევაზე 62-ე წუთზე ხელდახელ კარგად გაშალა ბურთი და დევი დევსურაშვილმა მასპინძელთა უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა - 33:22. ‘ხარებმა’ გაიბრძოლა და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლები მიხეილ ფსუტურის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და 75-ე წუთზე რუსთაველებმა ლელო გაიტანეს - გიორგი ნათელაშვილმა რაქიდან მოიპარა ბურთი და ლელომდე დარჩენილი 2-3 მეტრი დაფარა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 79-ე წუთზე ნინიძემ ჯარიმით გორელებს გამარჯვება დაუბევა - 36:27.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:35 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

12:17 | 22.04.2018
temuchin (431)

გადასარევი თამაში იყო!

0.07899