შიდა რაგბი

2:30 | 20.04.2018 | ნანახია 1878 - ჯერ

დიდი 10: პლეი-ოფების წინ

დასრულდა დიდი 10-ის 2017-2018 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი. გაირკვა პლეიოფების წყვილებიც, მაგრამ სანამ წყვილებს შევეხებოდეთ მიმოვიხილოთ გათამაშების სტრუქტურა.

შიდა ასპარეზი სამი ეტაპისგან შედგება: რეგიონალური ლიგა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად იყოფა, საიდანაც ყოველი ზონის ორ-ორი საუკეთესო, ასევე პლეი-ოფებით ერთმანეთში არკვევს პირველი ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობას - პლეიოფის ფინალში გამარჯვებული ავტომატურად ადის რანგით უფრო მაღალ გათამაშებაში, ხოლო ფინალში დამარცხებული პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანთან, ორმატჩიან დუელში არკვევს მეორე საგზურის ბედს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გათამაშების ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ცვალებადია მონაწილე გუნდების რაოდენობა.

პირველ ლიგაში უკვე რვა გუნდი იბრძვის ელიტაში დასაწინაურებლად. გათამაშების გამარჯვებული ავტომატურად ადის დიდ 10-ში, ხოლო საუკეთესო მეორე ადგილოსანი დიდი 10-ის ბოლოსწინა ადგილოსანთან ორმატჩიან დუელში არკვევს მეორე საგზურის ბედს.

შიდა ასპარეზის უმაღლესი საფეხური - დიდი 10, ათი გუნდისგან შედგება. გუნდები ერთმანეთს ორ წრედ - შინ და გასვლაზე ეთამაშებიან. მოწინავე ექვსეული საპლეიოფო ზონას ქმნის, ანუ მე-6 ადგილზე გასული გუნდიც კი ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს, ხოლო ბოლო ორი ადგილოსანი გავარდნის კანდიდატია: მე-10 პოზიციაზე გასული გუნდი პირველ ლიგაში ავტომატურად ქვეითდება, ხოლო მე-9 ადგილოსანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორმატჩიან დუელში არკვევს დიდი 10-ის მომავალი სეზონის მონაწილის ვინაობას, პირველი ლიგის მეორე ადგილოსანთან. ელიტაში მხოლოდ მე-7 და მე-8 ადგილებზე გასულ გუნდებს არ ემუქრებათ არაფერი.

რაც შეეხება პლეიოფებს - პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთში ერთმატჩიან საკვალიფიკაციო ეტაპს თამაშბენ, სადაც მასპინძელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებულია, წყვილში მოგებული კი ფინალში (ე.წ. „დიდი“ ფინალი) იბევებს ადგილს.

მესამე ადგილოსანი ასევე მასპინძლის სტატუსით ხვდება მეექვსე ადგილოსანს, ხოლო მეოთხე ადგილოსანს სტუმრობს მეხუთე ადგილოსანი გუნდი. ამ ეტაპზე დამარცხებული გუნდები ეთიშებიან გათამაშებას, მოგებულები კი ერთმანეთში არკვევენ იმ გუნდის ვინაობას, ვინც ე.წ. „მცირე“ ფინალში ერკინება პირველ-მეორე ადგილოსნებს შორის დამარცხებულს. ამ წყვილში გამარჯვებული კი, „დიდ“ ფინალში პირველ „საკვალიფიკაციო“ ფინალში გამარჯვებულთან გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას.

დიდი 10-ის ფინალისტებს აქვთ გარანტირებული უფლება ევროსარბიელზე მიიღონ მონაწილეობა (თუ რა თქმა უნდა საამისოდ შესაბამის ფინანსურ რესურს მოიძიებენ).

წელს პირველად დიდი 10-ის ფინალის შემდგომ, საინტერესო მატჩიც გველოდება ამერ-იმერის დაპირისპირება ე.წ. „დიდი ლელო“ - სავარაუდოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების ნაკრებების ჯახი.

რაც შეეხება გამოვლენილ წყვილებს:

პლეი-ოფის პირველ ეტაპზე 21 აპრილს ერთმანეთს გორის „ჯიქი“ და რუსთავის „ხარები“, ხოლო 22 აპრილს „ბათუმი“ და თბილისის „ლელო-სარასენსი“ დაუპირისპირდებიან.

„ჯიქები“ „ხარებს“ რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ შეხვდნენ, საიდანაც ერთ მატჩში „ხარებმა“ შინ 27:21 იმარჯვეს, ხოლო გორში ფრე 10:10 დაფიქსირდა. ლელოთა ბალანსი 5:3 რუსთაველთა სასარგებლოდ.

