ახალგაზრდა ქართველი ბურჯები თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე მომდევნო სეზონს "ნევერში" გაატარებენ. ეს ინფორმაცია ფრანგულმა "ლე ჟურნალ დუ სენტრმა" გაავრცელა. 21 წლის მარცხენა ბურჯმა მატარაძემ და 20 წლის მარჯვენა პირველხაზელმა პაპიძემ შარშან "ლიონთან" ურთიერთობა 2-2 წლით გაიხანგრძლივეს და მიმდინარე სეზონს დიდი იმედებით შეხვდნენ - ხელმძღვანელობამ თორნიკეც და გურამიც ტოპ 14-ისა და ჩელენჯ კაპის განაცხადში შეიყვანა, სეზონისწინა საკონტროლო მატჩებში აქტიურად დატვირთა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ესპუარია.
მაგრამ სეზონი დასასრულს უახლოვდება და ქართველ ახალგაზრდებს დამრიგებელი მხოლოდ ევროთასზე ენდო, სადაც ორივემ 3-3 მატჩი ითამაშა ჯგუფური ეტაპის 6 შეხვედრიდან. საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველები ერთხელაც არ შეუყვანიათ გუნდის განაცხადში. შეგახსენებთ, რომ მატარაძის დებიუტი შარშან, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში შედგა, ხოლო პაპიძეს ტოპ 14 ჯერ არ დაუჭაშნიკებია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალია - საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალ ბურჯებს სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ ესპუართა გუნდში თუ ექნებათ, ეს მათ განვითარებას ხელს ნაკლებად შეუწყობს, მით უფრო, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატებზე თავგამოჩენილ ბიჭებს დიდ ბორჯღალოსნებში მოხვედრის ამბიციაც აქვთ. თანაც მატარაძეს უკვე 5 სანაკრებო კეპიც აქვს მითვლილი და მილტონ ჰეიგს ძალიან მოწონს ამ ბიჭის თამაში, 1 წლით უმცროს პაპიძესაც ამის დიდი იმედი აქვს.
"ნევერს" რაც შეეხება, ამ კლუბმა პრო დ2-ში თავისი ისტორიული, სადებიუტო სეზონი დიდი წარმატებით განვლო, მე-8 ადგილი დაიკავა და ამ წარმატების ფონზე ახალი სეზონისთვის უფრო მაღალ მიზნებს ისახავს. ჰოდა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მატარაძეს და პაპიძეს ამ გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ცნობისთვის: ორივე მორაგბე 2016 წლიდან "ლიონის" ესპუართა გუნდში თამაშობდა, სადაც მათ გარდა 21 წლის მეორე-მესამეხაზელი გიორგი ჯავახიაც იყო. ამ უკანასკნელმა რამდენიმე ხნის წინ ბედი მომდევნო 3 წლით პრო დ2-ის "ორიაკს" დაუკავშირა, სადაც მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე დახვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაჩქარევად ფორმდება ესე იგი კონტრაქტები. იმედია იქ მაინც მიეცემათ სათამაშო პრაქტიკა.
დავეთანხმები ხსენებულ მოსაზრებას იმის თაობაზე რომ: U20 ბიჭები მიდიან ტოპ 14 გუნდებში მერე პრაქტიკა არ აქვთ და მხოლოდ ესპუარებში თამაშობენ: ლობჟანიძე აფრასიძე და კიდევ ბევრი. რეალურად წინ სვლა არ აქვთ ამიტომ ჯობია პრო ჯობია პრო დ 2 ში იასპარეზონ და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდნონ
+1
ანუ განათხოვრების წესით გადავიდნენ? მომდევნო წელს ისევ ლიონში ითამაშენებ?
სამწუხაროა მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები ამ გამოწვევას უფრო ძლიერები შეხვდებიან და თავის სიტყვას ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვიან პრო დ2-ში, სუსტი ჩემპიონატი ნაღდად არაა, მჯერა ბიჭები გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდებიან, თავისი შრომისმოყვარეობით და კარგი თამაშით მალევე დაბრუნდებიან ტოპ14-ში.
ცუდი ტენდენცია წამოვიდა ამ 20 წლანდელებში „გაბრწყინებული“ ბიჭების, იმედია ახალ გუნდში ექნებათ სათამაშო პრაქტიკა