სტატიები

12:49 | 21.04.2018 | ნანახია 3343 - ჯერ

მოქართულე მემატიანე
ზაალ გიგინეიშვილი მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, "დედა ენის დღის" 40 წლის იუბილეზე ზაალ გიგინეიშვილი მედლით დააჯილდოვა.

სპორტზე მწერალმა, რამდენიმე სახეობის წესების მთარგმნელმა, ტელე-კომენტატორმა, საითის მნემ, რაგბის კავშირის მთავარმა მეცხრილემ და ქართული სპორტის მატიანის შემქმნელთა შორის გამორჩეულმა "ზალიკომ" ყველაზე დიდი აღიარება – ქართული საზოგადოების სიყვარული, მხარდაჭერა და თანადგომა კარგა ხნის წინ მოიპოვა. მართლაც განუზომლად დიდია მისი დამსახურება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე – სწორედ ასეთი პიროვნებები ქმნიან ერის ისტორიას.

ბავშვობა და "ლოკომოტივი"

ზაალ გიგინეიშვილი ექიმების ოჯახში დაიბადა. მამა, გურამი ოტო-რინო-ლარინგოლოგად მუშაობდა მე-8 და მე-9 საავადმყოფოებში; დედა, ლილი ნუცუბიძე ნეირო-ფიზიოლოგი გახლდათ და კიბერნეტიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდა, ხოლო გამზრდელი დეიდა – ელეონორა თბილ-ქალაქ-პროექტის არქიტექტორი იყო.

ზაალი 9 წლამდე (1970) მარჯანიშვილზე ცხოვრობდა, მერე კი ნუცუბიძეთა ოჯახი ზემო ვერაზე გადავიდა. ოქროს-უბნელობის პერიოდში დეიდამ დიშვილი ცურვაზე მოაწყო, მაგრამ ეზოში ყველანაირი ბურთის თამაშის მოყვარულ ბიჭს არც "დინამოს" სტადიონის აუზზე სიარული ეპიტნავებოდა და იმხანად იქ გამეფებული რუსული გარემოც თრგუნავდა.

სტადიონის რეკონსტრუქციის გამო აუზი დაიხურა, ზაალმა კი მისთვის ახალ, 53-ე საშუალო სკოლაში – რომელიც სხვადასხვა ეპოქის ცნობილ მორაგბეთაგან გოგი ტონიამ, თემურ ბენდიაშვილმა და მერაბ მარჯანიშვილმა დაამთავრეს – ჭადრაკზე დაიწყო "სიარული", მაგრამ IV თანრიგს ვერ გასცდა, რადგან უეცრად უცხო ხილმა – "რეგბმა" გაიტაცა.

ზაალის რეგბთან – საბჭოთა ხანის ბოლომდე ჩვენში ასე ერქვა ოვალურ-ბურთა თამაშს – ზიარება IV კლასში შედგა. მოსწავლეთა ინიციატივით სკოლაში შეიქმნა გუნდი, რომელსაც სათავეში აწ უკვე ლეგენდარული მორაგბე, თბილისის "ლოკომოტივის" ლიდერი და კაპიტანი გელა მიქაბერიძე ჩაუდგა.

რამდენიმე წელში მოსწავლეთა გუნდი "ლოკომოტივის" დაქვემდებარებაში გადავიდა და ზაალმა ვარჯიში ამჯერად კიდევ ერთი ლეგენდარული მორაგბის – ზურაბ "ვობლა" ხარშილაძის თავკაცობით განაგრძო, სკოლის პერიოდში კი ბოლო მწვრთნელი იმხანად დამწყები არქიტექტორი – ზურაბ "სროპიალა" ბაქრაძე გახლდათ.

