შაბათს, თბილისის დროით 11 საათსა და 35 წუთზე, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში დაიწყება სუპერ რაგბის მე-10 ტურის მატჩი, რომელშიც ადგილობრივი "ქრუსეიდერსი" უმასპინძლებს იაპონურ "სანვუვლზს". უკვე გაცნობეთ, რომ იაპონურ ფრენჩაიზს ორმატჩიანი ახალზელანდიური ტური აქვს, რომლის მსვლელობისას ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის გუნდი ჯერ "ქრუსეიდერსს" დაუპირისპირდება - ტურნირის მოქმედ გამარჯვებულსა და ზე-რაგბის ყველაზე ტიტულოვან მონაწილეს, ხოლო შემდეგ - 2016 წლის ჩემპიონ "ჰარიქეინზს".
ისიც გითხარით, რომ ორივე ქართველი "მზის მგლების" 29-კაციან რაზმში მოხვდა და გუნდს ოკეანეთში გაჰყვა. ცოტა ხნის წინ კი, "სანვულვზის" სამხრეთაფრიკელ-იაპონელმა დამრიგებელმა ჯეიმი ჯოზეფმა გამოაქვეყნა გუნდის შემადგენლობა, რომელიც "ქრუსეიდერსის" წინააღმდეგ ითამაშებს. მშვენიერი ამბავიც დაგვხვდა - ბრეგვაძე პლანეტის ალბათ საუკეთესო საკლუბო გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს! ეს იქნება ჯაბას დებიუტი სასტარტო კვაჭის როლში. აქამდე ბორჯღალოსანმა სამჯერ ითამაშა ზე-15-ში და სამივე ჯერზე იაპონიის ნაკრების ჰუკერის, შოტა ჰორიეს შემცვლელი იყო. ახლა ჰორიე საერთოდ არაა განაცხადში და მარქაფაში მეორე კვაჭი გახლავთ იუსუკე ნივაი - იაპონელთა ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი.
რაც შეეხება ხატიაშვილს, ამ ჯერზე ნიკა განაცხადს მიღმა დარჩა, თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ჯოზეფი მას ერთ კვირაში, "ჰარიქეინზთან" გაააქტიურებს.
ამასობაში კი, "სანვულვზმა" 7 მატჩი ჩაატარა და 7-ვე წააგო. გუნდის აქტივში მხოლოდ 2 ბონუს-ქულაა და ძნელი წარმოსადგენია, "მგლებმა" ამ ტურიდან თუნდაც 1 ქულა წამოიღონ.
თამაშის სტრიმის ლინკს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
წარმატებას ვუსურვებ ჯაბას და ნიკას ! ! !
ჩვენს წინახაზელებს ბევრს ააქვს კლასი მსოფლიოს ნებისმიერ ჩემპიონატში ითამაშონ, არ გამიკვირდება თუ თანდათან სუპერ რაგბში ქართველ მორკინალებზე ბუმი ატყდება როგორც საფრანგეთშია, არაა პატარა საქმე სუპერ რაგბში გადახვიდე და ასე მალე სასტარტოში 'გაიჩითო", წარმატებები ჯაბას და ნიკოლოზს დარწმუნებული ვარ მალე მიეცემა შანსი და გამოიყენებს კიდეც.