2019 წლის მსოფლიო თასისთვის იაპონიაში 52 სამწვრთნელი ბაზა შეირჩა, სადაც მონაწილე გუნდები შეიკრიბებიან და მსოფლიო თასის მსვლეობისას მატჩებისთვის მოემზადებიან.
შერჩევის პროცესში, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 90 კანდიდატი ქალაქი და პრეფექტურა იღებდა მონაწილეობას, საიდანაც მსოფლიო რაგბმა და იაპონიის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა 52 მათგანზეშეაჩერა არჩევანი.
თითოეულ ბაზას აქვს შიდა და გარე სავარჯიშო სივრცე, საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და სასტუმრო, სადაც გუნდები მსოფლიო თასის მსვლელობისას იცხოვრებენ.
შერჩეული ბაზების ნაწილი სამატჩო ქალაქის გარეთ, ნაწილი კი სამატჩო ქალაქში მდებარეობს (თუმცა არცერთი მათგანი არ არის სამატჩო ლოკაციიდან 45 წუთის სავალ გზაზე მეტი დაშორებით).
ბორჯღალოსნებს იაპონიაში 4 ქალაქში არსებულ ბაზებზე მოემზადებიან - კუმაგაია, ომაეზაკი, ნაგოია და საკაი.
2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო ‘D’ ჯგუფში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგ ქალაქებში დაუპირისპირდება - ტოიოტა, კუმაგაია, ოსაკა და შიზოუკა.
ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი:
“2019 წლის მსოფლიო თასი იაპონელებისთვის განსაკუთრებული რამაა, ამიტომაც თითოეული მათგანი მზად არის გამორჩეულად უმასპინძლოს როგორც მონაწილე გუნდებს, ისე გულშემატივრებს. ინფრასტრუქტურის სახით დარჩენილი მემკვიდრეობა კი დიდხანს წაადგება მასპინძელ ქვეყანას - რაგბის კიდევ უფრო გასაფართოვებლად და გულშემატკივართა ჩართულობის გასაზრდელად”.
აკირა შიმაზუ, 2019 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის თვამჯდომარე:
„თითოეული ბაზა, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების სამასპინძლოდ შეირჩა ძალიან მაღალი სტანდარტებისაა. ინფრასტრუქტურა ტურნირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც აქ გუნდები მსოფლიო თასისთვის უნდა მოემზადონ და შეკრება გაიარონ. ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა შერჩეულ ლოკაციებთან, რათა აქ შეკრებილ მონაწილეებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმისთვის, რომ მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ თითოეულ მატჩზე”.
მილტონ ჰეიგი განსაკუთრებით კმაყოფილია შერჩეული ბაზებით:
„გუნდების სამწვრთნელი ბაზების გამოქვეყნებით მსოფლიო თასისთვის მზადების ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ნაბიჯი გადაიდგა. ეს განსაკუთრებულად ამაღელვებელია მათთვის ვინც მსოფლიოსთვის მზადების პროცესში ვართ ჩართულნი, ვინაიდან ეს გარემოება ბორჯღალოსნების 2019 წლის მსოფლიო თასის კამპანიას, რომელიც, იმედი გვაქვს, ისტორიული იქნება, ფაქტიურად ხორცს ასხამს.
„ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ის გარემოება გაგვეთვალისწინებინა, რომ ვარჯიშისა და მომზადების მიზნით ჩვენთვის საუკეთესო და მორგებული ბაზები შეგვერჩია, არამედ იმაზეც, რომ ამ ლოკაციებზე მყოფ საზოგადოებასთანაც მჭიდრო კონტაქტი გვქონოდა. ჩვენი აზრით ეს მსოფლიო თასის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ამ ქალაქების საზოგადოებას შევძლებთ გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ენა და რაგბის მიმართ ჩვენი სიყვარული.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ‘პირველი კლასის’ ბაზებზე ვიქნებით და რომ ის ადამიანები ვინც ჩვენ მასპინძლობაში იქნებიან ჩართულინი, ჩვენი დიდი და ვებერთელა, ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან.
„განსაკუთრებული დრო დგება ქართული რაგბისთვის და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის დაწყებას და ამ ბაზებზე ჩვენ მასპინძლებთან შეხვედრას“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა მაგარი იქნება ტოჩის და მორაგბეების შეხვედრა.
უკვე ვხედავ როგორ ხვდებიან ერთმანეთს ტოჩინოშინი და ბორჯღალოსნები სამურაების მიწაზე!
რა მაგარი კაცი გვყავს ტოჩინოშინის სახით იპონიაში ! ! !
ამ ფაქტორს გამოყენება უნდა.
აბა რა! რა თქმა უნდა! აქ ბევრს ჩემზე გაცილებთ კარგად ესმის სუმო, მე არ ვიცი მაგ დროს(რაგბის მსოფლიო თასი) ისვენებენ თუ არა სუმოისტები, თუ რამე სერიოზული ბაშოები ან რაიმე ტურნირებში არ იქნება იმ დროს ჩართული ტოჩი, 100%-ით დარწმუნებული ვარ თავად უმასპინძლებს ბიჭებს და ყველა თამაშსაც დაესწრება.
გენაცვალეთ! წარმატებები ჩვენს ლომებს!