გიგინეიშვილს მწვრთნელთან მიმართებაში ინსტიტუტშიც გაუმართლა. უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის I-კურსელმა კვართი "ბურძგლას" – ლოკომოტიველი გურამ მოდებაძის ხელმძღვანელობით მოირგო. იმხანად და მერეც ზაალის თანა-გუნდელები იყვნენ აწ უკვე ცნობილი ხალხი:

ბრიგადის გენერალი გიორგი "ჟორა" სურმავა; სრკ-ის განვითარების მენეჯერი გია ჭუმბურიძე; სპორტის აკადემიის რაგბის კათედრის გამგე ლევან მგელაძე; რუსთავის "ხარების" პრეზიდენტი დავით "შორო" კაკაბაძე; "აკადემიის" მწვრთნელთა მწვრთნელი პაატა ნარიმანაშვილი..

ლექტორობიდან ჟურნალისტობამდე

გიგინეიშვილი ერთი ხანობა, სუბიექტურ მიზეზთა გამო, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, მაგრამ საკავშირო პირველობის თამაშებზე კვლავაც დადიოდა, სტატისტიკას აწარმოებდა, ქართულ, რუსულ, ინგლისურსა და ფრანგულ სპორტულ პრესასაც ძველებურად აგროვებდა და რეგბში მიმდინარე ყველა – საშინაო თუ საერთშორისო – მოვლენის კურსში იყო.

1986 წელს ზაალი მოედანს სურმავას რეკომენდაციით დაუბრუნდა. იმხანად "ჟორიკა", "უნივერსიტეტის" მთავარი მწვრთნელის, ფსიქოლოგ მერაბ ჟღენტის თანაშემწის ფუნქციას ასრულებდა. ამას უცნაურად გადაეჭდო თანამდებობრივ გადაადგილებათა ჯაჭვი და 25 წლის ზაალი – თსუ–ს პროგრამირების მასწავლებელი – სპორტულ პრესაში გამოჩნდა.

1985 წელს ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს. საქართველოს ცეკას ახალმა თავკაცმა, ჯუმბერ პატიაშვილმა კი იდეოლოოგის შეფი, ყოფილი დინამოელი მორაგბე – ნუგზარ ენდელაძე სპორტკომიტეტში ჩამოალაბორანტა. ენდელაძემ მანამდე ერთობ უპრესტიჟო რეგბშიც დაუშვა სახელმწიფო მწვრთნელის შტატი და ამ პოსტზე კიდევ ერთი ლეგენდარული ლოკომოტიველი – დავით კილასონია დანიშნა.

ამ დროს გიგინეიშვილი მზარდი ლექტორია: თსუ-სთან არსებული "გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის" თანამშრომელი სტუდენტებს პროგრამირებას ასწავლის და თან უნივერსიტეტის გუნდში რეგბსაც თამაშობს. კილასონიამ, "ბურძგლამ" და "შევარდენის" მწვრთნელმა რამაზ სანებლიძემ, იცოდნენ რა ზაალის ოდინდელი გატაცება და მიდრეკილებანი, იგი იმხანად ერთადერთ ქართულ სპორტულ გაზეთში – "ლელოში" ჩანერგეს, არც მეტი და არც ნაკლები, ოვალური ბურთის "უფლებათა დამცველად".

იმავე პერიოდში "ლელოს" მიხეილ კაკაბაძისეული ტრადიციის აღმდგენი – ვერელი არჩილ გოგელია გაზეთ "თბილისის" მთავარ რედაქტორად გადაიყვანეს. "აჩიკომ" თან მთავარი "გამწევი ძალა", ირაკლი ბერიაშვილი გაიყოლა. გამოთავისუფლებული ადგილი ახალბედა თანამშრომელმა – თამაზ მიგრიაულმა დაიკავა. დისიდენტ ფილოლოგს, ყველა სპორტის ალალ ქომაგსა და ბრწყინვალე მოქართულეს – "თაზოს" მემკიდრეობით ერგო რაგბის გაშუქება და ერთხელაც კილასონიას სთხოვა, თქვენივე სამყაროდან შემირჩიეთ ნასწავლი მწერალიო.

