მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ“ თბილისის ,,ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ძველი მეტოქეების დაპირისპირება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან იღებს სათავეს და მათი პაექრობა მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. ასე იყო ამჯერადაც. მეტოქეებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს, ერთობ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. რიონისპირელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე რკინიგზელები მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდნენ. რეზო ჯინჭველაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა და ჩანაფიქრი სანაქებოდ აღასრულა. ქუთათურთა ახალგაზრდა მგეზავმა დაახლოებით 60 მეტრიდან ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა - 3:0.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. მეტოქენი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ხშირი იყო ძალისმიერი ბრძოლა. მე-17 წუთზე შეხვედრის არბიტრმა ორმხრივი უხეშობისთვის მერაბ მატკავა და დათო ჩიტიძე ათ-ათი წუთით მოედნიდან გაასინბინა და მეტოქეებს თამაშის გაგრძელება კაცნაკლულებს მოუხდათ.
ტაიმის შუაწელიდან რკინიგზელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 21-ე წუთზე წიკლაურს საჯარიმო დარტყმიდან გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა და ანგარიში უცვლელი დარჩა. თბილისელთა ფულბეკმა თავისი შეცდომა სამი წუთის შემდეგ გამოასწორა და ზუსტი საჯარიმოთი თანაფარდობა აღადგინა - 3:3.
რკინიგზელები შეტევებს განაგრძობდნენ და ტაიმის ბოლოს ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. დედაქალაქელებმა ბედის გამოცდას და ლელოზე თამაშს უეჭველი 3 ქულის მოპოვება არჩიეს. წიკლაურს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია -3:6.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე ანალოგიური შანსი ქუთათურებსაც მიეცათ. რიონისპირელებმა მეტოქისგან განსხვავებით, კარში დარტყმას ხუთმეტრიან ხაზთან ბურთის აუტზე გადატანა ამჯობინეს. მართალია მასპინძლებმა საკუთარი აუტის მოგება მოახერხეს, მაგრამ მეტოქესთან ჭიდილში ბურთი წინ გაუვარდათ და შესვენებაზე ანგარიშში ჩამორჩენით გავიდნენ - 3:6.
შეხვედრის მეორე ნახევარი იგივე სცენარით გაგრძელდა. უშედეგო შეტევების შემდეგ მეტოქეებმა ძირითადი აქცენტი სტანდარტული სიტუაციების რეალიზაციაზე გადაიტანეს. აშკარად ჩანდა ის გუნდი მოიგებდა, რომლის დამრტყმელიც უფრო მეტ სიზუსტეს გამოიჩენდა.
პირველად თავის გამოჩენის შესაძლებლობა ჯინჭველაშვილს მიეცა. 50-ე წუთზე თანაგუნდელებმა მას არეკნის დასარტყმელად სიტუაცია მოუმზადეს, თუმცა რეზოს მცდელობა უშედეგო გამოდგა. თითქმის მაშინვე ქუთათურთა მგეზავი უკვე საჯარიმოდან ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ სამიზნემ ამჯერადაც დააღალატა.
თავისი ვიზავისგან განსხვავებით წიკლაურის მცდელობა შედეგიანი გამოდგა. 52-ე წუთზე მან საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა - 3:9.
თბილისელთა წარმატებას რიონისპირელებმა გააფთრებული შეტევებით უპასუხეს და ორ წუთში მოედნის ცენტრიდან შესრულებული საჯარიმოთი ჯინჭველაშვილმა ანგარიში შეამცირა - 6:9.
ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით წარიმართა.
მე-60 წუთი, წიკლაური საჯარიმო - ბურთი ცდება კარს.
62-ე წუთი, წიკლაური არეკნი - ისევ ცდება მიზანს.
64-ე წუთი, ჯინჭველაშვილი არეკნი - უზუსტოა.
72-ე წუთი, ჯინჭველაშვილი საჯარიმო - კვლავ უშედეგოდ.
75-ე წუთი, წიკლაური, საჯარიმო დარტყმა - ძელი.
მატჩის ბოლოს ქუთათურები მთელი გუნდით მიეძალნენ და უკანასკნელ წუთზე წარმატების შესაძლებლობაც მიეცათ. რკინიგზელები საკუთარი კარის წინ დაჯარიმდნენ, თუმცა რიონისპირელთა ახალგაზრდა მგეზავს ნერვებმა უმტყუნა, ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი კარს ააცილა და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც გაანიავა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:
ბესო ხამაშურიძე (,,აია’’) - ,,წასაგები თამაში არ იყო, მაგრამ რას იზამ. შერკინებაში ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც მეტოქემ არ გვაპატია. ჩვენი საჯარიმოები კი ვერ გამოვიყენეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.“
თემურ ბენდიაშვილი (,,ლოკომოტივი“) - ,, სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ძალიან გახარებული ვარ. სასიამოვნო განცდაა, როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაამარცხებ. “
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. IV ტური.
7 სექტემბერი. კვირა. ქუთაისი. ,,აია“. 19:00 საათი. 500 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ლოკომოტივი“ (თბილისი) 6:9 (3:6)
,,აია“: 15. აფციაური (ბაბუნაშვილი 71), 14. კიკვაძე, 13. გ.ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. შაშიაშვილი, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თ.თუთბერიძე (გ.ლოსაბერიძე 58), 1. რატიაშვილი (მატარაძე 80), 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმცროსი 68), 3. გიორგი ტორაძე (ლომსიანიძე 64), 4. გიორგაძე, 5. შალამბერიძე, 6. ხანთაძე (ჩიტეიშვილი 68) 7. დანგაძე (კ), 8. ყურაშვილი;
2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი (2);
სინბინი: მატკავა
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ლოკომოტივი“: 15. წიკლაური (კ), 14. თ.ჩიტიძე, 13. ძნელაძე, 12. კავთიძე, 11. შკინინი, 10. ჭინჭარაული, 9. კალანდაძე, 1. კაკაბაძე (ბეჟიტაშვილი 41), 2. ზარიძე (გენებაშვილი 41), 3. ბალიაშვილი (ზარიძე 53), 4. დ.ჩიტიძე (გეგია 64), 5. ტალახაძე, 6. გასვიანი, 7. ბერიშვილი, 8. ბიწაძე;
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი;
3 ჯარიმა: წიკლაური (3);
სინბინი: დ.ჩიტიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი;
მთ. მსაჯი: ნიკა ამაშუკელი
თ/მ: ონისე მოგელაშვილი, გელა ლემონჯავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია