ჩემპიონატები

19:30 | 16.04.2018 | ნანახია 2696 - ჯერ

იტალიელები აღარ ხუმრობენ: “ბენეტონმა” “ლენსტერი” დაამარცხა, “ძებრემ” – “დრაგონსი” (+VIDEO)

იტალიური რაგბის პროგრესი აშკარაა. მართალია, “აძურიმ” 2018 წლის 6 ერში ყველა შეხვედრა წააგო, თუმცა ეს ამ ფაქტს არ ცვლის. აპენინის ნახევარკუნძულის ბინადრები ყოჩაღობენ სხვადასხვა ასაკობრივ დონეებზე: 20-წლამდელთა 6 ერში უელსს და შოტლანდიას მოუგეს, ხოლო ირლანდიასთან მხოლოდ 4 ქულით წააგეს და 11 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს. 18-წლამდელთა ნაკრებმა კი 6 ერის ფესტივალზე ინგლისი 32:30 დაამარცხა და ირლანდიასთან 17:20 წააგო. მოკლედ, ჩანს, რომ “აძურის” მშვენიერი თაობა მოსდის.

ახლა კი, იტალიელთა საკლუბო წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ. გასულ სეზონში პრო 12-ში “ძებრემ” 3 მატჩი მოიგო და ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო “ბენეტონმა” 5 და თანამემამულეების გარდა, მხოლოდ “დრაგონსს” აჯობა. აი წელს კი, იტალიელებმა ძალიან მოუმატეს და აწ უკვე პრო 14-ში შესანიშნავად ასპარეზობენ.

შაბათს ორივე იტალიურმა გუნდმა იმარჯვა. “ძებრემ” უელსურ “დრაგონსს” უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდგომ 10:26-ს აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშის სცენარის შეცვლა მოახერხა და საბოლოოდ 34:32 იმარჯვა. “ძებრე” “ა” ჯგუფში ბოლო მე-7 ადგილს იკავებს, თუმცა მათი წინ სვლა აშკარაა: ხუთი მატჩი აქვთ მოგებული, შარშანდელზე 8 ქულით მეტი აქვთ მოპოვებული და ერთი მატჩი კიდევ სათამაშო აქვთ.

“ბენეტონს” კი გაცილებით კარგი შედეგი აქვს. ტრევიზოს მკვიდრს 11 მატჩი აქვს მოგებული, რაც წინა სამ სეზონში ერთად გაეხერხებინა. კირან კროულის გუნდმა შაბათს ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა: გასვლაზე უძლიერესი “ლენსტერი” 17:15 დაამარცხა. მართალია, ირლანდიური გუნდი გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა, რადგან მომავალ შაბათს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში “სკარლეტთან” შეხვედრა უწევთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, “ბენეტონის” გამარჯვება მაინც ძალიან დიდი სენსაცია გახლდათ და ეს ევროპული ტოტალიზატორების კოეფიციენტებიდანაც მშვენივრად ჩანს – იტალიელთა მოგება 21.0-ით ფასობდა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა კლუბებმა დუბლინში პირველად იმარჯვეს და ამის გაკეთება მე-18 ცდით მოახერხეს.

როგორც აღვნიშნეთ, “ბენეტონმა” მე-11 შეხვედრა მოიგო, აქედან 3 მატჩი ზედიზედ. კლუბი “ბ” ჯგუფში 54 ქულით მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ “ალსტერს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში კი იტალიურ დერბის ვიხილავთ: “ბენეტონი” “ძებრეს” უმასპინძლებს.

ფაქტია, რომ იტალიელთათვის ამ გათამაშებაში საუკეთესო წელია. “ბენეტონი” “კელტების ლიგაში” 2010 წელს ჩაერთო და საუკეთესო შედეგი 2012/2013 წლების სეზონში ჰქონდა – 10 მოგება, 2 ფრე და 10 წაგება – 50 ქულა, ხოლო “ძებრე” 2012/2013 წლებიდან თამაშობს და მათი საუკეთესო შედეგიც 5 მატჩის მოგება იყო, რომელიც უკვე გაიმეორეს. “ძებრეს” ჩართვამდე კი, პრო 12-ში ორი სეზონი სხვა იტალიური კლუბი “აირონი” თამაშობდა, რომელმაც პირველ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, მეორე წელს კი 4 თამაში მოიგო, მაგრამ სეზონის დასრულების შემდგომ ფინანსური პრობლემები შეექმნა და საკუთარი ადგილი “ძებრეს” დაუთმო.