"ლელოში" სწავლის წლები

ასე მოხვდა გიგინეიშვილი ბევრისთვის საოცნებო გაზეთში. ზაალმა თამაში მეორედაც იოლად მიატოვა და მთელი ძალისხმევა გაზეთისკენ მიმართა: თავიდან, ერთი წელი, მხოლოდ უმაღლესი ლიგის თამაშებს მიმოიხილავდა, შემდეგ კი, მიგრიაულის რეკომენდაციითა და "ლელოს" ახალი რედაქტორის – თენგიზ გაჩეჩილაძის მხარდაჭერით, საერთაშორისო რაგბის გაშუქების ნებაც დაერთო.

მაშინ რაგბის ქართული ტერმინოლოგია ერთობ ნაკლული იყო და სამატჩო ოქმებიც ჰაიჰარად დგებოდა. რაგბის თემაზე დაწერილი სტატიები საბჭოური კალკებით იყო გაჯერებეული.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ზაალმა ჯერ ბრიტანული "მორნინგ სთარისა" და ფრანგული "ჲუმანიტეს" მეშვეობით მიიღო სათანადო განათლება, შემდეგ კი – დათო კაკაბაძის დაკვალიანებით – "ხუთი ერის" პირდაპირი რეპორტაჟების დაყურადებაც დაიწყო. 11 წლის განმავლობაში "ბი-ბი-სი ვორლდ სერვისის" რეგულარულმა სმენამ გიგინეიშვილს, როგორც ჟურნალისტსა და კომენტატორს, ბევრი რამ ასწავლა.

1980-იანი წლების ბოლოს ჯერაც "რეგბის" თანასწორობისა და უფლებებისთვის ბრძოლაში ზაალ გიგინეიშვილი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. "ლელოს" ძალისხმევამ შედეგი გამოიღო:

"ლოკომოტივის" სტადიონის დირექტორმა გივი ჭანტურიძემ 1987 წელს პირველმა მოაწყო ლელოები ბალახზე და კარის ძელებიც ცალკე დაასო. ასე რომ, ჩვენში რაგბის შემოსვლიდან 28 წლის თავზეღა ჩატარდა პირველად თამაში სრულყოფილ მოედანზე.

ამავდროულად გიგინეიშვილი რაგბის ქართული ტერმინოლოგიას თანდათან, მეთოდურად ხვეწდა, და თან შინაური და მსოფლიო რაგბის გაშუქებასაც უფრო ინტენსიურად ახერხებდა. იმ პერიოდისთვის ზაალი წელიწადში უკვე 90-მდე სტატიას აქვეყნებდა გაზეთში, რომელიც წელიწადში 250-ჯერ გამოიცემოდა, და თამაზ მგელაძისა და კოკა ლაზიშვილის ზეობაში, "ლოკომოტივის" დე-ფაქტო პრეს-მდივანი იყო.

1989 წლის ივნისში "ლელოშივე" დაიბეჭდა გიგინეიშვილის საპროგრამო სტატია "რაგბი – გზა წინსვლისა", სადაც ზაალმა წარმოადგინა საბჭოური სისტემიდან ქართული რაგბის გამოყვანისა და მისი დამოუკიდებლად განვითარების სქემა. მაშინვე ზაალი, ქართული რაგბის "პროფესორ" დავით კილასონიასთან ერთად, ქმნის საბჭოური რეჟიმის ლახვრის ჩამცემ წერილს – "რაგბი, მორაგბე, სარაგბო ...", რომელსაც საზოგადოება, რა გასაკვირია და 9 აპრილის შემდეგღა გაეცნო.

"სარბიელის" ოქროს ხანა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, 1990 წლის ბოლოს, "ლელოს" ჟურნალისტთა დისიდენტური ფრთა გამოეყო და ზურაბ ფოცხვერიას თაოსნობით, ყოველ-კვირეული სპორტული გაზეთი – "სარბიელი" დააარსა.

გიგინეიშვილმა, ბევრ ცნობილ ჟურნალისტთან ერთად – გუჯა ბერიშვილი, გოგი ჩოჩიშვილი, გოგი ქორქია – მოღვაწეობა "სარბიელში" განაგრძო, მაგრამ გარემოებათა გამო, კოლეგებთან განშორება მალევე მოუხდა. ზაალი "სარბიელში" გაზეთის მეორედ დაბადებისას, 1993 წელს დაბრუნდა და სათავეში არა-საფეხბურთო განყოფილებას ჩაუდგა.

