ქართული

15:49 | 18.04.2018 | ნანახია 4548 - ჯერ

დიმიტრი ცუხიშვილის მიზნები - პრო დ2 და საქართველოს ნაკრები

ქართველი მეორეხაზელი დიმიტრი ცუხიშვილი სამი წელია, ფედერალ 1-ში თამაშობს და მოედანზე გატარებული წუთების კუთხით, აგერ უკვე მესამე სეზონია, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

26 წლის სპორტსმენმა, ვინც 198 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 125 კილოგრამს იწონის, რაგბის თამაში გვიან დაიწყო, თუმცა, თავდაუზოგავი და მიზანმიმართული შრომით ბევრს მიაღწია.

„კრივზე დავდიოდი და საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორიც გავხდი, მაგრამ ეს ჩემი სპორტი არ იყო. გუნდური თამაში, რაგბი მიზიდავდა და ალბათ ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ბავშვობაში, ერთი წელი რაგბზე დავდიოდი. 20 წლის ასაკში რაგბში დაბრუნება გადავწყვიტე, თბილისის „ლოკომოტივში“ მივედი და ორი სეზონი უმაღლეს ლიგაში ვითამაშე. ერთხელ ფინალში ვიყავი, ერთხელ - ნახევარფინალში, 2015 წელს კი საფრანგეთში წამოვედი“, - იხსენებს ცუხიშვილი, რომლის პირველი ფრანგული გუნდი „როდეზი“ იყო:

„ფრანგმა აგენტმა ჩემი თამაშის ჩანაწერი ნახა, დამიკავშირდა და საფრანგეთში ჩასვლა შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან განვითარება და წინსვლა მსურდა“.

ფედერალ 1-ში გატარებულ პირველ სეზონში დიმიტრიმ მოედანზე ლიგაში ყველაზე დიდი დრო გაატარა. პირველი ოთხი მატჩიდან სამში შეცვლაზე შევიდა და მწვრთნელებს თავი ისე მოაწონა, რომ შემდგომი 18-ივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 17 შეუცვლელად ჩაატარა (სულ 22 მატჩი, 19 სასტარტოში, 1 ლელო).

„მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული და ინგლისური არ ვიცოდი, „როდეზში“ ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან იქ სხვა ქართველებთან, მეგობრებთან ერთად ვიყავი“, - ამბობს ცუხიშვილი, რომელმაც 2016/2017 წლების სეზონი „ტრელისაკში“ დაიწყო და 17-იდან 16 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, „ბლანიაკსა“ და „ბობინის“ კი ლელოები გაუტანა:

„აგენტს მივენდე და „ტრელისაკში“ გადავედი. მან მითხრა, რომ ამ გუნდში მინიმუმ 15 პროფესიონალი ითამაშებდა, დიდი პერსპექტივა ჰქონდა და პრო დ2-ის საგზურისთვის რეალურად იბრძოლებდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა. პროფესიონალები მე და ირაკლი ულუმბელაშვილი, ასევე კიდევ 3-4 მორაგბე ვიყავით. ფედერალ 1-ის ელიტურ გუნდად ვერ ვიქეცით, თუმცა ეს სეზონი ძალიან კარგად ჩავატარეთ და პრო დ2-ში ასასვლელ პლეი-ოფშიც გავედით. ბიჭებს გვინდა, ფინალში გავიდეთ და პროფესიონალებში დავწინაურდეთ, თუმცა, ფინანსური მხარე, ვფიქრობ, ამის საშუალებას არ მოგვცემს“.

დიმიტრი ცუხიშვილი ფიქრობს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონის ტურნირში თამაშით დიდი პროგრესი განიცადა:

„ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ჩემი თამაშის ხარისხი მუდმივად მატულობს და ამაზე მოედანზე გატარებული დროც მეტყველებს. ფედერალ 1-ში მრავლად არიან ლეგიონერები, მოთამაშეები, რომლებიც ერთ დროს ელიტურ კლუბებში თამაშობდნენ, თამაშის ტემპი კი საქართველოს ჩემპიონატისაზე მაღალია“.

პროგრესის ფონზე ცუხიშვილს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, ან კლუბში თამაში სურს, რათა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება მიიქციოს:

„ჩემი მიზანია, ვითამაშო პროფესიონალურ კლუბში, რათა შევძლო პრო დ2-ში ასვლა და მოვხვდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში. ამისათვის თავს არ ვზოგავ და ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. მაქვს შემოთავაზებები პრო დ2-ის და ფედერალ 1-ის პროფესიონალური კლუბებიდან, რომლებიც რეალუარად იბრძოლებენ ზედა დონეზე აღზევებისთვის. კონკრეტული გუნდების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა“, - ამბობს ცუხიშვილი, რომელიც „ტრელისაკის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზეა წარდგენილი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:59 | 19.04.2018
DataN24 (215)

იმედია მათიაშვილივილის გზას დაადგება ესეც, გაფართოებულში მაინც სანახავია სასწრაფოდ სად გვყავს დასაკარგი 2 მეტრიანი ხალხი

21:46 | 18.04.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები, იმედია კარგად მოუმატებს, გვჭირდება მეორეხაზელები.

20:26 | 18.04.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ დიმიტრი ! ! !

18:21 | 18.04.2018
zangura (109)

ძალიან კარგია ესეთი სტატიები, მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენს ლეგიონერებს თუნდაც ქვედა ლიგებში.

18:06 | 18.04.2018
თორღვა პანკელი (387)

მეორე ხაზია და უსიკვდილოთ უნდა დააკვირდეს ნაკრების შტაბი.

0.116136