ქართული

14:59 | 16.04.2018 | ნანახია 911 - ჯერ

პრო დ2: მინუს 2 ქართველი, პლუს რამდენი?

საფრანგეთში დასრულდა მეორე ელიტური დივიზიონის - პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი. ვინ გადავა მთავარ ლიგაში, ეს მოგვიანებით გაირკვევა - ტოპ 14-ის საგზურებისთვის პლეი-ოფში 6 გუნდი იბრძოლებს. აი, ფედერალ 1-ში გავარდნილების ვინაობა კი უკვე ცნობილია. გაირკვა, რომ პრო დ2-ს "დაქსი" და "ნარბონი" დატოვებენ. ეს ნიშნავს, რომ ლიგას 2 ქართველი მორაგბე გამოაკლდება - "დაქსის" მარჯვენა ბურჯი, 34 წლის ელიზბარ ყუფარაძე (3 კეპი საქართველოს ნაკრებში) და "ნარბონის" მესამეხაზელი, 27 წლის ბექა ბიწაძე (26 კეპი).

პლეი-ოფი შემდეგი სქემით ტარდება: მე-4 ადგილზე გასული გუნდი მე-5-ადგილოსანს მასპინძლობს, მესამეადგილოსანი - მეექვსეადგილოსანს. პლეი-ოფის ნახევარფინალში პირველი წყვილის გამარჯვებულს რეგულარული ჩემპიონატის მომგები გუნდი უმასპინძლებს, ხოლო მეორეადგილოსანი - წინასწარი პლეი-ოფის მეორე წყვილში უძლიერესს. ნახევარფინალის გამარჯვებულები ტულუზაში ფინალში ითამაშებენ, რომლის გამარჯვებულიც ტოპ 14-ში ავა, ხოლო დამარცხებული გუნდი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსანს დაუპირისპირდება.

აქე კალენდარიც:

წინასწარი პლეი-ოფი

21 აპრილი. 17:15. "სტად გი-ბონიფასი", მონ-დე-მარსანი.

მონ-დე-მარსანი - ბეზიე

21 აპრილი. 21:00. "სტად დეზ ალპი", გრენობლი.

გრენობლი - ბიარიცი

ნახევარფინალი

28 აპრილი. 20:00. "სტად საპიაკი" მონტობანი

მონტობანი - II წყვილის გამარჯვებული

29 აპრილი. 16:15. "სტად ემე-ჟირალი", ბიარიცი

ბიარიცი - I წყვილის გამარჯვებული

ფინალი

6 მაისი. 17:00. "სტად ერნე-ვალტონი", ტულუზა

პლეი-ოფში ქართველები არ ითამაშებენ: ბექა გორგაძეს (11 კეპი) ტრავმა ჯერაც არ მოუშუშებია და "მონ-დე-მარსანს" ამ სეზონის გადამწყვეტ ფაზაშიც ვერ დაეხმარება, თანაც მომავალი სეზონიდან ბექა კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს, მთავარია ჯანმრთელად იყოს; "გრენობლი" კი კიდევ ერთ ბექას მოისაკლისებს: ბურჯ ბექა გიგაშვილს, რომელმაც სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ისიც ვთქვათ, რომ გიგაშვილმა გრენობლელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჩვენთვის საინტერესო ისიც უნდა იყოს, რომ ტოპ 14-ის "აჟენის" მარცხენა ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ ხელშეკრულება "ბიარიცთან" დადო და მომავალ სეზონში ამ სახელოვანი კლუბის ღირსებას დაიცავს.

ერთიც: უკვე გაირკვა ფედერალ 1-დან პრო დ2-ში ამოსული ერთი გუნდის ვინაობაც. ესაა "პროვანსი", რომელშიც არცერთი ქართველი არ ირიცხება. მეორე საგზურისთვის ბრძოლას "ალბი", "ბრესანი", "რუანი" და "ტარბი" გააგრძელებენ. "ალბის" ღირსებას 26 წლის ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი იცავს, "ტარბში" კი ერთბაშად 3 ჩვენებური პირველხაზელია - 36 წლის ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით დადუნაშვილი (29 კეპი), 33 წლის კახაბერ კობერიძე და 26 წლის ნიკოლოზ კაზალიკაშვილი. ხოლო "ბრესანმა" და "რუანმა" პლეი-ოფს ქართველთა დახმარების გარეშე უწიეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.051624