გიგინეიშვილი "სარბიელში" გატარებულ წლებს (1993 – 1998) კარიერის გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევს, თავად გაზეთს კი – ქართული სპორტული ჟურნალისტიკის "ოქროს ხანად".

იმხანად "სარბიელში" ფეხბურთს ზურაბ მეძველია, ილია ბაბუნაშვილი და მამუკა კვარაცხელია აშუქებდნენ. ჩოგბურთზე ავთო სვანიძე წერდა მცოდნედ. ავტოსპორტის სამყაროს სიახლეებს საზოგადოებას ალეკო ჭაბუკიანი აცნობდა. სამველ ღარიბიანს ყინულის ჰოკეი ებარა, მერაბ რატიშვილს – ძიუდო და კალათბურთი, ამ ყველაფერს კი შნოიან გაზეთად ზაალისვე მეჯვარე – დიზაინერი და "ყველა სპორტის ექსპერტი" მამუკა ჩიხლაძე კრავდა ლიტერატურულ რედაქტორთან – ზემოთ უკვე ნახსენებ თამაზ მიგრიაულთან ერთად.

გიგინეიშვილმა "სარბიელში" მოღვაწეობის დროს გამოიგონა "ყაფლან ჯანდიერის" დაუვიწყარი სახე, ვინაც მკითხველთა დიდ ნაწილს დღემდე რეალური პიროვნება ჰგონია. "უცხო ხილთა ტრფიალი, ყარაჩელი ქველ-მოქმედი და ხელოვნებათ-მცოდნე" სპორტის ფანთა კერპად იქცა. ცნობილ მწერალს, აკა მორჩილაძეს "მესვეტე"ობაც სწორედ რომ გიგინეიშვილმა დაანათლა – გიო ახვლედიანმა საზოგადოებას თავი სპორტის განხრით "სარბიელის" ყოველ-კვირეული სვეტით გააცნო.

"ოლიმპური" მატიანე

გიგინეიშვილი "ქალაქური" ფსევდონიმების გამოგონების დიდოსტატიც გახლდათ. რომელი ერთი გავიხსენოთ?

ზაზა ფხაკაძე; რეზო ნემსაძე; ლუკა ჩხუბიანიშვილი; ნიკო ვეფხვაძე; თენგიზ არტამონოვი; გულიკო თექთურმანოვა; ზაქრო ფირსოვი; ვალიკო სტარშინოვი; ვაღარშაკ ანდრიავიჩუსი; შაქრო პროხოროვი; გურგენ ქილიფთარი; იაშა ნოვრუზოვი; მარო ვერელი; ლუკა ნიკოლაძე; მინაი ჩიბლუხოვი; კარპეზ სერაფიმოვიჩ ხარფუხსკი – ფაქტია, ზაალს ფსევდონიმით ბარემ 100-ჯერ მეტი უწერია, ვიდრე თავისი სახელითა და გვარით

1998 წელს გიგინეიშვილი სამუშაოდ გაზეთ "რეზონანსში" გადავიდა, სადაც 2001 წლამდე დაჰყო. ზაალი ელიავას ბაზრობასთან, ყოფილ "ზავოდ პიშჩე-მაშში" არსებულ მეგობრულ, თავისუფალ გარემოსა და კოლეგებს დღემდე დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს.

2001 წლიდან – გაზეთ "ოლიმპში" – გიგინეიშვილის შემოქმედებაში ახალი, მძლავრი ეპოქა იწყება. ზაალი ამ დროიდან – ზვიად თედოზაშვილისა და ნიკა ჯიქიას მიერ მინიჭებული, 11-წლიანი შემოქმედებითი თავისუფლების წყალობით – იწყებს სპორტის თემაზე (რაგბი, ჰოკეი, ფეხბურთი, კალათბურთი) სერიალური წიგნების წერას.