რომ გავიხსენოთ წლევანდელი 6 ერიც, ყველა მატჩის წაგების მიუხედავად, იტალიაზე ცუდი ნაკლებად ითქმის, რადგან შარშანდელთან შედარებით გუნდმა აშკარად უკეთესი თამაში აჩვენა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ “აძური” ნელ-ნელა ტემპს უმატებს და ამ მხრივ ტიერ 1-ის გუნდებთან გათანაბრებას ცდილობს, რაც ამ ეტაპზე უკეთ ჩანს პრო 14-ში და ასაკობრივ ნაკრებებში, ხოლო ძირითად ნაკრებში ჯერჯერობით ეპიზოდურია, მაგრამ თუ ასე განაგრძეს, მალე ბევრ ძლიერ გუნდს შეუქმნიან პრობლემას და პრინციპში უკვე შეუქმნეს კიდეც: 6 ერის ბოლო ტურში სულ ცოტა დააკლდათ შოტლანდიის დამარცხებამდე: გრეიგ ლეიდლოუმ გამარჯვების მომტანი ჯარიმა მხოლოდ 78-ე წუთზე გაიტანა და “ნარშავებმა” 29:27 მოიგეს. იტალიას შოტლანდიისთვის ადრეც მოუგია, მაგრამ მაშინ მათ სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ, ახლა კი შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, რაზეც ბოლოდროინდელი შედეგები მეტყველებს: ინგლისთან მოგება, ავსტრალიის ზედიზედ ორჯერ დამარცხება და ა.შ.

იტალიელთა პროგრესის მთავარი დამსახურება კი ალბათ სწორედ ამჟამინდელ პრო 14-შია. შეუძლებელია, ძლიერ საკლუბო ჩემპიონატში თამაშის გარეშე უმაღლეს დონემდე ასვლა. ისიც აშკარაა, რომ “აძურის” უმაღლეს დონემდე ბევრი უკლია, მაგრამ პროგრესი რომ აშკარაა, ეს ცხადია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, იტალიელთა უკანახაზის განვითარება, მატეო მინოცის ნაირი ახალგაზრდების გამოჩენა, რომელთა გაზრდაც და კლასის ამაღლება პირველ რიგში ძლიერ საკლუბო ჩემპიონატს უკავშირდება და ალბათ შეუძლებელია, ამის გარეშე უმაღლესი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბება. მოკლედ, 6 ერში ყველა მატჩის წაგების მიუხედავად, იტალიელთათვის აშკარად კარგი სარაგბო სეზონი იყო და სარაგბო სამყარომ დაინახა, რომ იტალია ერთ ადგილას არ დგას.

აქვე გთავაზობთ პრო 14-ის ორივე მატჩის მიმოხილვას:

ლენსტერი - ბენეტონი 15:17

ძებრე - დრაგონსი 34:32


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:50 | 16.04.2018
ICEMAN (162)

ისე 6 ერიდან მაგარ ფორმაში რომელიცაა მაინდამაინც იმასთან გვათამაშებენ ხოლმე ეტყობა მაგრად შევაშინეთ გაფარჩაკებულ შოტლანდიასთან ერთი არ გვათამაშეს და სასწაულ ფორმაში რომ შევიდა მაშინ დაგვახვედრეს, ახლა იტალია რომელიც წლებია გაფარჩაკებული იყო და არ შეგვახვედრეს და მაინდამაინც ახლა გვახვედრებენ რომ მოძლიერდნენ, არაუშავს სწორედ ამ დროს უნდა მივადუღოთ თავისივე მოედანზე

0.124374