ქვემო ქართლელების შემადგელობაში საუკეთესო მექულე: 58 ქულით გუნდის კაპიტანი და ჰავბექი ვაჟა ხუციშვილია, ხოლო მელელოვე - შუამარბი გურამ ქანდაურაშვილი 9 ლელოთი, თუმცა მასზე ერთით ნაკლები ლელო მესამეხაზელ ერეკლე მაჭარაშვილს, ხოლო ორით ნაკლები ლელო გარემარბ დავით თაბუკაშვილს მოუგროვდა.

„ჯიქებში“ საუკეთესო მექულე გუნდის მგეზავი მამუკა ნინიძე გახლავთ 134 ქულით, ხოლო საუკეთესო მელელოვე ერთბაშად ორი მორაგბეა - კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი ნიკა ბიწაძე.

„ბათუმმა“ და „ლელომაც“ შესაბამისად ერთმანეთთან ძალები ორჯერ მოსინჯეს, სადაც პირველ მატჩში „ლელომ“ დიდ დიღომში 28:25 დაამარცხა ზღვისპირელები, ხოლო განმეორებით რკენაში უკვე აჭარლებმა იმარჯვეს 32:29. ორივე ჯერზე დამარცხებულ გუნდს სანუგეშო ქულა ერგო. ლელოთა ბალანსი კი 5:5, თუმცა ბათუმელებს აქტივში კიდევ ორი ტექნიკური ლელო აქვთ.

ბათუმელთა მხრიდან საუკეთესო მექულეა ფულბექი ბახვა კობახიძე 97 ქულით, ხოლო საუკეთესო მელელოვე 6 ლელოთ კვაჭი ბექა მამრიკიშვილი.

„ლელოელთა“ რიგებში კი საუკეთესო მექულის წოდება ფულბექმა ირაკლი ყიასაშვილმა დაიმსახურა, რომელმაც თავი 138 ქულას მოუყარა, თუმცა მის არყოფნაში დამრტყმელის ფუნქციებს მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი ითავსებდა და მანაც მოახერხა 44 ქულის გაკეთება.

მელელოვეთა დავაში კვირიკაშვილი ლიდერობს 7 დადებული ლელოთი, მას კი ერთი ლელოთი ჰავბექი თორნიკე ახობაძე ჩამორჩება.

ზემოხსენებული ოთხი გუნდის ზოგადი სტატისტიკური მონაცემები რეგულარული გათამაშების მიხედვით შემდეგნაირია:

„ჯიქმა“ 18 თამაშიდან 11-ჯერ იმარჯვა, ერთი ფრე და 6 მარცხი იწვნია, 12 ბონუს ქულა კი 8 პრემიალურითა და 4 სანუგეშო ქულით მოაგროვა, ქულათა ბალანსი 406:244 შეადგენს, ხოლო ლელოთა ბალანსი 53:25.

„ბათუმმა“ 18 თამაშიდან 12-ჯერ იმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ ითამაშა და 5-ჯერ დამარცხდა, 8 ბონუს ქულა კი 7 პრემიალურითა და ერთი სანუგეშო ქულით მოიპოვა, ქულათა ბალანსი 405:273 შეადგენს, ხოლო ლელოთა ბალანსი 53:31.

„ლელო სარასენსმა“ 18 თამაშიდან 10-ჯერ იმარჯვა და 8-ჯერ დამარცხდა, 7 ბონუს ქულა კი 4 პრემიალურითა და 3 სანუგეშო ქულით მოაგროვა, ქულათა ბალანსი 414:366 შეადგენს, ხოლო ლელოთა ბალანსი 50:46.

„ხარებმა“ 18 თამაშიდან 9-ჯერ იმარჯვა, ერთი ფრე გაახერხა და 8 მატჩი წააგო, 6 ბონუს ქულა კი 3 პრემიალურითა და 3 სანუგეშო ქულით აიღო, ქულათა ბალანსი 384:385 შეადგენს, ხოლო ლელოთა ბალანსი 55:51.

თეგებიდიდი 10

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:51 | 20.04.2018
GiorgiG83 (525)

დასავლეთი 3 გუნდის ბაზაზე უნდა დაკომპლექტდეს (აია, ბათუმი, ბაგრატი) აღმოსავლეთი კი 7 გუნდიდან, შესაბამისად უკეთესი გუნდით წარგდენის შანსი აღმოსავლეთს მეტი აქვს (ლოკომოტივი, ჯიქი, ლელო, ხარები, აკადემია, არმაზი, არმია)

11:34 | 20.04.2018
temuchin (431)

დიდი ლელო მომეწონა, მშვენიერი წამოწყებაა!

0.07897