სწორედ "ოლიმპში" მუშაობის პერიოდში გამოსცა იმხანად 48 წლის გიგინეიშვილმა ისტორიულ-სტატისტიკური "ქართული რაგბის მატიანე | 1959 – 2009", რომლის შექმნასაც – ბავშვობიდან ნაგროვი მასალებით – სრული 16 თვე მოანდომა!

წესები, ბლოგი, ტელევიზია

აღსანიშნავია ზაალის შემოქმედების სხვა განხრაც: 1990 წლიდან მოყოლებული, დღემდე გიგინეიშვილმა "რაგბის წესები" 7-ჯერ გამოსცა. საქმე ისაა, რომ ეგ კრებული "მარადი განახლების პროცესშია" და მისი ქართულად მთარგმნელი ყველა ცვლილებას მორიგ წიგნში დროულადა და გასაგებად ასახავდა.

გიგინეიშვილი არც პროფესიას ივიწყებს – 2002 წლიდან ფუნქციონირებს მისი პირადი, არქაულ დიზაინზე განგებ გაქვავებული ბლოგი "ოვალური ოაზისი", რომელიც დღესდღეობით ზეპური რაგბის გამრჩევ, ვაგლახ რომ, ერთადერთ ქართულ წყაროს წარმოადგენს.

ზაალ გიგინეიშვილის მიერ გახმოვანებულ სარაგბო რეპორტაჟებს ფართო აუდიტორია ჰყავს. დახვეწილი ქართული; საქმის ღრმა, დეტალური ცოდნა და მისი გადმოცემის ყველასთვის გასაგები და მისაღები მანერა. ერთი ხანობა ზაალის რეპორტაჟებიდან ჩამოცილებით გაგულისებულმა ქომაგებმა პეტიციაც კი შეადგინეს – „დაგვიბრუნეთ ზაალი!!!“

გიგინეიშვილი ამ საქმეში მოძღვრად თემურ ჯაფარიძეს მიიჩნევს. 1999 წელს ზაალი მაშინდელ "პირველ არხზე" სწორედ "ძია თემურის" მეშვეობით მოხვდა, მას აქეთ კი სამ მსოფლიო თასს (2007, 2011, 2015) გაუძღვა.

"პირველის" გარდა, გიგინეიშვილმა 130 უცხოური შეხვედრა წაიყვანა საკაბელო "მე-7 არხზე" და 60 – "ჯი ემ ჯი"ზე, და თავის მხრივაც, სპორტული ჟურნალისტიკის ასპარეზზე, გზა გაუკვალა არაერთ, შემდგომში ცნობილ მწერალ ჟურნალისტსა და კომენტატორს – მერაბ რატიშვილს, მამუკა ჩიხლაძეს, აჩიკო ჭუმბურიძეს, ნიაზ მამრიკიშვილს, ლუკა ჭოჭუას, გიორგი გოგოლაძეს და თვით (არა-დიჯეი) ლევან ჯავახიშვილს, რომელიც "საქმისკენ" რამდენჯერმე მოაბრუნა.

გადაჭრილი პრობლემა – ცოცხალი ოქმი

ზაალი უწინაც მრავალჯერ, გარკვეული ხნით ყოფილა კავშირის თანამშრომელი – ბოლო ბოლო, მისი შემოტანილია შვიდკაცა (1988); დაწესებულია ამჟამადაც მივიწყებული სინი (1995); მოფიქრებულია პლეი-ოფის "ავსტრალიური სისტემა" (2001) და "ანთიმოზ ივერიელის თასი" (2002), მაგრამ კავშირის ოფისში 2012 წლის მარტიდანღა ზის.

გიგინეიშვილს საქართველოს რაგბის კავშირში (სრკ) მრავალი ფუნქცია აკისრია. ის გახლავთ ვებ-ადმინი – ახალი ამბებისა და სოც-მედიის გამოკლებით. წერს წესების განმარტებებს; საითზე აწარმოებს ყველანაირ საკლუბო და სანაკრებო სტატისტიკას – ადგენს ყველა ლიგის კალენდარს, აღრიცხავს შედეგებს და ოპერატიულად აახლებს ცხრილებს; ითვლის ისტორიულ ჯამებს (ვინ და როდის გახდა ჩემპიონ-პრიზიორი), მის შედგენილსა და მარად განახლებად ბორჯღალოსანთა ფაილს კი, თუ ყველა ოქმიანად ამობეჭდავთ, 100-გვერდიანი ბროშურა გამოგივათ.

