ქართული

22:06 | 20.04.2018 | ნანახია 3235 - ჯერ

20წ. | უკეთესი შედეგით უმცროს ბოკესთან

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს 50-ე წუთისთვის 23:17 ამარცხებდა, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში 5 ლელო გაიტანეს და 48:23 იმარჯვეს.

ისე მოხდა, რომ ჩვენი გუნდის ყველა ქულა საკუთარ ანგარიშზე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა. მან მასპინძლებს ორი ლელო გაუტანა, ორივე გარდასახა და მონაგარს კიდევ 3 ჯარიმა შემატა.

ეს იყო სერიის მეორე მატჩი. ერთი კვირის წინ ‘ჯუნიორ ბოკემ’ 55:14 იმარჯვა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიზანი იყო, რომ მეორე რკენამდე გუნდს უკეთესი შედეგი ეჩვენებინა. რეალურად ასეც მოხდა - იგივე მტოქესთან ავიღეთ 9-ით მეტი ქულა და ჩამორჩენა 44-იდან 25 ქულამდე შემცირდა.

ანგარიში ჯარიმით თედო აბჟანდაძემ გახსნა, სამხრეთ აფრიკამ მალევე გვიპასუხა, თანაც საჯარიმო ლელოთი და ბექა საღინაძეც სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა მეტობა უმალ გამოიყენეს და მეორე ლელო გაიტანეს. 32-ე წუთზე სტუმართა კარგი შეტევის შემდეგ თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა, თუმცა ‘ჯუნიორ ბოკემ’ სამიოდე წუთში ლელოთი გვიპასუხა - 17:10.

პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 50-ე წუთზე გუნდისა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა და საქართველო უძლიერეს მეტოქესთან 23:17 დააწინაურა.

მაგრამ აფრიკელები ამას არ შეეგუენ, დარჩენილ დროში 31 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 48:23 იმარჯვეს.

შინ დაბრუნების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ცოტას დაისვენებენ და დასკვნით შეკრებაზე შევლენ, რომლის ფარგლებში 19 მაისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 23 მაისს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს

სასტარტო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემურ თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ლუკა დვალიშვილი; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. არჩილ აბესაძე, 20. თენგიზ გიგოლაშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ლომიძე, 23. ოთარ ძაგნიძე.

2 ლელო: აბჟანდაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

3 ჯარიმა: აბჟანდაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:04 | 21.04.2018
BEERTRANCE (1073)

მთავარია ეგ გამოცდილება გამოიყენონ ჩემპიონატზე. იმედია უკეთ ვითამაშებთ ვიდრე შარშან.

16:59 | 21.04.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა გისმინოს ! ! !

23:56 | 20.04.2018
bedena (10)

უკეთესი რეზერვის ხარჯზე,მოგვიგეს ეს შეხვედრა.

23:34 | 20.04.2018
erovnuli-nakrebi (224)

temuchin - ხო მაგრამ ფიზიკა და რაგბი რამ გაყო? ფიზიკა ერთ - ერთი მთავარი ფაქტორია რაგბში და ასევე მნიშვნელოვანია რეზერვი. ამ ეტაპზე როგორც ჩანს ძან ჩამოვრჩებით ამ გუნდს

00:05 | 21.04.2018
temuchin (431)

მთლიანობაში რომ ჩამოვრჩებით აშკარაა, მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ ამ ასაკში კავკასიური რასა ბოლომდე არაა დასრულებული და ფიზიკაში შესაძლოა გვაჯობონ თუმცა ორი სამი წლის მერე ასე აღარ იქნება.

23:26 | 20.04.2018
temuchin (431)

აბჟანდაძე ხომ საერთოდ ცალკე მოვლენაა, ძალიან მინდა ამ ბიჭმა ამ ტემპით განაგრძოს ზრდა. ჩვენი დიდი იმედია თედო!

23:24 | 20.04.2018
temuchin (431)

ჩემივე ფეისბუკ პოსტს ვაკოპირებ: პირველ რიგში ბიჭებს მადლობა და ასევე მწვრთნელებს შესამჩნევი პროგრესისთვის, ბოლო ოცი წუთი გაგვიჭირდა და ჩემი აზრით ეს ორი მიზეზითაა განპირობებული. 1. ფიზიკურად დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგის შეკავებაზე ბიჭებს ორმაგი და სამმაგი ენერგია ეხარჯებოდათ ვიდრე იგივე მათ მეტოქეებს. 2. რეზერვი, მესამოცე წუთიდან თამაშის გაუარესება და დაცვის მოშლა არაეფექტური რეზერვის დამსახურებაც მგონია.

დასკვნა: რეზერვებს ნელნელა ამოვქაჩავთ, გადასარევი ამბავი ისაა რომ ჩვენი ახალგაზრდულის ბირთვი ტოლს არაფერში უდებს სამხრეთაფრიკისმსგავს გრანდს და ის ფიზიკური განსხვავებაც რამდენიმე წელში ასე თუ ისე განეიტრალდება ბიჭების ზრდის დასრულებასთან ერთად. თუმცა საფიქრალი ისაა რომ აფრიკელები ზრდას უმეტესწილად სუპერრაგბიში გააგრძელებენ ჩვენ კი ჯერაც ვერ ვიპოვეთ შესაფერი ნავსაყუდელი.

01:45 | 21.04.2018
თორღვა პანკელი (387)

100% ყველაფერში და ყველა პუნქტში გეთანხმები აბსოლუტურად! გადახედე ისინი რა ჩემპიონატში თამაშობენ და ჩვენი ბიჭები კიდე სად, პიზიკურ კონდიციებს რომ საერთოდ თავი დავანებოთ, რა რესურსით გაუკეთეს სამხრეთ აფრიკას 23-ი ქულა საინტერესოა, არამგონია კიდე ჩვენს ნაკრებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელები ყავდეს, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რასაც ლადო კილასონია და ილია მაისურაძე აკეთებენ იმას საქართველოში მათზე უკეთესად სხვა ვინ გააკეთებს. მოკლედ ძალიან მარტივია აქ ყველაფერი, ყველა დონეზე და ყველა ასაკობრივ ნაკრებში მათ შორის რაც მთავარია მთავარ ნაკრებში, მაღალი დონის ჩემპიონატები, ტესტები და სპარინგ პარტნიორები გვინდა, უახლოეს მომავალში კიდე ერთი კლუბი თუ მაინც ვერ ჩავრთეთ ევროთასებზე და საკლუბო სარბიელზე სადმე, მე არ ვიცი მომავალში რა გვეშველება.

22:25 | 20.04.2018
თორღვა პანკელი (387)

სამხრეთ აფრიკაზე უკეთეს სპარინგ პარტნიორს ვერც ინატრებდა კაცი! დედის რძესავით უნდა შეირგოთ ეს გამოცდილება და მსოლიოზე შედეგებში ასახოთ, წარმატებები ჩვენს ბიჭებს! რაგბი ჩვენი თამაშია!

0.08883