ზაალმა მიმდინარე სეზონში აქამდე გადაუჭრელ პრობლემასაც უწამლა – მოიფიქრა იაფი ტექნოლოგია, ააწყო საქმე, მოიზიდა და გაწვრთნა "მატჩის მდივნები", რომლებიც დიდი 10-ისა და საქართველოში გამართული საერთაშორისო მატჩების ცოცხალ ოქმს (ე.წ. "ლაივ სქორი") შეუფერხებლივ აწარმოებენ კავშირის საითზე.

ოჯახი და სამომავლო გეგმები

ზაალ გიგინეიშვილისა და მათემატიკის კერძოდ მასწავლებლის, დარეჯან ქსნელაშვილის ოჯახმა სამი შვილი აღზარდა.

მარიამ გიგინეიშვილი წინაპრების გზას დაადგა და მედიკოსთა ოჯახიც შექმნა – თავად ჩვილების კარდიოლოგია, მეუღლე გიორგი კიკვაძე კი ყბა-სახის ქირურგად მუშაობს.

ლუკა გიგინეიშვილი, პროფესიით არქიტექტორი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებ-ადმინი და ხელბურთის აკადემიის სასწავლო ნაწილია.

ნიკო გიგინეიშვილი განათლებით პროგრამისტი გახლავთ და ძმასთან ერთად როკ-მუსიკოსობს. ნიკო სარაგბო ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩართული – ბავშვთა მწვრთნელობის პარალელურად, "ხულიგანას" კაცთა გუნდის 9 ნომერიცაა – ამ, მეგობრულსა და ოჯახურ კლუბში მე-18 წელია, რაც უწყვეტად თამაშობს.

ზაალი ამჟამად რაგბის წესების მორიგ წიგნზე მუშაობას ამთავრებს და ახალი სპორტული არხის გახსნის მოლოდინშია, რათა მონატრებულ "დიდი ავიაციას" დაუბრუნდეს.

ვეტერან კომენტატორს ზე 15-ისა და 2019 წლის მსოფლიო თასის რეპორტაჟების წაყვანა აქვს განზრახული, მერე და მერე კი, 2023 წლამდე, ერთ-ერთ ამოცანად ქართული კალათბურთის საფუძვლიანი და ზუსტი სტატისტიკური ისტორიის შექმნა ესახება:

მაგ დროისთვის ჩვენი კალათბურთი 100 წლისა მოიყრება; თავის დროზე სწორედ ზაალმა მოიძია ჟენევის ფინალის (1962) ოქმი ... და მამამისიც კალათბურთელი იყო.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:17 | 23.04.2018
ოვალური კორბენი (276)

ყაფლან ჯანდიერი რომ გამოგონილი იყო და არა ნამდვილი, კარგად ვხვდებოდი...
მაგრამ მის უკან თუ ზაალი იდგა, ეს რატომ ვერ მოვტვინე ? წარმოუდგენელი სტატიები იყო ჩვენთვის უცნობ და უცნაურ სახეობებზე - კრიკეტზე, სქვოშზე და რა ვიცი... და რაც მთავარია დიდებული, უცნაურად მოკაზმული ქართულით. კითხულობდი და გსიამოვნებდა...
90-იანების "სარბიელი" მარტო მაშინდელი პრესის კი არა, ზოგადად მაშინდელი ცხოვრების ნათელი წერტილი იყო.

19:36 | 21.04.2018
temuchin (431)

ბატონი ზაალის ქართული ყოველთვის ძალიან სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურს, ყველა სფეროში გვინდა ასეთი ხალხი და ბარბარიზმების პრობლემა მოიხსნებოდა.

17:58 | 21.04.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბატონო ზაალ ! ! !

0.137981